ბექა ბურჯანაძემ ესპანური სეზონი 20 ქულით და გამარჯვებით დაასრულა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძემ სეზონი შედეგიანი თამაშით დაასრულა. ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ლაკორუნიულმა "ლეიმა ბასკეტმა" "პალენსიას" უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის დიდი დახმარებით დაძაბულ ბრძოლაში - 76:73 დაამარცხა.

მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. "პალენსიას" პლეი ოფში გასვლა განაღდებული ჰქონდა, ხოლო "ლეიმა ბასკეტს" რომც მოიეგო, საუკეთესო 9 გუნდში ვერ მოხვდებოდა. მიუხედავად ამისა, ბურჯანაძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და სეზონი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა.

ბურჯანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში, 25 წუთი ითამაშა და მატჩი 20 ქულით, 6 მოხსნით, 2 ჩაჭრით და 1 პასით
დაასრულა. ბურჯანაძემ 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მეორე შედეგიანი მოთამაშე "ლეიმა ბასკეტში" ბალკანელი ალექსანდრ პეტროვიჩი გახლდათ.

ბურჯანაძის გუნდმა სეზონი 12 მოგებითა და 16 მარცხით, მე-10 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში გამსვლელ მე-9 ადგილამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ლიგის გამარჯვებული "ბურგოსი" გახდა, რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური პირდაპირი გზით მოიპოვა, ხოლო მომდევნო 8 გუნდი კიდევ ერთი საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული