დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგო ტორერო" სან დიეგოს დერბიში "სან დიეგო სტეიტს" დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 53:48. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი სანაძე იყო, რომელმაც "ტორეროსს" 15 ქულით ულიდერა და საბოლოო გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. ქართველი უკანახაზელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

Sportall.ge დუდას ამერიკაში დაუკავშირდა და მის კარიერაზე ესაუბრა.

- სულ თავიდან დავიწყოთ, რატომ კალათბურთი?
- კალათბურთი მამაჩემის გამო ავირჩიე. მინდოდა, მეც კალათბურთელი გავმხდარიყავი, თანაც სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად მიზიდავდა. ყველგან კალათბურთს ვთამაშობდი, სადაც კი საშუალება მქონდა. 

თუმცა კალათბურთს ყველაზე სერიოზულად
მაშინ შევხედე, როცა საქართველოს ნაკრების თამაში ვნახე პირველად. სწორედ მაშინ ვისურვე, რომ მეც მეთამაშა ნაკრებში. მას მერე ვარჯიშს უფრო სერიოზულად მივუდექი და უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად განვითარდა.

- პირველ გუნდამდე და პირველ კონტრაქტამდე რაიმე დაბრკოლებების დაძლევა ხომ არ მოგიწია?
- ისეთი არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 16 წლის ასაკში ფეხი მოვიტეხე და 16-წლამდელების ჩემპიონატზე ვერ წავედი. პარკეტს 1 წლის შემდეგ დავუბრუნდი და იმდენად მონატრებული ვიყავი კალათბურთს, რომ დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი.

- შემდეგ იყო პირველი კონტრაქტიც...
- "აკადემიაში" ვთამაშობდი, სადაც გელა წულაძე მწვრთნიდა. მუდმივად ვიყავი ახალგაზრდული ნაკრების წევრი და მოგვიანებით ევროპის საუკეთესო საკალათბურთო აკადემიისგან მომივიდა მოწვევა - "სიბიე აკადემია". წავედი, მაგრამ ვიზის გაგრძელება ვერ მოხერხდა, 3 თვეში უკან დავბრუნდი და სეზონი საქართველოში დავასრულე. 

მერე "ზალჟირის" ვარიანტი იყო. ზაფხულში ჩავედი, მოვეწონე და 1 თვის შემდეგ მრავალწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი - არ მაწყობდა. შემდეგ "სან დიეგოც" გამოჩნდა.

- როგორი სიტუაციაა დღესდღეობით გუნდში?
- საკმაოდ კარგი გარემოა. ყველანაირი პირობა გვაქვს განვითარებისთვის და თამაშის გასაუმჯობესებლად. გუნდის კაპიტანი ვარ და ბევრი ვალდებულება მაკისრია. პასუხისმგებლობაც დიდია და შეცდომა არ მეპატიება.

- უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ მატჩებში ძალიან მოუმატე. შემოთავაზებები ხომ არ გქონია სხვა გუნდებიდან?
- კოლეჯში მოხვედრაზე ვოცნებობდი და რადგან დღეს უკვე აქ ვარ, სხვა გუნდზე არ ვფიქრობ - ჯერ აქ უნდა დავამთავრო და მერე იქნება შემოთავაზებებიც. ისე, ბევრი სააგენტო და აგენტი მიკავშირდება, მაგრამ წესის მიხედვით, მათთან საუბრის უფლება არ მაქვს.

- NBA-ს დრაფტზე დადგომას ხომ არ გეგმავ?
- ამ სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავდგები, ანუ ჩემი კანდიდატურა იქნება განხილული.

- დაბოლოს, ეროვნული ნაკრები, ევრობასკეტზე ითამაშე და, შეიძლება ითქვას, გულშემატკივრის გულიც მოიგე. რა მისცა ამ ევრობასკეტმა დუდა სანაძეს?
- ძალიან დიდი გამოცდილება. საქართველოს სახელით თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია და სანაკრებო თამაშების მოსვლას ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდები. რასაც ვშრომობ და ვვარჯიშობ, მინდა საქართველოს ნაკრებს გამოადგეს.

როცა მოედანზე ვარ, ვცდილობ, აგრესიული ვიყო და ბოლომდე დავიხარჯო. ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ მეტი შეგეძლო, მაგრამ არ გააკეთე. შეიძლება სროლა არ წამივიდეს, მაგრამ ჩემს მაქსიმუმს მაინც გავაკეთებ და გუნდს სხვა ასპექტში დავეხმარები.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა თქმა ალბათ სრულფასოვანი ნბა-ელი ვერ გახდება, მარგამ ბერვ გუნდში ირიცხება ისეთი კალათბურთელი, რომელიც თავის დროზე არაფრით იყო დუდაზე უკეთესი. მონდომებული ბიჭია და კიდევ გაიზრდება. ასე რომ, სულაც არ გამიკვირდება ახლა აიყვანონ, მომავალზე გათვლით. წარმატებები!!!
shooter
11:59 29-02-2016
0
კარგი ბიჭია, მაგრამ ნბა არამგონია გაქაჩოს, თუმცა თუ ბვევრ იშრომებს და მჯერა რომ ასეც იქნება, მომავალში შეილება ფიქრი ნბა-ზე, მაგრამ ახალ ნამდვილად უტოპიუა მგონია
Gogaia
13:29 12-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული