აკადემია, "დალასი" და "ბორჯღალოსნები" - ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

AutoSharing Option
28 სექტემბრიდან თბილისში ზაზა ფაჩულიას აკადემია იწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ "კვირის პალიტრის" საიტი იუწყება.

18 აგვისტოს დიდუბეში მდებარე საკალათბურთო კომპლექსი ზაზას 50 წლით უსასყიდლოდ გადაეცა და მისივე სახელობის საკალათბურთო აკადემიამაც სწორედ იქ დაიდო ბინა. ამავე კომპლექსის ერთ-ერთ დარბაზში დაიგება NBA-დან გამოგზავნილი პარკეტიც, რომელიც, თავის დროზე, "მილუოკი ბაქსის" არენას ამშვენებდა...

"დიდუბის დარბაზის ჩემთვის გადმოცემა ევრობასკეტისთვის მზადების პერიოდს დაემთხვა და მაშინ დაწვრილებით ვერ გელაპარაკეთ. ახლა კი უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია 28 სექტემბერს (ინტერვიუ ჩაწერილია 26 სექტემბერს)
იხსნება.

ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, კიდევ რაღაც გავაკეთო ჩემი ქვეყნის და ქართული კალათბურთისთვის, ჩემი გამოცდილება გავუზიარო და სწორ გზაზე დავაყენო ახალგაზრდა კალათბურთელები. უკვე ვეღარც ვარჩევ, რა უფრო მეტად საპასუხისმგებლოა - ნაკრების კაპიტნობა თუ საკალათბურთო აკადემია...

ყველაფერს გავაკეთებ, ჩემმა აკადემიამ რაც შეიძლება ბევრ ნიჭიერ ბავშვს რომ მისცეს სწორად გაზრდის შესაძლებლობა...".

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ასევე ახალი კლუბის, "დალასის" შესახებ ისაუბრა:

"დალასი" გამორჩეულია კლუბის სტრუქტურით, ორგანიზებით, შემადგენლობით. ასეთი კლუბის წევრობა დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ჩემთვის! ანდა მეტი მოტივაცია რაღა საჭიროა, როცა ყოველდღე ვხედავ, როგორ თავდაუზოგავად შრომობს 37 წლის დირკ ნოვიცკი!

სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი".

ფაჩულია რაგბის მსოფლიოს თასსაც შეეხო და "ბორჯღალოსნების" შემართება აღნიშნა:

"ვამაყობ მორაგბეებით, რომლებმაც ბოლო წლებში ერთ-ერთმა პირველებმა გვიჩვენეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს სპორტულ წარმატებას ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის.

მორაგბეები ყველა თამაშში მოსაგებად იბრძვიან, ქართული სპორტი მთელ მსოფლიოს გააცნეს და მებრძოლი ხასიათი სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებსაც "გადმოგვდეს".

ავტორი: რატი შელეგია
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი კალათბურთელი და დიდი კაცი(არა მარტო ტანით:) ჩამოვთვალოთ, რამდენმა იშოვა დიდი ფული(ღმერთმა მეტი მისცეთ) და რამდენმა გააკეთა თუნდაც მცირედი თავისი ქვეყნისთვის
zzzz-71
08:08 29-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული