"სევილიაში" კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გამოჩნდა

AutoSharing Option
ესპანურ "სევილიაში" ნიკა ცქიტიშვილი 2007 წელს თამაშობდა. ნიკა რომ წავიდა, ტაირონ ელისი ჩაირიცხა, რომელიც გუნდში ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძეს დახვდა. მიმდინარე სეზონის წინ ბექამ "სევილია" დატოვა და "კორუნიაში" გადავიდა, თუმცა ანდალუსიელები ჩვენიანის გარეშე არ დარჩენილან - საქართველოს პასპორტის მქონე ბენ ვუდსაიდი დაიმატეს. თებერვალში კი "სევილიაში" 17 წლის ქართველი გიორგი თვალაბეიშვილი ჩაირიცხა, რომელიც ესპანეთში 29 აპრილს ჩავიდა.

ზემოთ ჩამოთვლილ ქართველ თუ უცხოელ კალათბურთელებს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, გიორგი თვალაბეიშვილს კი დღეს გაგაცნობთ.

"კალათბურთის თამაში 12 წლისამ დავიწყე. მანამდე ჭიდაობაზე დავდიოდი, 6 წელი
მოჭიდავე ვიყავი. თუმცა ერთ დღეს, "პოსტსკრიპტუმში" ზაზა ფაჩულიას შესახებ რეპორტაჟი ვნახე და ძალიან მომინდა კალათბურთზე გადასვლა.

ჩემი სურვილი მამას ვუთხარი, რომელმაც რჩევა ვატო თევზაძეს ჰკითხა (ვატოს მამა ჩემი ნათლიაა). ვატოს დახმარებით გუნდ "ვერეში" აღმოვჩნდი, რომელსაც ალეკო ორმოცაძე წვრთნიდა. ესპანეთში წასვლამდე მასთან ვვარჯიშობდი".

"ვერე" "დინამოდ" იქცა და გიორგი თვალაბეიშვილი 16-წლამდელთა გუნდშიც ალეკო ორმოცაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. იგი მამუკა ტურაშვილმა დინამოს 18-წლამდელებსიც გადაიყვანა, ხოლო შარშან, საჩემპიონო სეზონში უმაღლესი ლიგის გუნდში ორი მატჩიც ითამაშა, "მაქაბისთან" და "რუსთავთან".

საინტერესოა, როგორ მოხვდა "სევილიაში"?

"ჩემი მენეჯერის, ლევან მიქელაძის დახმარებით, 5 თვის წინათ "სევილიაში" სინჯებზე ჩავედი. ესპანელებს მოვეწონე და ჩემი დატოვებაც გადაწყვიტეს, თუმცა საბუთების მოსაგვარებლად საქართველოში დავბრუნდი. ესპანეთში წასასვლელად თბილისში ვემზადებოდი.

მეორედ სევილიაში 29 აპრილს გავემგზავრე და გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოვასწარი, ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე გავემგზავრე, სადაც 32-მა გუნდმა მოიყარა თავი. ჩვენ კი, მეოთხე ადგილზე გავედით".

სევილიელებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიეს, მერვედფინალში "ნოვასკულის" დამარცხება არ გასჭირვებიათ - 81:59. ამ მატჩში თვალაბეიშვილმა 15 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. მეოთხედფინალში ანდალუსიელებმა "კანარების აკადემიას" 65:43 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ "რეალთან" 45:76 დათმეს.

გიორგი თვალაბეიშვილი საქართველოში, "დინამოს" მაისურით სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობდა, იყო მსუბუქი ფორვარდიცა და ცენტრიც. ახალ გუნდში ძირითადად მეოთხე-მეხუთე ნომრის ამპლუაში ირჯებოდა. იგი 208 სმ სიმაღლისაა და ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც მეფარისთვის საჭირო თვისებებს, ასევე ფორვარდისთვის საჭირო ტექნიკასა და სისწრაფეს.

როგორც თავად გვითხრა, სხვადასხვა ელემენტის დახვეწაზე დამატებით ავარჯიშებენ:

"დილას ინდივიდუალური წვრთნა მაქვს, ვვარჯიშობ სროლის ტექნიკაზე, დრიბლინგზე, მოძრაობაზე, სისწრაფეზე. მოედნიდან ტრენაჟორების დარბაზში შევდივარ. შუადღეს ვისვენებ და ესპანური ენის გაკვეთილებზე დავდივარ, საღამოს კი ისევ ტრენაჟორები და გუნდთან ერთად ვარჯიშია".

დატვირთული რეჟიმია, თუმცა ესპანელებმა იციან, როგორ იმუშაონ ამა თუ იმ კალათბურთელთან. მაგალითად, "სევილიის" ორი ახალგაზრდა წლეულს NBA-ს დრაფტზე დადგება - კრისტაფს პორზინგისი და ერნან გომესი. 216 სმ სიმაღლის ლატვიელი პორზინგისი ამერიკელ სკაუტთა დიდ ყურადღებას იქცევს. სხვათა შორის, იგი ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელი იყო. როგორც გიორგიმ გვითხრა, ბექას "სევილიაში" ყველა იცნობს და დიდ პატივს სცემენ.

გიორგი თვალაბეიშვილი აქამდე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, წლეულს კი 18-წლამდელებში მიიწვიეს. ესპანეთში 15 ივნისამდე ივარჯიშებს, ხოლო 15-დან თბილისში დაბრუნდება და ნაკრებს შეუერთდება. ჭაბუკებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ავსტრიის ქალაქ ობერვარტში (23 ივლისიდან 2 აგვისტომდე) ელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
`
მკითხველის კომენტარები / 4 /
warmatebebi zan gvemakeba seni midi gio yum,uri asaxele
romiko tvalabeishvili
21:38 30-05-2015
0
ჭინსვლას და წარმატებებს გისურვებ გიო
marika giorgadze
12:17 31-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული