ბექა ბურჯანაძე: წარმატების საიდუმლო ყოველდღიურ შრომაშია

AutoSharing Option
"ლეიმა ბასკეტის" ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ, მორიგ ტურში 31 ქულა ჩააგდო და ლაკორუნიელებს "კოკინასი" 95:83 დაამარცხებინა. მთავარი კი ისაა, რომ ბურჯანაძემ ბოლო მატჩებში უკვე მეორედ გადააბიჯა 30-ქულიან ზღვარს, ხოლო ბოლო 3 შეხვედრაში საშუალოდ 30,3 ქულას აგროვებს.

Sportall.ge ბექას ესპანეთში დაუკავშირდა და გაესაუბრა.

- 21 წლის ხარ და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებ. რაში მდგომარეობს ამ წარმატების საიდუმლო?
- საიდუმლო ყოველდღიურ შრომაშია. ამ ზაფხულს ნაკრებისთვის და სეზონისთვის კარგ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ ინდივიდუალურ ვარჯიშს და საკუთარ თავზე მუშაობას დიდი დრო დავუთმე. 

- როგორც
წესი, კარგ თამაშს საინტერესო შემოთავაზებები მოჰყვება. გაქვს თუ არა წინადადებები სხვა გუნდებიდან და ფიქრობ თუ არა გუნდის შეცვლაზე?

- რომ არ მოგატყუოთ, შემოთავაზებებზე არაფერი ვიცი. ამ ეტაპზე წასვლაზე არც ვფიქრობ. ახლა მარტო ჩემს ახლანდელ გუნდზე ვფიქრობ და შემდეგი შეხვედრის გამარჯვებაზე ვარ კონცენტრირებული, რომელიც ძალიან გვჭირდება.

- ყველა კალათბურთელის ოცნება NBA-ში თამაშია. უახლოეს მომავალში დრაფტზე დადგომას ხო არ გეგმავ?
- რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი კალათბურთელისთვის, ისევე ჩემთვის, უძლიერეს ლიგაში თამაში ბავშვობის ოცნებაა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, იმედი მაქვს ავიხდენ ოცნებას, დრაფტზე დადგომაზე კი ჯერ არ ვფიქრობ.

- ეროვნული ნაკრები... ევრობასკეტზე ითამაშე. რა მოგცა ამ ყველაფერმა?
- ევრობასკეტზე დიდი სათამაშო დრო არ მქონია, მაგრამ მოსამზადებელ პერიოდში ბევრი ვითამაშე და ვფიქრობ, როგორც მწვრთნელს, ისე გულშემატკივარს იმედები გავუმართლე. აღსანიშნავია ნაკრების წლევანდელი მიღწევა - მერვედფინალში უძლიერესი შემადგენლობის მქონე ლიტვასთან დავმარცხდით, რომელიც შემდგომ ფინალში გავიდა და ესპანეთთან დამარცხდა. ევრობასკეტზე საკმაო გამოცდილება მივიღე.

- ნაკრებში ახალი თაობა მოდის. შენ, დუდა სანაძე...
- მე ვისაც კი ვიცნობ, ვშრომობთ და თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ ჩვენი ნაკრების გამარჯვებებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული