ზაზა ფაჩულია: ძნელია ასეთი რამის გადაყლაპვა

AutoSharing Option
განვლილ უქმეებზე ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსმა" ორი მატჩი ჩაატარა და მოგება-წაგებები გაცვალა. "ხარირმებმა" ჯერ "მგლებს" უმასპინძლეს და შინ "კუდამოძუებულები" გააბრუნეს - 98:84 აჯობეს "მინესოტას", შემდეგ კი "ხარებს" ესტუმრნენ და ვერას გახდნენ ჩიკაგოელთა ლიდერ პაუ გასოლთან - "ბულსმა" 95:87 გაიმარჯვა.

ძალების გამოზოგვით
"ნიუ-იორკთან" ერთად, "მინესოტა" NBA-ს წლევანდელი სეზონის აუტსაიდერია (5 მოგება). ამიტომ მილუოკის "ბრედლი სენთერში" შეკრებილი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი სულაც არ იყო, პირველი ტაიმის შემდეგ "ხარირმები" 53:38-ს რომ იგებდნენ. მესამე პერიოდში ფაჩულიამ თავის მონაგარს 4 ქულა შემატა, ჯამში 8 ქულა და 9
მოხსნა დაუგროვდა და მეოთხე რაუნდის წინ მატჩის თვითმხილველი ქართველი ქომაგი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ზაზა ამ შეხვედრასაც ორმაგი დუბლით დაამთავრებდა.

თუმცა მეოთხე პერიოდში იგი მწვრთნელს მოედანზე აღარ გამოუყვანია და ზაზასაც ბოლომდე შერჩა 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა (24 წუთში).

ალბათ, გაინტერესებთ, ბოლო რაუნდში რატომ თქვა ქართველი ცენტრის სამსახურზე უარი ჯეისონ კიდმა. საამისოდ მას მიზეზები საკმარისზე მეტი ჰქონდა: ჯერ ერთი, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და გუნდთან შესათამაშებლად მოედანზე ვეტერანი ახალწვეული კენიონ მარტინი გაიყვანა; და მეორე - მომდევნო დღეს "მილუოკის" მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა ჩიკაგოში, "ბულსთან", რომელშიც ზაზას გაცილებით სერიოზული ცენტრების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.

პაუუუ...
ურთიერთშეხვედრამდე "ბაქსი" და "ჩიკაგო" აღმოსავლეთის კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეზობლები იყვნენ. "ხარებს" 25 მოგება ჰქონდათ და მეხუთე პოზიციაზე იყვნენ, ხოლო "ხარირმებს" მეექვსე ადგილი ეკავათ (20 მოგება). გამოცხადდა, რომ ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა ჩიკაგოელთა გამთამაშებელი დერეკ როუზი, რის გამოც უკანა ხაზში მცირე პრობლემები შეიქმნა. ამით კარგად სარგებლობდნენ ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები, მაგრამ...

...მაგრამ ხომ გინახავთ შემთხვევა, ამა თუ იმ კალათბურთელს მოედანზე ყველაფერი რომ გამოსდის? მარჯვენა ფეხზეა ამდგარიო, რომ ამბობენ? სწორედ ჩიკაგოს ესპანელი მეფარის, პაუ გასოლის დღე იყო 10 იანვარი. მხოლოდ იღბალს ნუ დავაბრალებთ პაუს გაბრწყინებას, ვარსკვლავი კი არა, სუპერვარსკვლავი უნდა იყო, ცენტრის პოზიციის კაცმა NBA-ში 46 ქულა (18 მოხსნა) რომ ჩააგდო.

ქართული ფილმის გმირ კოსტაიასავით ციბრუტივით ტრიალებდა 34 წლის, 213 სმ სიმაღლის ესპანელი. 46 ქულა მისი პირადი რეკორდია. მანამდე NBA-ში 44 ჰქონდა ჩაგდებული.

გასოლის მეურვეობა თავიდან ფაჩულიას დაევალა. ქართველის გარდა, ჯონ ჰენსონი, ხანაც ჯარედ დადლი იჭერდნენ... თუმცა, როგორ გინდა გააჩერო კაცი, რომელიც ხან ფარის ერთ მხარეს ამოყვინთავდა, ხან მეორეს, ხან პერიმეტრთან ახლოს იღებდა ბურთს, ხან საშუალო დისტანციიდან სტყორცნიდა; კაცი, რომელსაც იმ დღეს ყველაფერი გამოსდიოდა?!

"ძნელია ასეთი რამის გადაყლაპვა, პაუ გასოლთან თამაში არასოდეს დამავიწყდება და დადებითი კუთხით, ცხადია, ვერასოდეს გავიხსენებ, - ამბობს ზაზა ფაჩულია. - ესპანელის შესაჩერებლად სხვადასხვა ხერხი გამოვიყენეთ, მაგრამ შედეგი ვერცერთმა გამოიღო. კარგია, რომ NBA-ში ვთამაშობთ, ამ ლიგაში მალევე მოგვიწევს ერთმანეთის წინააღმდეგ ხელახლა წარდგომა".

ასეა თუ ისე, "მილუოკი" ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა გამარჯვების შანსს და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით დამარცხდა. ზაზა ფაჩულიას მონაგარი ასეთი იყო: 25 წუთი, 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

"ბაქსს" სადღეისოდ 20 მოგების წილ 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას "მილუოკი" 15 იანვარს ლონდონში გამართავს. მისი მეტოქე "ნიუ-იორკი" იქნება.

ბოლო დროს NBA-ს გუნდები ხშირად ჩამოდიან ევროპაში, რაც მარკეტინგულად კარგად გათვლილი და კალათბურთის გლობალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, სამშობლოში მივემგზავრები. მართალია, ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თვითმფრინავით ოთხსაათიანი სავალია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი მეგობრები და ნაცნობები ლონდონში გასამართ შეხვედრას დაესწრებიან.

12 წელია ამერიკაში ვთამაშობ და პირველად მიწევს NBA-ს მატჩის ევროპაში ჩატარება, - განუცხადა ფაჩულიამ გამოცემა "მილუოკი სენტინელს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლონდონშია "მილუოკის" მორიგი მატჩი?:)
არა დასაბეჭდად -მადლობა, მაგრამ... :)
15:15 12-01-2015
0
კარგია
ჯ.ჩ.
16:36 12-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული