ძლიერები არასდროს ნებდებიან - ბექა ბურჯანაძის მძიმე ისტორია

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა kiaenzona.com "ლეიმა ბასკეტის" ქართველ ლეგიონერზე, ბექა ბურჯანაძეზე საკმაოდ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"ლეიმა ბასკეტის" ქართველი კალათბურთელი ამ მომენტს დიდხანს ელოდა. ეს მისი წელია. წელი, როცა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოს. მისი სახელი ბექა ბურჯანაძეა.

ბურჯანაძემ მორიგ ტურში 31 ქულა ჩააგდო და ლაკორუნიელებს "კოკინასი" 95:83 დაამარცხებინა. მთავარი კი ისაა, რომ ბურჯანაძემ ბოლო მატჩებში უკვე მეორედ გადააბიჯა 30-ქულიან ზღვარს, ხოლო გასულ 3 შეხვედრაში საშუალოდ 30,3 ქულას აგროვებს.

ბექას წარსული მძიმეა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობით ვერ დატკბა. 8 წლის ასაკში მან ტრავმა
მიიღო და იძულებული გახდა, ახალი ცხოვრება დაეწყო.

"ძლიერები არასდროს ნებდებიან" - ეს მისი დევიზია. ბექა ძალიან ძლიერი ადამიანია.

კალათბურთის თამაში მხოლოდ იმიტომ ისურვა, რომ თავისი ნათესავის, ზაზა ფაჩულიას გზა გაეგრძელებინა, რომელმაც წლების მანძილზე საკმაო გამოცდილება დააგროვა NBA-ში, დღესდღეობით კი "დალასის" ღირსებას იცავს.

ბექამ კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში მშობლიურ ქალაქში, თბილისში დაიწყო, თუმცა პრობლემები არ აკლდა. მას ზედმეტი წონა აწუხებდა, რომელიც მოძრაობაში ხელს უშლიდა. სხვა ყველაფრის მხრივ, ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი იყო: სკოლაში დადიოდა, კალათბურთს თამაშობდა, მშობლებსაც სტაბილური სამსახური ჰქონდათ (დედა ტელევიზიაში მუშაობდა, მამა კი ინჟინერი იყო).

8 წლის ასაკში, კალათბურთის თამაშის დროს ბურჯანაძემ ფეხის ძვალი მოიტეხა, რაც შემდგომ მისი ოჯახისთვის დიდ კრიზისად იქცა. ქართველი ექიმები ვერ აიმედებდნენ - სპორტს თავი უნდა დაანებოსო. ბექას დედას იმედი არ დაუკარგავს, სჯეროდა, რომ არსებობდა ადგილი, სადაც მის შვილს უმკურნალებდნენ და იპოვა კიდეც გერმანიაში... მაგრამ საქმე ასე მარტივად არ იყო.

დედამისს ბინის, ავტომობილის და ყველაფრის გაყიდვა მოუწია, რაც გააჩნდა - ოპერაცია დიდ თანხას საჭიროებდა. დედა რწმენას არ კარგავდა, რომ შვილი გამოკეთდებოდა, ამიტომ მზად იყო, მის გამო ყველაფერი დაეთმო... ამიტომაც გაყიდა ყველაფერი.

არ იყო მარტივი ოპერაცია, მაგრამ ექიმების წყალობით, საბოლოოდ კარგად ჩაიარა. ბექას რამდენიმე თვე უნდა დაესვენა და შემდეგ ისევ საყვარელი საქმიანობით დაკავებულიყო.

ოპერაციის შემდეგ ოჯახი თბილისში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც სახლი აღარ გააჩნდათ. ამიტომ იძულებულნი იყვნენ, ქირით სხვადასხვა სახლში ეცხოვრათ. მაგრამ დედა შვილის გამოკეთებით ბედნიერი იყო.

თვეები გადიოდა, ბექას კი ტკივილი არ შორდებოდა. ის ნახევარი წლის შემდეგაც კი ვერ ახერხებდა სიარულს, რაც სიტუაციას ამძიმებდა ბავშვისთვის, რომელსაც ოპერაციის შემდეგ მეგობრებთან ერთად კვლავ უნდა ეთამაშა.

დედამისი ბრძოლას არასდროს წყვეტდა. დედის მეგობარი ერთ-ერთ მოხუცზე უყვებოდა, რომელიც ხალხს კურნავდა და სწორედ მასთან მიიყვანა.

არ იყო მარტივი მოგზაურობა. იმ მოხუცამდე გზა ფეხით უნდა გაევლოთ და ნუ დავივიწყებთ ბექას წონის პრობლემას, დედას კი მისი ხელში ტარება უწევდა. საბოლოოდ კი იმ მოხუცამდე მივიდნენ.

მას შოთა კრაჩაშვილი ერქვა.

"წარმოუდგენელი იყო, რომ გერმანიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, თვეების მანძილზე სიარულს ვერ ვახერხებდი. ამ ადამიანმა ფეხზე მალამო წამისვა, 5 დღეში უკვე სიარული შემეძლო და დაახლოებით თვენახევარში მეგობრებთან ერთად დავრბოდი", - ამაღელვებლად იხსენებს თავის ბავშვობას კალათბურთელი.

ის აგრძელებდა ბინების ცვლას, მაგრამ ახლა უკვე მის სახეზე ღიმილი გაჩნდა. ღამღამობით კალათბურთის ბურთით იძინებდა, სახლში კი პატარა კალათა ჰქონდა, რომლითაც ვარჯიშობდა. მას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა, თავის მომავალს კი კალათბურთში ხედავდა.

გადატანილი ოპერაციის შემდეგ წონის პრობლემაც აღარ ჰქონდა - დაკარგა კილოგრამები და თავს მსუბუქად გრძნობდა.

ბურჯანაძე თბილისურ გუნდ "მართვეში" თამაშობდა და დიდ სიამოვნებასაც იღებდა, მაგრამ დრომ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს...

2004 წელს, როცა ბექა 10 წლის გახდა, მამა საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა. დედამ მეუღლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა, არ სურდა 10 წლის შვილი უმამოდ დარჩენილიყო. კვლავ დიდი თანხა გახდა საჭირო, რომელიც მეგობრების და ნაცნობების დახმარებით მოგროვდა კიდეც. 4 წლის შემდეგ მამის გულისცემა მაინც შეწყდა... 14 წლის ასაკში ბექა უმამოდ დარჩა.

ამ ყველაფრის ფონზე, ბურჯანაძე უკვე თამაშობდა 16-წლამდელთა ნაკრებში და მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ.

შემდეგ მან "სევილიის" ყურადღება მიიპყრო, სევილიელები მასში დიდ ნიჭს ხედავდნენ და დაიმატეს კიდეც ქართველი კალათბურთელი. ამ ყველაფერმა კი ბურჯანაძის ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა.

კალათბურთელისთვის ესპანეთში ჩასვლა არ იყო მარტივი. იქ დღეები დედის გარეშე უნდა გაეტარებინა, რომელთანაც დიდი მანძილი აშორებდა. დედამ შვილის ბედნიერებისთვის ყველაფერი დაკარგა, შვილს კი ეს ყოველთვის ემახსოვრება.

საბოლოოდ, ბექა ესპანეთში ჩავიდა და პროფესიონალ კალათბურთელად გახდომისთვის მორიგი ნაბიჯები გადადგა.

"ძალიან გამიმართლა მწვრთნელებში, რომლებიც "სევილიაში" დამხვდნენ. მათი მადლიერი ვარ. მოთმინებით ეკიდებოდნენ ჩემს სიტუაციას და ძალიან დიდ დროსაც მითმობდნენ. პირველ წელს ძალიან ადრე ვდგებოდი იმიტომ, რომ 08:30-ზე პირველი ვარჯიში მქონდა, შემდეგ კი ესპანურზე მივდიოდი. მინდოდა პროფესიონალი კალათბურთელი გავმხდარიყავი, ამიტომ ბევრს ვვარჯიშობდი, რაშიც მწვრთნელები მეხმარებოდნენ", - ამბობს ბექა.

ქართველ კალათბურთელს, რომლის სიმაღლეც 2 მეტრია, არასდროს დაუვიწყია მძიმე წარსული. ბექა თვიური ხელფასის 80%-ს ყოველთვის დედას უგზავნიდა. თავად ფული არ სჭირდებოდა - "სევილიაში" ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა.

ბექა მოუთმენლად ელოდებოდა, როდის გახდებოდა სრულწლოვანი. ერთი მიზანი ჰქონდა - პირველი ოფიციალური კონტრაქტისთვის მოეწერა ხელი. "სევილია" ენდობოდა ქართველ კალათბურთელს და ამიტომაც გაუფორმა კონტრაქტი. ბექამ კი საქართველოს დედაქალაქში ბინა შეიძინა, სადაც სამუდამოდ ცხოვრებას შეძლებდა.

მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა...

"სევილიაში" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელმაც ბექას დატოვება არ ისურვა. მისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო - ერთით მეტი.

"მათ მითხრეს, რომ სექტემბერში ჩემთვის დრო არ იქნება გამოყოფილი. შემდეგ ლაკორუნიაში გადასვლის საშუალება მომეცა. ახლა თამაშს აქ ვაგრძელებ და ბედნიერი ვარ, რადგან კარგი გუნდელები მყავს და ხელმძღვანელობა პირველივე დღიდან მენდობა. მათ შემიწყვეს ხელი, რომ უკეთესი გავმხდარიყავი", - ამბობს ბურჯანაძე.

თბილისიდან სევილიამდე და სევილიიდან ლაკორუნიამდე. მძიმე წარსული, რომელიც დაეხმარა ბექას ისეთი გამხდარიყო, როგორიც ახლა არის.

ბექა 21 წლისაა, ამბიციურია და მეტი სურს. დედამისი კი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, მისით ძალიან ამაყობს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
მე დიდი ხანია ამ ოჯახს ვიცნობ და თითქოს ჩემთვის ახალი არაფერი იყო,მაგრამ....გაიხარე ბექა დედასთან (დალისთან) ერთად.წარმატებები!
მარინა
17:15 10-12-2015
0
და
DIKEMBE MUTOMBO
20:12 05-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული