ზაზას ლოჟა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

AutoSharing Option
მე მომწონს მარჩინ გორტატი. მე ვგულშემატკივრობ ზაზა ფაჩულიას. მე ვთვლი, რომ ნიკოლა ვუჩევიჩი მომავალია. სამივეს თავისი მუღამი აქვს. სამივე ცენტრია. სამივე შეუცვლელია თავის ამბავში და თავის გუნდში. სამივეს აქვს პლიუსი და სამივეს აქვს მინუსი. და რეალურად, სამივე გუნდური მოთამაშეა. ნუ, იდეაში გუნდურია.

ახლობელთან ამ თემაზე ვსაუბრობდი და ზაზას, პოლონელი პანკის და ელეგანტური ნიკოლას პერლებზე ჭორაობის დროს, იმ ახლობელმა პატრიოტულად მომცელა - მე ზაზა ორივეს მირჩევნია. და რატომ გირჩევნია? ჩვენია, ტო! ყველაზე მარტივი და ქართული ახსნა მონახა, არა? ფაჩულია ჩემთვისაც ყველაზე
ახლოს არის, მაგრამ იმ ორს უამრავი უპირატესობა აქვს. საინტერესო თემაა. გავიაროთ.

მარჩინ გორტატი "ვაშინგტონის" ტერიტორიას აკონტროლებს. პოლონელი "ვაშინგტონის" ერთადერთი ნორმალური დამცველი და ერთადერთი კარგი პერსონალური მცველია.

ზაზა ფაჩულია "მილუოკის" ტერიტორიაზე პატრულირებს და ზაზა ბოლო ორ თვეში "მილუოკის" საუკეთესო მოთამაშეა. ზაზა ლიდერია. ზაზა ჯეისონ კიდის მეგობარია.

ნიკოლა ვუჩევიჩი "ორლანდოს" მოქნილი აზროვნებაა. ნიკოლას გუნდი ბევრს აგებს, ნიკოლას გუნდი მომავალია და ნიკოლა ამ მომავალს ასვენებს. ელეგანტური ნიკოლა კლასია.

გორტატი ათლეტია. კალათბურთელი და მოკრივე ერთ მოქნილ სხეულში. გორტატი იყო "ორლანდოს" მეორე ცენტრი და მარჩინი შეიცვალა. "ფინიქსში" გადასვლით მარჩინი უფრო თავისუფალი, უკომპლექსო მხეცი გახდა. გამოდის სანადიროდ და უკვე არჩევს, ვისი სიცოცხლე წაიღოს, ვინ დაგლიჯოს და ვისი სხეული უნდა გაცივდეს მარჩინის ტორებთან ახლო კონტაქტის შემდეგ.

გორტატმა ისწავლა აგრესიის გაკონტროლება და მხოლოდ იმაზე წყდება გული, რომ ამ ლიგაში არ არის დაშვებული ხელჩართული ბრძოლა. მარჩინი სოლიდურია. ძალიან სოლიდური.

ფაჩულია ადგილით გიგებს. ზაზას აქვს ძალიან კარგი ინტუიცია და ზაზა გრძნობს ეპიზოდს. ის იდგება იქ, სადაც ბურთი მივა, გადავარდება, ასხლეტით დაეშვება. ის წაიკითხავს ეპიზოდს და თავის გუნდს მეორე ფაზას შეუნარჩუნებს. ზაზა არასოდეს არ ყოფილა კარგი, სტაბილური დამცველი, მაგრამ ფაჩულიას სამწამიანში მაინც ერიდებიან და ზაზას პასი ამ სეზონში "მილუოკის" წარმატების უცვლელი ინგრედიენტი გახდა. ჯეისონ კიდის პიცაში ზაზას პასი უნდა იყოს. ამ პასის გარეშე ის პიცა არომატს კარგავს. ზაზას პასი "მილუოკის" მეტ თავისუფალ დერეფანს უხსნის. და გაუხსნის.

ვუჩევიჩი ყველაფერს აკეთებს. და ბევრ კომპონენტში ჯერ ძაან პატარა და გამოუცდელია. ნიკოლამ იცის, რომ დუაიტ ჰოვარდი სამწამიანიდან უნდა ამოწიოს, რომ იქ, სამწამიანში "ორლანდოს" პატარა ტიპები შევარდნენ და საქმე გააკეთონ. ვუჩევიჩმა იცის, რომ ცენტრებში ყველაზე კარგი საშუალო სროლა აქვს და ეს უნდა გამოიყენოს. ვუჩევიჩმა იცის, რომ მისი საკალათბურთო ერუდიცია ჯერ მინიმალურია. და ვუჩევიჩი ძალიან კარგი სტუდენტია. ბეჯითი სტუდენტი, რომელიც ლექციებს არ აცდენს.

ზაზა 31 წლის არის. გორტატიც. ნიკოლა 24 ოქტომბერს 25 წლის გახდება. პერსპექტივაში, ვუჩევიჩი ყველაზე პერსპექტიულია და ნიკის ფლორიდაში დარჩენა უნდა. ნიკი ფლორიდაზე შეყვარებულია და ყველა პაემანზე შეყვარებულს განსაკუთრებულ სტატისტიკას ჩუქნის. როგორც მოკლე დროის წინ, "მინესოტასთან". იქ ნიკიმ შეყვარებულს 37 ქულა და 17 მოხსნა აჩუქა. ფლორიდა გაწითლდა, ფლორიდამ თვალები მინაბა და ფლორიდა ბედნიერი იყო. ვუჩევიჩი კარგი კავალერია.

"ვაშინგტონმა" საკაიფოდ დაიწყო ეს რეგულარული. უფრო ხოშიანად გააგრძელა და შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ექსპერიმენტების სერია დაიწყო. და გორტატის დრო შემცირდა. და სეკვესტრში მარჩინის სტატისტიკაც აიჭრა. და მწვრთნელები უფრო მეტ დროს და ნდობას ერთჯერად კევინ სერაფინს აძლევენ. რომელსაც 1, 2, 5 მეტრიდან, ანუ ნებისმიერ სიტუაციაში ლიფსოს იმედი აქვს.

სერაფინი საყვარელი, ბუნჩულა ტიპია. მაგრამ საბავშვო ბაღის დირექტორის როლში შესულმა მწვრთნელმა მარჩინს აგრესია წაართვა. და "ვაშინგტონი" აღმოსავლეთის კონფერენციის პირველი ოთხეულიდან მოტეხეს. გორტატის დრო ბოლო თვენახევარში გაიზარდა და შესაბამისად, მარჩინმაც მეტი სკალპი შეაგროვა. მანიაკი-კოლექციონერი ნადირობის მეორე წრეზე წავიდა. და იმ წრეზე ის არ უნდა გააჩერონ. გორტატი ამ რეგულარულში საშუალოდ 11.9 ქულას, 8.7 მოხსნას, 1.3 დაფარებას იღებს. ძაან მაგარი პროცენტით თამაშიდან (56.3) და მარჩინი დაბრუნდა. ალბათ, "ვაშინგტონიც".

"მილუოკიმ" გენიალურად ჩაატარა რეგულარულის ერთი მონაკვეთი. 27 იანვრიდან 20 თებერვლამდე გუნდმა 9:1 დასვა. წააგო მხოლოდ "ჰიუსტონთან". და პროცესში, აარტყა "პორტლენდს", "ტორონტოს", ყველა მოსაგები თამაში მოიგო.

ფაჩულია ჯეისონ კიდის საუკეთესო მეგობარი, ყველაზე კარგი მრჩეველი და გუნდის ლიდერი გახდა. ზაზა იყო "მილუოკის" ყველაზე მოხუცი პერსონა მოთამაშეებში და ზაზა კიდის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ტიპი გახდა. ზაზას უსმენენ, ზაზას აზრს ითვალისწინებენ და ფაჩულია ლაპარაკის გამო არ ლაპარაკობს. ფაჩულია ტაქტიკოსი-ორატორია და ზაზას დარწმუნების ნიჭი აქვს. ზაზასთან ერთად მუშაობა საინტერესოა.

და იმ კარგი მონაკვეთით "მილუოკიმ" ფლეი ოფის ზონაში საკაიფო, რბილი სავარძელი მიიჩოჩა და შიგ ჩაეშვა. და გემრიელად ზის.

ფაჩულიას რეალურად არ ჰყავს შემცვლელი. ჯონ ჰენსონი ჯერ პატარაა და ლარი სანდერსი - ისტორია. "მილუოკი" ფლეი ოფში ერთი სანდო ცენტრით შედის და "ბაქსი" მზად არის.

"ორლანდოსთვის" რეგულარული დაწყებამდე მოყომარდა, დამთავრდა. "ორლანდო" მომავალია და იქ, ფლორიდაში ვუჩევიჩს შაკილ ო"ნილის და დუაიტ ჰოვარდის შემდეგ ახსენებენ.

"მეჯიქის" ისტორიაში არ იყო ბევრი ვარსკვლავი და ორი მამონტი ელეგანტურმა ნიკოლამ შეცვალა. 19.6 ქულა, 11.2 მოხსნა. და ვუჩევიჩს თითქმის ყველა გუნდთან აქვს საშუალოდ ორმაგი დუბლი. "პორტლენდთან" ორ ტესტში ნიკიმ 28.0 ქულა და 12.0 მოხსნა დაირტყა. სერიოზული სტატისტიკა. მართლა სერიოზული. და ნიკიც სერიოზული ბიჭია. ლიგის მომავალი. რომელიც ფლორიდაში დარჩება. ან, არ დარჩება.

მისტერ ვუჩევიჩი "ლეიკერსს" მოეწონა და თუ "ლეიკერსს" შენთან მეგობრობა უნდა, ეს შანსი უნდა გამოიყენო. ან, არ უნდა გამოიყენო და ფლორიდაში დარჩები. როგორც ღმერთი, რომელიც ყველასთვის ღმერთია.

ნიკოლა მალე არჩევანს გააკეთებს და ორლანდოში უნდა დარჩეს. მისთვის უკეთესი იქნება. ორლანდოში სიმშვიდეა და ჯეკ ნიკოლსონიც ჭკუას არ გასწავლის.

ზაზა ფაჩულია "მილუოკიში" დეკანია. და ზაზას უსმენენ. ზაზას ჯეისონ კიდიც უსმენს.

მარჩინ გორტატი "ვაშინგტონში" ტერორია. და პოლონელი ფლეი ოფში მოუმატებს. მაგრად.

ნიკოლა ვუჩევიჩი "ორლანდოში" მესია. ან ტაიგერ ვუდსი. და ბიჭი შემდეგი სეზონისთვის ემზადება.

ჩემი ახლობელი ამას ან წაიკითხავს, ან - არა. უფრო, არ წაიკითხავს, მაგრამ მაინც მეტყვის, ეს რა სისულელე დაწერე, ტო! ასეთია ის ახლობელი და ტიპი არ იცვლება. ყველაფერს თავისი მუღამი აქვს. როგორც ზაზა ფაჩულიას, მარჩინ გორტატს და ელეგანტურ ვუჩევიჩს. სამივეს აქვს პლიუსი და მე ეს პლიუსები მახსოვს.

ფლეი ოფს ველოდებით. მომავალ შეხვედრამდე.

ზურა თალაკვაძე

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორც ყოველთვის კარგ სტატიებს წერს ეს ადამიანი თავისი განსაკუთრებული წერის მანერით
irakli arqania
18:57 30-04-2015
0
ვუჩევიჩის შეტევა, გორტატის დაცვა და ზაზას პასი. და ეს ყველაფერი ერთ კაცში მარკ გასოლში როცა ის ფორმაშია
chiko
10:15 20-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული