მარკოიშვილი გამოჩნდა: უარყოფითი უკან მოვიტოვე

AutoSharing Option
ორ კარგ ამბავზე ვაპირებ წერას, მაგრამ პირველ წინადადებაზე მუშაობისასაც არ მაქვს გადაწყვეტილი, რომლით დავიწყო... ონელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ორი თვე ითმინა, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა. ვანელმა ვიქტორ სანიკიძემ კი კვირას ღამით ისე გაიელვა, რომ "ბრინდისის" კალათბურთელებმა თვალი ვერ შეასწრეს. შესაბამისად, ვიქტორზე ჩვენც ჩქარა ვთქვათ, მანუჩარზე კი - შემდეგ, უფრო დინჯად.


***
ბოლონიის "ვირტუსმა" ცხრილის ფსკერზე მყოფ "ენელ ბრინდისის" უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა - 93:72.

პირველი ტაიმის შემდეგ ბოლონიელები 10 ქულით იგებდნენ (52:42), ვიქტორის ანგარიშზე 4 ქულა და 2 მოხსნა იყო. 10-ქულიანი
ფორა მას დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა, ამიტომაც მესამე პერიოდში ფარქვეშ იფრინა: 5 წუთიან მონაკვეთში 3 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, მეოთხე პერიოდში კი 7 ქულას 2 მოხსნა მიამატა და საბოლოოდ სეზონის მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 12 მოხსნა. ვიქტორს 6-დან 5 ორქულიანის, 1-დან 1 სამიანის და 2-დან 1 საჯარიმოს ჩასაგდებად 20 წუთი ეყო. მის ანგარიშზე თითო ჩაჭრა-დაფარებაცაა.


***
"კრემონასთან" გასვლითი მატჩი მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" სტაბილურად ჩაატარა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა - 71:68. გადამწყვეტ მომენტში საჯარიმოები ზუსტად ისროლა ნიკოლას მარაცინომ.

ქართველი უკანახაზელი თამაშში მე-4 წუთიდან ჩაერთო და როგორც შემდეგ მწვრთნელმა აღნიშნა, გუნდს სათანადოდ დაეხმარა. მანუს მონაგარი ასეთი იყო: 17 წუთი, 5 ქულა (2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 პასი.

კანტუელთაგან ყველაზე მეტი, 14 ქულა მაიკ გრინმა ჩააგდო.

ნამატჩევს სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა ტრინჩიერიმ აღნიშნა:

- სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მესამე ადგილზე მყარად ვართ. თუ მოგება გვინდოდა, თამაშის კონტროლი მეტოქისთვის არ უნდა დაგვენებებინა და სუპერმობილიზების წყალობით სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. დენის მარკონატო მატჩისთვის მზად არ იყო, მაგრამ მაინც ითამაშა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა მანუჩარ მარკოიშვილი, რაც ჩვენთვის ახალი ინექცია იყო. შეხვედრის დაწყებამდე მეგობარს ვუთხარი, რომ მანუჩარი ოთხშაბათამდე არ ითამაშებდა, მაგრამ კვირას მოედანზე გავიყვანეთ და ძალიან დაგვეხმარა. მისი გამოჩენა ბევრისთვის სიურპრიზი იყო. სასიამოვნო სიურპრიზი.

გამოცემა "ლა პროვინციამ" მანუჩარის დაბრუნებას ცალკე სტატია მიუძღვნა, სათაურით "მარკოიშვილის ღიმილი".

"შვიდმატჩიანი შესვენების შემდეგ მარკოიშვილმა თამაში განაახლა. მას ფეხის ცერი ჰქონდა მოტეხილი. მანუჩარს ჯერ "კრემონასთან" დაპირისპირებაზე ვკითხეთ.

- მთავარია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ძალიან რთული ბრძოლა იყო. "კრემონა" საშინაო არენაზე ყოველთვის კარგად თამაშობს. ამასთან, ტრავმირებული გვყავდა ჯონათან ტაბუ, ხოლო მარკონატო და მარაცინო არასათანადო კონდიციებში არიან. ამის მიუხედავად, მატჩი სტაბილურად ჩავატარეთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ გუნდური კალათბურთით ბევრის მიღწევა შეგვიძლია, - თქვა მარკოიშვილმა.

მან საკუთარ ჯანმრთელობაზეც ილაპარაკა:

- ბედნიერი ვარ. მოედანზე თავისუფლად ვმოძრაობდი. თუმცა, როცა ძალას ვატან, მცირე ტკივილს მაინც ვგრძნობ. ასევე ვაცნობიერებ - ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ, თუმცა მთავარია, რომ უარყოფითი უკან მოვიტოვე და ახლა კონდიციების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებ."


***
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას: "აველინოს" განაცხადში კვირასაც მოხვდა ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი, თუმცა მისი იტალიური დებიუტი გადაიდო.

"აველინომ" "ვარეზესთან" სტუმრად 85:83 მოიგო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და მომავალმა მეტოქემ, ბელგიელმა დიმიტრი ლაუერსმა ("აველინოშია") 23 წუთში 6 ქულა ჩააგდო.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული