როგორ შეცვალა ფაჩულიამ, რომელსაც წესიერად ახტომაც არ შეუძლია, NBA-ს ორი გუნდის ბედი

AutoSharing Option
sbnation.com-მა სტატია მიუძღვნა ზაზა ფაჩულიას, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს კარიერაში. ვფიქრობთ, ეს სტატია ქართველ მკითხველს დააინტერესებს:

"მავერიკსი" იმაზე მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე ველოდით, "ბაქსი" კი პირიქით. ამაში "დამნაშავე" კი ის კალათბურთელია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ელოდით.

კაცი, რომელმაც NBA-ს ორი გუნდის ბედი შეცვალა, მძიმედ გადაადგილდება პარკეტზე, 31 წლისაა, შეიძლება ქაღალდის ფურცელსაც ვერ გადაახტეს და ისვრის კალათში ისე, თითქოს დარტსს თამაშობს. მისი სახელია ზაზა ფაჩულია.

ის, თითქოს, შეესაბამება ასოციაციის მოხეტიალე კალათბურთელის პროფილს; 2003 წლის დრაფტის მეორე წრეში აირჩიეს, თუმცა თავი გამოიჩინა
"მილუოკიში", როგორც კარგმა შემცვლელმა ცენტრმა; იყო ფანების გმირი "ატლანტაში" და ახლა "დალასის" ცენტრს ადუღაბებს.

"დალასმა" როგორღაც მოახერხა და სეზონში 11 მოგება და 8 მარცხი აქვს, იმის მიუხედავად, რომ გუნდი "ბებერია" და ბევრი ტრავმირებული ჰყავს. ამ დროს, ფაჩულიას ყოფილი გუნდი ცუდად თამაშობს, არადა, ტოპ-ცენტრი გრეგ მონრო ჩაიგდო ხელში თავისუფალი აგენტებიდან და დაუბრუნდა დრაფტის მეორე პიკი ჯაბარი პარკერი.

ციფრები თავისთავად მეტყველებს - რაც ფაჩულია წავიდა, "მილუოკი" 6 ქულით ნაკლებს აგდებს და 10 ქულით მეტს იღებს კალათში. ამის მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ მთავარი მაინც გუნდიდან ფაჩულიას წასვლაა.

ამ დროს "დალასის" სტატისტიკა ფაჩულიას მისვლით მნიშვნელოვნად გამოსწორდა. როცა ფაჩულია მოედანზეა, "დალასი" მეტოქეს საშუალოდ 3,5 ქულით უგებს, როცა არაა - "დალასი" მეტოქესთან საშუალოდ 2 ქულით მარცხდება.

და ფაჩულია "დალასმა" თითქმის არაფრის სანაცვლოდ ჩაიგდო ხელში - მასში 2018 წლის დრაფტის მეორე წრის პიკი "გადაიხადა", რომელსაც "ბაქსის" ფანები ვერ იხილავენ ვერასოდეს. ფაჩულიას წარმატება არა იმდენად მისი პროდუქტიულობა და მოხსნებია, რამდენადაც ჭკვიანური გათვლები, სწორი პოზიციური თამაში და თანაგუნდელებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა მოედანზე.

დაცვა მისი სავიზიტო ბარათია - მან იცის, რომ ნიჭი შედარებით შეზღუდული აქვს და ამის კომპენსირებას პოზიციის იდეალური შერჩევით, მოძრაობით, ტანის ჩადგმით ახერხებს. როდესაც თავს იცავს, ზაზას კარგად აქვს გათვლილი, რომ არ არის სათანადოდ სწრაფი და ისეთ პოზიციას არჩევს, როგორც ამ ვიდეოშია - მან მოახერხა როგორც მაიკლ კონლისთვის შეეშალა ხელი, ისევე მარკ გასოლისთვის. თან ხელი სწრაფი აქვს და შეუძლია ისე ითამაშოს, რომ სულელური ფოლები არ აიკიდოს.

Sportall.Ge

ამას ფაჩულია მარტოდმარტო არ აკეთებს, ის "დალასის" თავდაცვის მანქანაშია ჩართული. არ აძლევს გასოლს საშუალებას, ან პასი გააკეთოს, ან ისროლოს.

დაახლოებით იმავე სიტუაციაში "მილუოკის" მონრო არასწორ პოზიციურ გადაწყვეტილებას იღებს, წინ უშნოდ არის გამოვარდნილი. კონტრასტი ფაჩულიასა და მის შემცვლელს შორის "მილუოკიში" თვალნათელია.

Sportall.Ge

ფაჩულია ასევე დიდოსტატია ეგრეთ წოდებული ორი ცხრიანის ტაქტიკისა, როცა "მაღლები" თანაგუნდელებს სწორი გადაწყვეტილებებით ეხმარებიან გუნდის დაცვაში.

Sportall.Ge

მაღალი კალათბურთელისთვის, რომელსაც კარგი ნახტომი ვერ აქვს, ფაჩულია დიდებულად ახერხებს მეტოქეებისთვის სროლაში ხელის შეშლას - ხუთფუტიან ზონაში ზაზას მეტოქეები მხოლოდ 49%-იანი სიზუსტით ისვრიან, როცა ზაზა იცავს ფარს. ამ მაჩვენებლით ის სჯობს "დალასიდან" წასულ ტაისონ ჩენდლერს და სულ ოდნავ ჩამორჩება დეანდრე ჯორდანს, ვისი დამატებაც სურდა "დალასს".

ფაჩულია მუდამ შემართულია, როცა თავს იცავს, მეტოქის პირისპირ, ერიდება ფოლებს. მისი რეპუტაციის მიუხედავად, თითქოს, უხეში მოთამაშეა, საშუალოდ იმდენივე ფოლს იღებს, რამდენსაც დახვეწილი ტიმ დანკანი. ის ეშმაკურადაც იქცევა, შეხედეთ ტრიუკს, რომელიც ატყუებს ჰარდენს, რაც საბოლოოდ მას ბურთის აცილებად უჯდება, არადა, ჰარდენის მოტყუება იოლი არ არის, როცა ის კონტაქტზე მიდის.

Sportall.Ge

და მაინც, გასაკვირია, შეზღუდული ათლეტიზმის მქონე კაცი როგორ დიდებულად თამაშობს დაცვაში და შეტევაშიც. საიდუმლო ისაა, რომ ზაზა ძალიან კარგად იყენებს ტანის ორ ნაწილს - გულმკერდსა და საჯდომს.

უზარმაზარი გულმკერდით ის გადაულახავი ბარიერია ვიზავისთვის. როცა ზაზა მოედანზეა, დერონ უილიამსი 15 ქულით მეტს აგდებს, ვიდრე უმისოდ, ხოლო ვეს მეტიუზისთვის ეს მაჩვენებელი 11 ქულით უკეთესია. დირკ ნოვიცკი სხვის დახმარებას ნაკლებად ითხოვს, მაგრამ ისიც კი 2 ქულით მეტს აგროვებს, როცა ზაზა მოედანზეა. "დალასს" ბევრი კარგი მსროლელი ჰყავს და ფაჩულია მათ თავისუფლად დატოვებას უზრუნველყოფს.

Sportall.Ge

"მილუოკისაც" ბევრი კარგი მსროლელი ჰყავს, მაგრამ აღარ ჰყავს კაცი, რომელიც მათ ბურთთან მარტოს დატოვებს. ზაზას კი შეუძლია მეტოქის სავარაუდო კონტრშეტევის გათვალისწინებითაც კი დაბლოკოს მეტოქის უკანახაზელი. ნიჭი, რაც ასოციაციის ერთი-ორ ცენტრს თუ აქვს.

Sportall.Ge

ახლა ვნახოთ, როგორ იყენებს ზაზა საჯდომს მოხსნების დასაგროვებლად. ის ასოციაციაში მე-11 ადგილზეა მოხსნების პროცენტებით და ახლახან 21 მოხსნა მიითვალა "პორტლენდთან" შეხვედრაში.

ზაზა მწვრთნელისთვის იდეალური კალათბურთელია ამ მხრივ, ის ჭკვიანურად ცდილობს, თუ თავად არა, მოხსნა მის თანაგუნდელს ჩაუვარდეს ხელში და ამისთვის სხეულის ყველა ნაწილს იყენებს. იმიტომ, რომ თავად ისეთი ნახტომი აქვს, შეიძლება ჩემს ლეპტოპსაც ვერ გადაახტეს.

Sportall.Ge

ამ დროს "მილუოკი" საშინელია მოხსნებში, მონრო მოხსნებს ბლომად აგროვებს, მაგრამ გუნდის მოხსნების პროცენტი საშინელია. როცა ზაზა იქ თამაშობდა, გუნდის მოხსნების პროცენტი 51,5 იყო ახლა - 49%-ია. დაცვაში მაჩვენებელი 76% იყო ახლა კი 68%-ია.

ფაჩულია ამტკიცებს, რომ "შავ სამუშაოსაც" დიდი ნიჭიერება სჭირდება. კაცი, რომლის საშუალო კარიერული მაჩვენებელი 7 ქულა და 6 მოხსნაა, "მილუოკისა" და "დალასის" წარუმატებლობისა და წარმატების სხვაობის წინაპირობაა.

აი, სწორედ ამიტომ იყო აღფრთოვანებული მარკ კიუბანი ფაჩულიას დამატებით, როცა ის ჯორდანს ვერ შესწვდა. აი, სწორედ ამიტომ კაცი, რომელიც ბოდიგარდს უფრო ჰგავს, ვიდრე კალათბურთელს, დრამატულად ცვლის ორი ფრენჩაიზის ბედს".
მკითხველის კომენტარები / 19 /
ყოჩაღ ზაზა,შენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის.
ქართველი
12:13 17-12-2015
0
ჟურნალისტს 100 დან 100 ქულა. აი ძმაო სტატია და გარჩევა.... ყოჩაღ ზაზა, ეგრე გააგრძელე !
იოსებ
11:19 17-12-2015
0

სიახლეები პოპულარული