მარკოიშვილის ცსკა-მ ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდი" ოვერტაიმში დაამარცხა

AutoSharing Option
ევროლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ, თუმცა ჩვენი ნაკრების წევრები ერთმანეთს მოედანზე არ შეხვედრიან.

მიზეზი ლევან ფაცაციას არყოფნა იყო, რომელიც "ნიჟნი ნოვგოროდის" განაცხადში არ ყოფილა, როცა ამ გუნდმა მოსკოვში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს დიდი ბრძოლა გაუმართა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა და მისი ბედი დამატებით დროში, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა.

მოსკოველები, რომლებმაც მიმდინარე ევროლიგაში მარცხის გემო არ იციან, წაგებას გადაურჩნენ.

შეხვედრის ძირითად დროში ფრე დაფიქსირდა, დამატებით ხუთწუთეულში კი არმიელებმა მაინც იძალეს და 103:95 გაიმარჯვეს.

მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 8:31 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა
2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა და შეხვედრა 2 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა.

25 ქულით საუკეთესო ბომბარდირი მილოშ თეოდოსიჩი გახდა, ხოლო საუკეთესოდ ანდრეი ვორონცევიჩი დასახელდა 22 ქულითა და 9 მოხსნით.

ცსკა-მ ევროლიგის მე-2 ეტაპზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და F ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია, "ნიჟნი ნოვგოროდს" კი 2 მოგებით და 3 მარცხით მე-5 პოზიცია უკავია. 6 თებერვალს მოსკოველები პირეოსის "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებენ, ხოლო ნოვგოროდელები მალაგაში "უნიკახას" ესტუმრებიან.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული