ზაზა ფაჩულია: "დალასის" მიზანი რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგებაა

AutoSharing Option
ამაღამ, საქართველოს დროით დილის 6 საათზე, ზაზა ფაჩულიას ოფიციალური დებიუტი ექნება "დალას მავერიკსში" - NBA-ს სეზონის პირველ თამაშს "დალასი" სტუმრად "ფინიქსთან" ჩაატარებს.

ზაზა ფაჩულია ამ შეხვედრას სასტარტო ცენტრფორვარდად ჩაატარებს და ალბათ, დიდი სათამაშო დრო ექნება, რადგან მისი შემცვლელი ჯეიველ მაკგი ტრავმირებულია. ზაზას მესამე ცენტრი, ტუნისელი სალაჰ მეჯრი შეცვლის ხოლმე.

ორშაბათის ვარჯიშზე ზაზა ფაჩულია რეპორტიორებს შეხვდა: "დიახ, სეზონი გრძელია, წინ 82 თამაშია, მაგრამ შორს მიმავალ გეგმებს არ ვსახავთ. ახლავე უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც შეგვიძლია, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად.

"ფინიქსთან" მთელი
შემართებით ვითამაშებთ და ვნახოთ, რა გამოვა. ბიჭები ერთ მუშტად ვართ შეკრულნი და ერთმანეთს დავეხმარებით. თუკი ვინმე მოიკოჭლებს, მას აუცილებლად დაეხმარება თანაგუნდელი.

სეზონს სამი საგარეო მატჩით ვიწყებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მოგებები დავიწყოთ. თანაც, სამივე შეხვედრა კარგ გუნდებთან გვაქვს, კარგი დაპირისპირებები გამოვა. "დალასის" მიზანი რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგებაა.

***
Beat Mavericks-ის საკალათბურთო მიმომხილველი ედი სეფკო სეზონის წინ "დალასის" შანსებს აფასებს და აქტუალურ კითხვებზე პასუხობს, რომელთაგანაც რამდენიმე შევარჩიეთ, რომელიც გუნდში ცენტრის პოზიციას და შესაბამისად, ჩვენებურს ეხება.

- გუნდში სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტ სათამაშო წუთს რომელი ცენტრი მიიღებს?
- სეზონის დასაწყისში წუთების დიდი ნაწილი ზაზა ფაჩულიას ერგება, რომელსაც ალბათ, დუაიტ პაუელი და შესაძლოა, სალაჰ მეჯრიც შეცვლიან ხოლმე.

სეზონის შუისთვის, თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ეს "მავერიკსის" ხელმძღვანელობას სურს, ჯეიველ მაკგი გახდება "დალასის" სასტარტო ცენტრი, რომელიც ალბათ დეკემბერში დაბრუნდება. ის ითამაშებს უფრო მეტს და ზაზა ფაჩულია მას შეცვლის. თუ ზაზა სათადარიგო ცენტრია, ეს გუნდისთვის დიდებულია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გყავთ ორი სტარტერი.

- რა პრობლემებს ელით "დალასში" ცენტრის პოზიციაზე? ვიცით, რომ ზაზა კარგია 20-25 წუთის თამაშისთვის, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ითამაშოს დანარჩენი დრო, შეძლებს კი მის შეცვლას პაუელი?
- ვნახოთ, ვნახოთ, თანაც, შესაძლოა, დირკ ნოვიცკიმ შეიცვალოს პოზიცია ხოლმე რამდენიმე წუთით. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წუთით შეშველება 29 წლის ახალბედას, მეჯრისაც შეუძლია, ის ხომ 7,2 ფუტია სიმაღლეში!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული