ზაზა ფაჩულია - 81:83...

AutoSharing Option
31 დეკემბერს "ატლანტა ჰოქსი" "ოკლაჰომას" ესტუმრა და შინ გაწბილებული გაბრუნდა.

მასპინძლებმა პირველივე პერიოდში უჩვენეს, რომ შედარებით უკეთესი გუნდი ჰყავთ - საწყისი მეოთხედი 33:24 მოიგეს. "ატლანტას" შემტევებს მწყობრად მოთამაშე ოკლაჰომელების წინააღმდეგობის დაძლევა გაუჭირდათ: მეოთხედის ბოლო 4 წუთში მხოლოდ ზაზა ფაჩულიამ ჩააგდო ოთხი საჯარიმო და სირენასთან ერთად ჯამალ კროუფორდმა სამიანი შეაშველა.

მესამე პერიოდის ბოლომდე ატლანტელებმა მასპინძლებს "კუდში" სდიეს, მეოთხედის დასრულებამდე 1:53 წუთით ადრე ზაზამ ორქულიანით სხვაობა 5-მდე შეამცირა (75:80), რასაც ჯონსონის და კროუფორდის ზუსტი ტყორცნები მოჰყვა (საპასუხოდ ჰარდენმა სამქულიანი ჩააგდო).

მეოთხე რაუნდი
ფაჩულიამ გახსნა - 81:83. ეს იყო და ეს, მომდევნო 6 წუთში "ატლანტამ" თამაშიდან ქულა ვერ ჩააგდო, "ოკლაჰომა" 10:2 წინ გაიჭრა და 93:83 დაწინაურდა. როგორც წესი, მატჩის ბოლო წუთებს "ატლანტა" ერთი შემადგენლობით ატარებს: ჯონსონი, ბიბი, კროუფორდი, სმიტი, ჰორფორდი. ხუთივე კარგი მსროლელია, თუმცა ამჯერად თამაშის შემოსატრიალებლად ძალა არ ეყოთ.

"ოკლაჰომას" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს რასელ უესტბრუქმა (23 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი) და კევინ დურანტმა - 33 ქულა. "ატლანტას" 26 ქულით შეეწია სათადარიგო ჯამალ კროუფორდი. "ოკლაჰომას" სათადარიგოების მონაგარს რომ გადახედოთ, ნამდვილად შეგშურდებათ: სამმა კალათბურთელმა 26-30 წუთი ითამაშა, ერთმა - 11 წუთი. ცხადია, ყველა მათგანი მწვრთნელის ნდობას გრძნობს და შესაძლებლობების გამოვლენაც არ უჭირს. "ატლანტაში" კი ერთადერთი სათადარიგოა, რომელსაც მწვრთნელი სათანადოდ ენდობა - კროუფორდმა 37 წუთი ითამაშა. დანარჩენმა ოთხმა შემცვლელმა - 4-დან 15 წუთამდე. მათ ზოგ მატჩში 10-ზე ნაკლები დრო ეძლევათ.

სათადარიგოების არასათანადოდ გამოყენებაზე კი ვლაპარაკობთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჰოქსის" სასტარტო ცენტრად თამაშობს კალათბურთელი, რომელიც სეზონში საშუალოდ 2.2 ქულასა და 2.1 მოხსნას აგროვებს: ჯეისონ კოლინზი კარგი ადამიანია, მაგრამ სასტარტოსთვის ზაზა ფაჩულია უფრო გვემეტება. "ოკლაჰომასთან" კოლინზმა 22 წუთში 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მაშინ, როცა ფაჩულიას 15 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

"ატლანტა ჰოქსი" 2011 წელს მეხუთე ადგილზე (აღმოსავლეთის კონფერენციაში) შეხვდა - 21 მოგება, 14 წაგება. მეოთხეა "ორლანდო" (21 გამარჯვება, 12 მარცხი).

"ატლანტა" წლის პირველ მატჩს დღეს გამთენიისას გამართავდა - ლოს ანჯელესში "კლიპერსთან" უნდა ეთამაშა.

ოკლაჰომა-ატლანტა 103:94
ზაზა ფაჩულია: 14:43 წუთი, 8 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი.

ქრონოლოგია
I პერიოდი
03:34 ზაზამ სმიტი შეცვალა
02:40 ორქულიანი: არაზუსტი
02:39 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
02:39 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 19:27)
01:51 ფოლი: 1
01:36 ორქულიანი: არაზუსტი
00:59 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 21:31)
II პერიოდი
10:21 ორქულიანი: არაზუსტი
09:46 ჩაჭრა: 1 (კოლისონს ჩაუჭრა)
09:46 ჯონსონმა ზაზა შეცვალა
01:02 ზაზამ კოლინზი შეცვალა
III პერიოდი
03:12 ზაზამ კოლინზი შეცვალა
01:53 ორქულიანი: 6ქ (75:80)
01:28 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
IV პერიოდი
11:43 ორქულიანი: 8ქ (81:83)
10:51 მოხსნა: შეტ-2, დაც-1
09:26 მოხსნა: შეტ-2, დაც-2
08:39 მოხსნა: შეტ-3, დაც-2
08:38 ორქულიანი: არაზუსტი
07:19 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული