ზაზა ფაჩულია, დირკ ნოვიცკი და შინ შერცხვენილი "ლეიკერსი"

AutoSharing Option
ზაზა თუ კობი? კობი თუ ზაზა? კობი ბრაიანტი NBA-ს ცოცხალი ლეგენდაა, ზაზა ფაჩულია კი ამერიკელს სიკაშკაშეში ვერ შეედრება, თუმცა ჩვენი კობი ზაზაა.

ეს სიამაყით ნათქვამია, საქართველოს დარი პატარა ქვეყნისთვის ქართველი კალათბურთელის ბრაიანტის გვერდით სათამაშო ფოტოზე მოხვედრაც გასახარი უნდა იყოს, მაგრამ ფაჩულიას ადრე აქვს ნათქვამი - თუ საქმეს შევეჭიდები, ბოლომდე მაღალ დონეზე უნდა გავაკეთოო. მისთვის NBA-ში მოხვედრა არაფერს ნიშნავდა, ათწლეული ითმინა, ვიდრე იმას მიაღწევდა, რასაც დღეს აკეთებს.

რას? - იკითხავთ. პასუხი მარტივია: 16 ქულას და 12 მოხსნას ბრაიანტის "ლეიკერსთან", გადამწყვეტ მომენტში
გუნდისთვის საჭირო ქულების აუღელვებლად აგდებს და "დალასი" ლოს ანჯელესში 103:93 იგებს.

* * *
კარგია, რომ დასავლეთის კონფერენციაში მატჩები აღმოსავლეთთან შედარებით გვიან იწყება და ქართველ მაყურებელსაც დილის 4-ის ნაცვლად 6-7 საათზე შეუძლია გაიღვიძოს და "დალას მავერიქსის" მატჩებს მიადევნოს თვალი.

გუშინ, დილის 6:30-ზე ვინც გაიღვიძა, ნამდვილად არ ინანებდა - მატჩის პირველი ქულა ფაჩულიამ ჩააგდო, საწყისი მეოთხედი კი 5-5 ქულა-მოხსნით დაასრულა. თუმცა მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით მსჯელობა არ იქნება მართებული. ზაზას ისეთი ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, სტატისტიკაში არ ჩანს - NBA-ს ვარსკვლავი ცენტრის, როი ჰიბერტის მეურვეობა. როის ამ სეზონში საშუალოდ 11 ქულა აქვს ჩაგდებული, "დალასთან" კი 4-ს დასჯერდა...

ფაჩულიას შესახებ ბოლო წუთების განხილვისას კიდევ დავწერთ, მანამდე მოკლედ მოგახსენებთ, რომ პირველი წუთები სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა - "დალასმა" მატჩი 15:0 დაიწყო. მეორე რაუნდში ლეიკერსელებმა ჯულიუს რენდლის აქტიურობით თამაში გამოასწორეს, თუმცა სხვაობის შემცირება ძალიან უჭირდათ. ამის მიზეზი დალასელთა კარგი დაცვა და დირკ ნოვიცკის უზადო შეტევა იყო: 37 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა ახალგაზრდობა გაიხსენა - 5-დან 3 სამქულიანი, 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, საბოლოოდ კი 25 ქულამდე ავიდა.

არადა, არც ერთი ტყორცნა არ შეუსრულებია სრულიად თავისუფალს - ყველას კარგად მოეხსენება დირკის სნაიპერობის ამბავი და როგორც კალათბურთელები იტყვიან, მეტოქეები ყოველთვის "ხელზე ასხედან".

მეოთხე პერიოდის დასაწყისში "დალასი" 81:64-ს იგებდა. როცა მოედანზე ზაზა ფაჩულია დაბრუნდა, "ლეიკერსი" 10 ქულითღა მარცხდებოდა - 82:92. დარჩენილ 6 წუთში ტეხასელებმა 11 ქულა ჩააგდეს, საიდანაც 5 ქართული იყო. ზაზამ ხუთივე საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა. "ლეიკერსმაც" 11 ქულა მოაგროვა და, როგორც გითხარით, "დალასმა" 103:93 მოიგო. ბოლო წერტილიც ფაჩულიამ დასვა - საფინალო ანგარიში მისი საჯარიმოს შემდეგ დაფიქსირდა.

* * *
დირკ ნოვიცკის შეტევითი სურათი ზედმიწევნით დაგიხატეთ, ფაჩულიაზე კი სტატისტიკიდან მხოლოდ ის გითხარით, ორმაგი დუბლი შეასრულაო. ეს მისი 82-ე "დაბლ დაბლი" იყო NBA-ში. 31 წლის ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთი იყო: 29 წუთი, 16 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო), 12 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება, 3 შეცდომა, 4 ფოლი.

რაც შეეხება კობი ბრაიანტს, ჩვეულად ვერ სტყორცნა - თამაშიდან 15-ჯერ ისროლა და მხოლოდ 3 ჩააგდო. საბოლოოდ 15 ქულას გამორჩა. "ლეიკერსის" სნაიპერი 22 ქულით ჯულიუს რენდლი გახდა.

"დალას მავერიქსი" სამი გასვლითი შეხვედრის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს შინ 4 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 5:30 საათზე ჩაატარებს. მისი მეტოქე კანადური "ტორონტო რეპტორსი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ნუ იზამთ რომ ტავად ზაზამ შემოგიტიოთ...დალასში ზაზა კარგად თამაშობს, მაგრამ იქ ნოვიცკი და სხვა ვარსკვლავები არიან...ასე რომ არაა საწირო ასეთი სათაურები...
asurbanifali
16:00 03-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული