ვიქტორ სანიკიძე: ექვსი ენა ვიცი და კიდევ რამდენიმეს შევისწავლი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "უნიკსის" კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელიც ტრავმის გამო დაახლოებით ორ თვეს დაისვენებს, რუსულ "ბიზნეს ონლაინის" რედაქციას ინტერვიუ მისცა.

სანიკიძემ გამოჯანმრთელების პროცესზე, 15 წლის ასაკში ამერიკაში მიღებულ სათამაშო გამოცდილებაზე, ხაჭაპურსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ილაპარაკა.

- უკვე ცნობილია ვადები, როდის შეძლებთ მოედანზე დაბრუნებას?
- ჯერჯერობით ექიმს უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება. დანამდვილებით ის შემიძლია გითხრათ, რომ მინიმუმ ორი თვე უქმობა მომიწევს. ალბათ, აპრილისთვის მწყობრში ვიქნები. სამწუხაროდ, გუნდს ევროთასზე პლეი-ოფში ვერ დავეხმარები.

- თქვენსავით გამხდარი მოთამაშეებისთვის ტრავმები ხშირია?
- საერთოდ, ტრავმას
არცთუ ხშირად ვიღებ, მაგრამ ახლა ასე მოხდა. მუხლზე პრობლემა კარიერის დასაწყისში, 2004 წელს მქონდა. მას შემდეგ უკვე 11 წელი გავიდა და ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ საწუწუნო მაქვს.

- არასდროს გაგჩენიათ სურვილი, მოგემატათ წონაში და ფიზიკურად უფრო ძლიერი ყოფილიყავით?
- ვერ ვიტყვი, რომ ამ მიზნით განსაკუთრებით ვიკვებებოდი და არაფერი გამოვიდა. საერთოდაც, არასდროს დამითმია განსაკუთრებული ყურადღება სპეციალური დიეტებისა და მსგავსი რაღაცებისთვის. იყო ერთხელ, ამერიკაში ყოფნისას ცოტა მოვიმატე, მაგრამ ეს იყო და ეს.

- მაგრამ ამ კომპლექტაციის პატრონმა 2008 წელს ფარი დააზიანეთ. თავს შაკილ ო'ნილად გრძნობდით?
- 2008-ში ფარი გავტეხე, 2015-ში კი - მხარი! განსაკუთრებული მაშინ არაფერი მომხდარა - ფარის დაზიანება ჩემი ბრალი არ ყოფილა.

- ჯეიმს უაიტი ამბობს, რომ განგებ არასდროს უვარჯიშია ნახტომზე. თქვენ?
- არც მე. ბავშვობაში ვხტუნავდი და შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოხდა. და არავითარი დამატებითი ძალისხმევა, რომ იტყვიან - ეს ბუნებისგანაა.

- როგორც წესი, ყაზანელი გულშემატკივრები Georgia Airlines-ს გეძახიან...
- ეს ჩემი საყვარელი თიკუნია, მიუხედავად იმისა, რომ ის არახალია. Air Georgia-საც არა უშავს...

- ყოველთვის თავდაჯერებული ხართ. თამაშის წინ შიში არასდროს გიპყრობდათ, თუნდაც კარიერის დასაწყისში?
- ნერვიულობა ყველას ახასიათებს, მაგრამ ამან უშუალოდ თამაშში ხელი არ უნდა შეგიშალოს. მგონია, რომ ცოტ-ცოტას ყველა ვღელავთ და ეს ნიშნავს, რომ სულ ერთი არაა, რა ხდება პარკეტზე.

- 15 წლისა ამერიკაში ცხოვრობდით, 18-ისას დებიუტი საფრანგეთში გქონდათ...
- ისე მოხდა, რომ 2004 წელს მოსკოვის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მოვხვდი, სადაც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გამოდიოდა. ამის შემდეგ ნიუ იორკის ერთ-ერთ კოლეჯში მიმიწვიეს და ისეთი წინადადებით მომმართეს, მასზე უარის თქმა ძნელი იქნებოდა. თუმცა, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამიღწერეს - სეზონი ვერც ჩავამთავრე, იმდენად ცუდად წარიმართა ყველაფერი.

- მშობლები - პროფესიონალი კალათბურთელები. ეს რას ნიშნავს, მკაცრ დისციპლინას?
- არაფერი მსგავსი. როცა წამოვიზარდე, დედ-მამა მაშინ უკვე აღარ თამაშობდნენ. მშობლებს დიდად არც სურდათ, მათ გზას გავყოლოდი. კალათბურთში უფროსი ძმის გამო მივედი. მან ჩემზე ადრე დაიწყო ვარჯიში და მას მივბაძე.

- ახლა სად თამაშობს თქვენი ძმა?
- მან კარიერა ტრავმის გამო დაასრულა.

- ოთხი ენა გცოდნიათ - ქართული, რუსული, ინგლისური, იტალიური...
- კიდევ ესპანური. ცოტა ფრანგულიც მესმის.

- ექვსი!
- როდესაც იტალიურსა და ესპანურ ენებს ფლობ, ფრანგული გიადვილდება. საერთოდაც, რაც მეტი ენა იცი, ახლის შესწავლა მით უფრო იოლია. გაჩერებას არ ვაპირებ და თუკი კარიერის დასრულების შემდეგ დრო მექნება, კიდევ რამდენიმეს შევისწავლი.

- შეადგინეთ შედარებით ადვილად შესასწავლი ენების თქვენეული რეიტინგი...
- რა თქმა უნდა, ყველაზე იოლი ინგლისურია. რუსული, ქართული და სხვათა შორის, ფრანგულიც, რთულია. იტალიური და ესპანური დაახლოებით ერთ დონეზეა და მათ ინგლისურის შემდეგ დავაყენებდი.

- უკვე 16 წლიდან თქვენთვის საქართველოს ნაკრები - გაცილებით მეტი გახდა, ვიდრე ორი სიტყვა...
- ეროვნული გუნდი ნებისმიერი ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ნაკრებში თამაშში ჩვენ არავინ არაფერს გვიხდის, მაგრამ ნებისმიერ კალათბურთელს, მიუხედავად იმისა, თამაშობს ნბა-ში თუ სხვაგან, ერთი სული აქვს, როდის გამოიძახებენ მთავარ გუნდში. თანაც, ჩვენ 16-17 წლიდან ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთი გვენატრება ხოლმე.

- 2008 წლის მოვლენების შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა...
- ეს ყველაფერი პოლიტიკაა. რუსების მიმართ როგორი დამოკიდებულებაც მანამდე მქონდა, ისეთივე მაქვს დღესაც. ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა.

პოლიტიკოსთა ნამოქმედარის გამო კი სირთულეები სპორტსმენებს გვექმნება, განსაკუთრებით, სავიზო საკითხებში. ამის გამო იყო, სეზონის დასაწყისში რამდენიმე თამაში რომ გამოვტოვე...

- გითქვამთ, რომ სპაგეტი გიყვართ. ქართული სამზარეულოდან რას გვირჩევდით?
- სპაგეტი ჩემი საყვარელი კერძია. მისი მიღება ყოველდღე შეიძლება და არც არასდროს მოგწყინდება! ქართული სამზარეულოდან ხინკალსა და ხაჭაპურს გირჩევთ, თუმცა მათი მირთმევა ყოველდღე არ გამოვა.

- მოასწარით "რუბინის" ქართველი ფეხბურთელების - საბა კვირკველიასა და მამუკა კობახიძის გაცნობა?
- ისე მოხდა, რომ ჯერ ვერა და იმედია, ახლო მომავალში ამას გამოვასწორებ. ახლა უკვე დრო ბევრი მაქვს. ვარჯიში არ მაქვს და ფეხბურთის მატჩებზეც შემიძლია წავიდე.

- ამდენ თავისუფალ დროს როგორ ანაწილებთ?
- ვუყურე ყველა სერიალს, რაც კი არსებობს. იძულებული ვარ, კალათბურთისგან შორს ვიყო. ნეტავ მალე შევძლო მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში.

- განსხვავებულ ევროპულ კლუბებში გითამაშიათ. ყაზანი რითია გამორჩეული?
- აქ ძალიან ცივა, მაგრამ უკვე მივეჩვიე. ახალ წელს საქართველოში ყველა იყინებოდა, მე კი - არა. რაც შეეხება თამაშს, აქ კარგი დონეა.

- თქვენი პროგნოზით, როგორი სეზონი ექნება "უნიკსს"?
- თუკი ტრავმები არ შეგვაფერხებს, ევროთასის ფინალში გასვლა სავსებით შეგვიძლია. ვი-თი-ბი ლიგაში წარმატება ძნელი იქნება, რადგან არცთუ სახარბიელო პოზიცია გვიკავია - მეექვსე ადგილზე ვართ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თაზო ვის მისამართიტ ისვრი მაგ სიტყვებს არ ვიცი მაგრამ მე აღვნიშნე რო ინგლისური არ არის მარტივითქო და ურთულეს ენებშია შეყვანილი და ამ კაცს ვანაცვალე მე კაი კაცია
dato
13:17 26-02-2015
0
გაიხარე და გაგვახარე ვიკა! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! გული არ გეტკინოს ასეთი ნაგავიცა გვყავს რას იზამ, დაიკიდე:)):)):))
თაზო
12:15 26-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული