ლევან შენგელია "კენტუკიდან": ტრავმებმა შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შემიშალა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ლევან შენგელია რამდენიმე წელია ამერიკის კოლეჯების ლიგაში ასპარეზობს. ამ სეზონში იგი ''კენტუკის'' ღირსებას იცავს.

12 მატჩიდან 8 სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მის ანგარიშზე 48 ქულა და 29 მოხსნაა. ამერიკულ გაზეთში ლევანის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის თარგმანსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ.

- როდის ჩამოხვედი ამერიკაში და "კენტუკიმდე" სად თამაშობდი?
- აშშ-ში 2009 წელს გადმოვედი. კოლეჯების ლიგამდე ვთამაშობდი "მეინე სენტრალის" ინსტიტუტის გუნდში, შემდეგ "როდ აილენდის" კოლეჯში ჩავირიცხე, თუმცა ტრავმებმა შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შემიშალა და მესამე წელს "ოდესის" კოლეჯში გადავედი, ტექსასის
შტატში. გასული, 2013-14 წლების სეზონი "ალბანის" უნივერსიტეტში გავატარე, წლეულს კი, თავადაც მოგეხსენებათ, "კენტუკიში" ვარ.

- სწავლა და კალათბურთის მაღალ დონეზე თამაში რამდენად შეთავსებადია?
- მართლაც რთულია, მით უმეტეს, რომ ხშირად გვიწევს სხვა ქალაქში გამგზავრება საკალათბურთო მატჩების ჩასატარებლად, თუმცა შეუძლებელი არაფერია. შრომა ნამდვილად ღირს. კალათბურთი კოლეჯებში ძალიან უყვართ და მოთამაშეები დაახლოებით ისეთი პოპულარობით სარგებლობენ, როგორც "სელებრითები". ჩემს მაგალითს მოგახსენებთ: ამერიკაში ჩამოვედი როგორც კალათბურთის სათამაშოდ, ასევე სასწავლებლად. ევროპაში პროფესიონალი კალათბურთელობა და ამავე დროს მაღალ დონეზე სწავლა შეუძლებელია. აშშ-ში კი სისტემა კარგადაა აწყობილი, შეგიძლია თან ისწავლო, თან საკალათბურთო ცოდნა და მონაცემები განივითარო. თუ საკმარისად ნიჭიერი ხარ, უმაღლესი ხარისხის დიპლომის მიღება ცენტის გადაუხდელად შეგიძლია.

- ამერიკა კულტურულად განსხვავებული ქვეყანაა?
- ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებული ნამდვილად არის, განსაკუთრებით ჩემი სამშობლო საქართველოსგან, რომელიც საკმაოდ ტრადიციული ქვეყანაა.

- ამერიკული სკოლებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
- მეგობრული, თუმცა მეტად კონკურენტული ატმოსფერო.

- რას ურჩევდი ამერიკაში ახალ ჩამოსულებს?
- ყველას ვურჩევ შეინარჩუნონ საკუთარი თვისებები და, ამავე დროს, ამერიკელებს მეგობრულად მიუდგნენ. აშშ-ში ასეთ ურთიერთობებს დიდ პატივს სცემენ. ასევე ძალიან უყვართ საზღვარგარეთიდან ჩასული კარგი სპორტსმენები. მთავარი, რასაც ვურჩევდი, ინგლისური ენის რაც შეიძლება მოკლე დროში შესწავლაა.

- სპორტი და სახალისო ამბები განუყრელია...
- ბევრი საინტერესო ისტორიის გახსენება შეიძლება. ერთ-ერთ კოლეჯში ახალი მისული ვიყავი, როცა თანაგუნდელებმა ჩანთა დამიმალეს. ეს ერთგვარი ტრადიცია იყო - ახალწვეულებს ხშირად უმალავდნენ და ეუბნებოდნენ, დაიკარგაო. არადა, მთელი ჩემი დოკუმენტები ჩანთაში მქონდა. მწვრთნელმაც "დამამშვიდა" - ნუ ნაღვლობ, რაღაცას ვიზამთო... მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი, როცა სასტუმროში დავბრუნდი და ჩანთა იქ გამოაჩინეს.

- რისი გაღება შეგიძლია საკუთარი გუნდისთვის?
- ძალისმიერად ვთამაშობ, თანაგუნდელებს ენერგიით ვეხმარები, შემიძლია ლიდერობა... მოედნის გარეთ ყველასთან კარგად ვარ, საერთო ენის გამონახვა არავისთან მიჭირს. დანარჩენს მოედანზე ნახავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საერთო ენის გამონახვა არავისთან მიჭირს.)))))))))
and 2
22:09 19-02-2015
1
ლევანი თუ ნოდარი, საკითხავი აი ეს არის:)))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული