ჭაბუკთა ევროლიგაზე ლუკა ბულაშვილის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
კალათბურთში ჭაბუკთა ევროლიგის გათამაშება დასრულდა. შეჯიბრება სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა და მასში ევროპის წამყვანი ქვეყნების კლუბები მონაწილეობდნენ. გამარჯვება არავის დაუთმეს მასპინძლებმა, "ცრვენა ზვეზდას" მოთამაშეებმა, რომლებმაც ფინალში თანამემამულე "პარტიზანს" ანგარიშით 73:51 სძლიეს.

ევროპის ჭაბუკთა საკალათბურთო ელიტაში ითამაშა ქართველმა ლუკა ბულაშვილმა, რომელიც ესპანეთის "კანარების აკადემიის" ღირსებას იცავს. კუნძულელებმა ტურნირის დასკვნით დღეს, მეხუთე ადგილისთვის მატჩში დანიურ "ვერლოსეს" ანგარიშით 74:67 აჯობეს. 9-ნომრიანი მაისურით მოასპარეზე ლუკა ბულაშვილმა დანიელებთან შედეგიანად ითამაშა, 28 წუთში 13 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი ჩაიწერა. სროლის სიზუსტე: 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3
სამიანი.

ჯგუფური ეტაპი "კანარიამ" მესამე ადგილზე დაასრულა, დაამარცხა იტალიური "ვენეცია" და დათმო სერბეთის "ზემუნთან" და "პარტიზანთან". ესპანელებმა შეჯიბრება "პარტიზანით" გახსნეს და 56:62 დათმეს. ლუკამ მოედანზე 12 წუთი გაატარა და 4 ქულას 2 მოხსნა შეაწება.

იმავე საღამოს კუნძულელებმა ვენეციელები "ჩაძირეს" - 71:68. ამ შეხვედრაში ბულაშვილმა მხოლოდ 9 წუთი ითამაშა. მატჩის ბომბარდირი 32 ქულით მისი თანაგუნდელი ჯორდან კონორსი გახდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "ზემუნის" ძლევა ბულაშვილის გუნდს მესამე საპრიზო ადგილისთვის თამაშის საშუალებას მისცემდა, თუმცა მასპინძლებმა ესპანელებს გამარჯვება არ დაუთმეს - 75:58. ამ შეხვედრაში ლუკამ მოედანზე 8 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ "კანარების აკადემია" ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობს და მეორე ეტაპის საგზური, ფაქტობრივად, დაბევებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული