ლუკა ამ ზაფხულს ბასკეთში "კანარების აკადემიიდან" გადავიდა. როგორც წესი, ახალწვეულებს იშვიათად ეძლევათ უმაღლესლიგურ გუნდებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ასე რომ, ლუკას ბასკების მთავარ გუნდში გამოჩენა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი საევროლიგე
სწორედ ასე იწყებდნენ სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების წევრები თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე...
ლუკას ესპანეთში დავუკავშირდით და პირველ რიგში, თოკოს შესახებ ვკითხეთ.
- თორნიკე შენგელიასთან ერთად თამაში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელის ოცნებაა, საბედნიეროდ, წლეულს სწორედ იმ გუნდში მოვხვდი, სადაც თორნიკე თამაშობს.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ბასკონიაში" ჩამოსულს დიდი ყურადღებით დახვდნენ. მეც ესპანეთში გავიცანი. თორნიკემ პირველივე ვარჯიშის შემდეგ წამიყვანა და ქალაქი დამათვალიერებინა. თან ბევრი საინტერესო რჩევა მომცა.
- კერძოდ?
- მითხრა, მთავარია არ მოგერიდოს და არ შეგეშინდეს. მართალია, გუნდში შედარებით დიდი ასაკისანი და დიდი გამოცდილებისანი არიან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - შენ შენი საქმე უნდა გააკეთო, არავისზე ნაკლები არა ხარო.
- "ბასკონიას" პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი გაიხსენე.
- მეორელიგურ კლუბს ვეთამაშებოდით. მწვრთნელმა 7 წუთი დამითმო. მოედანზე შესვლისთანავე სამქულიანის ტყორცნის საშუალება მომეცა და გამოვიყენე კიდეც. საინტერესო მატჩი გამოვიდა, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა.
ვეთამაშეთ გიორგი შერმადინის "ანდორასაც", თუმცა მწვრთნელმა ანდორაში არ წამიყვანა. როგორც ვიცი, გიორგიმ ძალიან კარგად ითამაშა. მე კი სწორედ იმ დროს 18-წლამდელებთან მქონდა ოფიციალური შეხვედრა და ჭაბუკთა გუნდთან ერთად ბილბაოში გავემგზავრე.
- ბილბაოში როგორ ითამაშეთ?
- გავიმარჯვეთ, მე კი 20 ქულა ჩავაგდე. ეს იყო პირველი მატჩი ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში. ამ შეჯიბრების მონაწილე გუნდები ჯერ რეგიონების გამარჯვებულებს არკვევენ, შემდეგ კი ფინალურ ეტაპს თამაშობენ. თითოეული რეგიონიდან დასკვნით ეტაპზე 2-2 საუკეთესო გადის. ჩვენ ჯერ ბასკეთის ჩემპიონატზე გამოვდივართ და ვიმედოვნებთ, რომ საუკეთესო ორ გუნდს შორის ადგილს არავის დავუთმობთ.
- საკონტროლო შეხვედრები თუ ჩაატარე ჭაბუკებთან ერთად?
- ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ.
- საკუთარი მონაგარი თუ გახსოვს?
- პირველში 18 ქულა ჩავაგდე, მეორეში - 24.
- ესპანეთში ბევრი გუნდი გამოდის ება-ს ლიგაზე, სადაც ძირითადად დუბლშემადგენლობები გამოდიან. "ბასკონია" თუ ითამაშებს ახალ სეზონში ამ ლიგაში?
- ჩვენი გუნდი ერთით მაღალ, ვერცხლის ლიგაში იასპარეზებს. იქაც მომიწევს თამაში, თუმცა, ჯერ ვერ მოვასწრი "ბასკონიას" დუბლშემადგენლობასთან ვარჯიში. ასე რომ, დღეს გამიჭირდება, ჩვენი გუნდის სიძლიერეზე მსჯელობა.
- ბოლოს ვთქვათ, როგორ მოხვდი ბასკეთში.
- გასულ სეზონში კანარების აკადემიაში ვთამაშობდი. სწორედ მაშინ მივიღე მოწვევა რამდენიმე კლუბიდან. მათ შორის მალაგიდან, მადრიდიდან. თუმცა ყველაზე საინტერესო ბასკონიელთა წინადადება იყო და კარიერის გაგრძელებაც ვიტორიაში გადავწყვიტე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ კალათბურთელის პროფესიულად განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"