ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი, თურქეთშიც მეზობლად

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე რამდენიმე წლის წინათ იტალიის ჩემპიონატში თამაშობდნენ, მანუ "კანტუს" ღირსებას იცავდა, ვიქტორი - "ვირტუსისას". ეს გუნდები სატურნირო ცხრილში თითქმის ყოველთვის ერთმანეთის გვერდით "ბინადრობდნენ".

სანიკიძემ და მარკოიშვილმა ახალი სეზონი თურქეთში დაიწყეს და მესამე ტურის შემდეგ კვლავ ერთმანეთის მეზობლები არიან.

ვიკას "ტედ კოლეჯმა" გუშინ "იესილგირესუნს" 80:74 აჯობა, ხოლო მანუს "დარუსაფაკამ" სტუმრად "უშაკთან" 70:72 დათმო. ამ შედეგების გათვალისწინებით, ისინი თურქეთის ჩემპიონატში ერთმანეთის გვერდით, მეათე-მეთერთმეტე ადგილებზე არიან (2-2 მარცხი, თითო გამარჯვება).

ყოველგვარი წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ "უშა
კი"-"დარუშაფაკას" მატჩში ერთი სასიამოვნო ამბავი კი მოხდა - სამმატჩიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც კუნთი ჰქონდა გაჭიმული და ექიმების მითითებით მკურნალობდა. მანუმ 12 წუთი ითამაშა, თუმცა მწვრთნელი მეტსაც ენდობოდა, ჯარიმებით რომ არ დატვირთულიყო. საბოლოოდ მან მოედანი ხუთი ფოლის გამო დატოვა. მანამდე კი 3 ქულისა და 1 მოხსნის ჩაწერა მოასწრო.

ანკარელთა რიგებში მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე კი "იესილგირესუნთან" ორთაბრძოლაში ორმაგ დუბლს მიუახლოვდა: 26 წუთი, 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა. მან 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

წინასწარ დავწერთ, რომ მომდევნო ტურის შემდეგ სანიკიძისა და მარკოიშვილის გუნდებს ქულათა თანაბარი რაოდენობა არ დარჩებათ. მიზეზს, ალბათ, მიხვდებოდით: "ტედ კოლეჯი" და "დარუშაფაკა" ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. შეხვედრა 1-ელ ნოემბერს, სტამბოლში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული