ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, საქართველოს ნაკრების მორიგი კალათბურთელის დღიური შემოგთავაზოთ. ეს კვირა განსაკუთრებით დატვირთული გიორგი შერმადინისთვისაა (ამაზე კონკრეტულად
ერთი დღე ბარსამდე
დღიურის შედგენა რომ შემომთავაზეს, თავიდან დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ჩამეწერა, რაზე გამემახვილებინა ყურადღება და რა იქნებოდა მკითხველისთვის საინტერესო. ამასობაში ვაჟამ მანუჩარ მარკოიშვილის დღიურის ორი გვერდი გამომიგზავნა, წავიკითხე და ძალიან დავინტერესდი - მანუჩარს მშვენივრად შეუდგენია დღიური. მინდა, ჩემი დღიურის წაკითხვის შემდეგაც მკითხველი კმაყოფილი დარჩეს.
***
ერთ მომენტში დავფიქრდი, რატომ შემომთავაზეს დღიურის შედგენა მაინცდამაინც ახლა, იანვარში?! ხომ შეიძლებოდა უფრო საინტერესო სეზონის დასკვნითი მონაკვეთი ყოფილიყო. თუმცა ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ეს კვირა მართლაც საინტერესოა, მოვლენებით საკმაოდ დატვირთულია.
დავიწყოთ ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბით - სამშაბათს ექიმებმა გვითხრეს, რომ ჩემი მეუღლე გოგონას ელოდება. ძალიან გაგვეხარდა;
ხუთშაბათს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ "ბარსელონას" ვუმასპინძლებთ;
შაბათს ადრიატიკის ლიგაზე მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის - "ჰემოფარმს" ვეთამაშებით;
კვირას, 30 იანვარს კი ევროპის ჩემპიონატის წილისყრაა. არავინ იცის ვინ მოხვდება ჩვენს ჯგუფში. არ ვიცი, 30-ში მეტოქეების ვინაობას რომ გავიგებ, რა შთაბეჭდილებებით დავიტვირთები, მაგრამ აზრს არც მერე შევიცვლი - ევროპის ჩემპიონატის ყოველ მატჩზე საბრძოლველად და მოსაგებად უნდა გავიდეთ, მნიშვნელობა არ აქვს მეტოქის ვინაობას.
***
კვირის დასაწყისიდან "ბარსელონასთან" მატჩისთვის ვემზადებით. ორშაბათს ჩვენი ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრის, "ბარსელონა"-"მაქაბის" ჩანაწერი გვიჩვენეს, რათა კატალონიელთა თამაშზე ზოგადი წარმოდგენა შეგვქმნოდა. სამშაბათს "ბარსელონასა" და "ბილბოს" შორის დაპირისპირება განვიხილეთ. დღეს, საღამოს ვარჯიშზე, ალბათ, "ბარსას" კალათბურთელებს კონკრეტულად დაგვიხასიათებენ, ვის რა პლუსი და მინუსი აქვს, უფრო ხშირად მარცხნიდან შედის, თუ მარჯვნიდან და ა.შ... მაგრამ, ვფიქრობ, პლუსებზე უფრო მეტს გველაპარაკებიან, ვიდრე მინუსებზე, რადგან საქმე "ბარსელონას" ეხება, გუნდს სადაც ევროპის საუკეთესო კალათბურთელები არიან თავმოყრილნი, ნავარო, ლორბეკი... სხვათა შორის, ერაზემ ლორბეკის უმცროსი ძმა კლემენი ჩვენთან, "ოლიმპიაში" თამაშობს, ერთი სული აქვს მისი ძმის გუნდი სლოვენიაში როდის ჩამოვა - უნდა მოვუგო და ბარსელონაში ისე გავუშვაო! ამ სეზონში ევროლიგაზე შინ არ წაგვიგია და მეც მინდა ტრადიცია არ დავარღვიოთ.
მოწინააღმდეგეთა პლუს-მინუსებზე რომ გველაპარაკებიან-ხოლმე, ყოველთვის მაინტერესებს, მეტოქის მწვრთნელი საკუთარ კალათბურთელებს ჩემს თამაშს როგორ უხასიათებს. მაგალითად რას ეუბნება "ბარსელონას" თავკაცი ხავიერ პასკუალი ბონიფაც ნდონგს, კოსტა პეროვიჩსა და ფრან ვასკესს ტანმაღალი ოლიმპიელების შესახებ. ...ბევრი რამ უშუალოდ თამაშისას გამოჩნდება.
***
ეს ჩანაწერები ოთხშაბათს შუადღისას შევასრულე, საღამოს ვარჯიშზე თუ რამე საინტერესო მოხდება ხვალ დავწერ. "ბარსასთან" მატჩის წინა დღეს, ოთხშაბათ დილას არაოფიციალური ვარჯიში გვქონდა - მწვრთნელმა გვითხრა, ვისაც გინდათ, მოდით და ივარჯიშეთო. მეც მივედი და სხვებთან ერთად ტყორცნებზე ვიმუშავე. შინ აქაური დროით 13:30 საათისთვის დავბრუნდი და ხარჩო დამხვდა. ჩემი მეუღლე ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს. მიყვარს წვნიანები, თან ორგანიზმისთვისაც საჭიროა. ხვალ შეგვიძლია ბორშზე დაგპატიჟოთ.
ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, დილის ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ვიძინებ ხოლმე. ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალება სწორედ ძილია.
გიორგი შერმადინი