12 წლის შემდეგ - მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
12-წლიანი შესვენების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს.

ქართველმა უკანახაზელმა ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირის ოთხთა ფინალში ბოლოს 2003 წელს, 17 წლის ასაკში ითამაშა. ევროსაკლუბო კალათბურთის ამ პიკზე მარკოიშვილი მეორედ მიმდინარე წლის 14-17 მაისს ავა, როცა მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილ ევროლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს.

მართალია, ოთხთა ფინალის საგზურის მომპოვებელ მატჩში ქართველ ლეგიონერს თავის გამოჩენის საშუალება თითქმის არ მისცემია, თუმცა მარკოიშვილი რომ ცსკა-ს სრულფასოვანი და ღირსეული წევრია, ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება.

ვითარებამ ასე მოიტანა, რომ მწვრთნელმა მანუჩარი
ათენში, მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში "პანათინაიკოსთან" 25 წამი ათამაშა. მარკოიშვილმა 1 სამქულიანის სროლა მოასწრო, თუმცა არაზუსტად.

შეხვედრა ცსკა-მ დამაჯერებლად - 74:55 მოიგო და სერიაში გამარჯვებაც მოიპოვა - 3:1. არმიელებს ულიდერა NBA-დან გადმობარგებულმა და აქამდე ფორმის აღდგენაზე მომუშავე ანდრეი კირილენკომ.

უნივერსალური რუსი ფორვარდი ბოლო მატჩებში სწრაფად უმატებდა და ათენში გამართულ შეხვედრაში საუკეთესო იყო - 13 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება.

ცსკა ოთხთა ფინალში სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" შეუერთდა. დარჩენილი 2 მეტოქე რამდენიმე დღეში გამოვლინდება. "რეალი" "ეფესს" 2:1 უგებს, ასეთივე ანგარიშით "ოლიმპიაკოსი" "ბარსელონას" ჯაბნის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული