ზაზა ფაჩულია: როცა 210 სმ ხარ, ძნელია, მოდურად ჩაიცვა

AutoSharing Option
Hoopshype-მა ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა "დალასის" ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიასთან:

- "დალასში" საქმეები შესანიშნავად მიგდით. რაშია წარმატების საიდუმლო?
- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ამ ფრენჩაიზის უმაღლესი დონე, შემდეგ კი გუნდის კომპლექტაცია უმაღლესი დონის შემსრულებლებით. ასეთ გამოცდილ და სახელოვან ბიჭებთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივია.

არ უნდა დავივიწყოთ სამწვრთნელო შტაბი, რომელიც "დალასს" NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო ჰყავს. ყველა აქ შრომისმოყვარეა და ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს. ასევე, ძალიან მომწონს კლუბის მეპატრონე მარკ კიუბანი. ის ამ გუნდის ყველაზე ერთგული ფანია.

ამიტომაც არის, როცა ასეთი გუნდის
ნაწილი ხდები, შენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა არც ისე ძნელია. აქ ყველა ერთმანეთს ენდობა და ეხმარება.

- გაიხსენეთ თქვენი პირველი ემოციები, როცა გაიგეთ, რომ "დალასში" გაგცვალეს...
- სიმართლე გითხრათ, გაორებული გრძნობა მქონდა. "მილუოკიში" ურიგო სეზონი არ მქონდა, გუნდი პლეი ოფში გავიდა. მინდოდა, შემდეგ სეზონში კიდევ უკეთ მეთამაშა გუნდში. ამიტომაც თავიდან არც ისე დიდი ენთუზიაზმით შევხვდი ამ სიახლეს.

მაგრამ, როცა კარგად გავიაზრე, სად გადავედი, დავწყნარდი - კარგი მწვრთნელები, უმაღლესი დონის კალათბურთელები, შესანიშნავი მეპატრონე, მეტი რა უნდა ინატრო კალათბურთელმა.

აქ ცოტა სხვა სიტუაციაა, "მილუოკიში" ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ვიყავი, "დალასში" კი ლამის ყველაზე ახალგაზრდა მე ვარ (იცინის). როცა გუნდში ამდენი ვეტერანია, შესანიშნავი საშუალებაა, მათგან რაღაც კარგი ისწავლო.

- ყველამ კარგად იცის, რომ ძალისმიერი კალათბურთის მიმდევარი ხართ. თუ არის თქვენს თამაშში ისეთი დეტალი, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს, მაგრამ თქვენ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ?
- დარწმუნებული ვარ, არის. სეზონში 82 თამაშს ვატარებთ, ხშირად ვხვდებით იმავე მეტოქეებს. ამიტომაც მეტოქე გუნდის კალათბურთელები კარგად იგებენ თქვენს ძლიერ მხარეებს და ნაკლებად უჭირთ თქვენი ნეიტრალიზება. ეს არ არის გასაკვირი. ვიცი, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს, რომელიც ხშირად სტატისტიკაზე არ აისახება.

- თქვენი კიდევ ერთი ძლიერი მხარე მეტოქის ფსიქოლოგიაზე ზეწოლაა, შეგიძლიათ აურიოთ მას თამაშის რიტმი...
- როცა გამოცდილი ხარ, უკვე იცი, როგორ იმოქმედო ამა თუ იმ მეტოქის წინააღმდეგ კონკრეტულად. ამ ბიჭების წინააღმდეგ იმდენჯერ ვარ გასული პარკეტზე, რომ ბევრი რამ ვიცი მათ შესახებ. ზოგჯერ სჯობს აქცენტი ძალაზე გააკეთო, ზოგჯერ - ხერხზე. უნდა ჩართო საქმეში მენტალური ნიუანსები.

ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. თითოეულ მეტოქეს თავისი გასაღები უნდა მოარგო და წარმატება გარანტირებულია.

- თქვენ ყველა იმ გუნდის ფანებში მოიპოვეთ პოპულარულობა, სადაც გითამაშიათ. როგორ მოახერხეთ ეს?
- ეს არის მუხლჩაუხრელი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგი. ამას ფანები ძალიან კარგად ხედავენ და აფასებენ. ჩემი აზრით, პოპულარულობაც აქედან მოდის.

- რომელმა მწვრთნელმა მოახდინა თქვენს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა?
- ალალად ვამბობ - ყველამ, ვისთანაც მიმუშავია. მაიკ ვუდსონი, ლარი დრიუ, ჯეისონ კიდი, დოკ რივერსი... რივერსმა ჩემს სადებიუტო წელს ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მოტივირებული ვყოფილიყავი. ვერც ერთს გამოვარჩევ, ყველას მადლიერი ვარ.

- თქვენ მოდით სერიოზულად ხართ გატაცებული. როდის დაიწყო ეს გატაცება?
- არ ვიცი. ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკაში ოკეანის გაღმიდან მოვედი. ვცდილობ, მოდას არ ჩამოვრჩე, მაგრამ ახლა უფრო მეტად ბიზნესი და განათლება მაინტერესებს.

- როცა ასოციაციაში სათამაშო დღის ჩაცმულობაზე დრესკოდი შემოიღეს, ბევრს ეს არ მოეწონა. თქვენ სხვა ბანაკში იყავით?
- კი. ვფიქრობ, გარეგნობა და ჩაცმულობა დიდად მნიშვნელოვანია პროფესიონალი სპორტსმენისთვის. დრესკოდის შემოღებამ დადებითად იმოქმედა ყველაზე.

- NBA-ს რომელი კალათბურთელი იცვამს ყველაზე საძაგლად?
- არ ვუპასუხებ ამ პროვოკაციულ კითხვას (იცინის). როგორც უკვე ვთქვი, ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ. ზოგს უყვარს კოხტად გამოწყობა, სხვები 90-იან წლებში ჩარჩნენ, არიან ისეთები, რომელთათვისაც სულ ერთია.

ვიცი, რომ სულ უფრო მეტი კალათბურთელი იხდის მოდურ ტანსაცმელში დიდ თანხებს. სხვა ქვეყნებში ძალზე ძნელია, მოდურად ჩაიცვა, როდესაც 210 სანტიმეტრი ხარ სიმაღლეში.

- რამდენად რთულია ევროპელისთვის, იყოს ამერიკული გუნდის გასახდელში ლიდერი, ან საერთოდ, თუ არის ეს შესაძლებელი?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამ საკითხში ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა: რეპუტაციას, გამოცდილებას. სხვანაირად ლიდერი ვერ გახდები.

- 2016 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადიხართ. ფიქრობთ უკვე ამაზე?
- მიხარია, რომ ასოციაცია ერთ ადგილზე არ დგას და მუდამ იძიებს დამატებით თანხებს და კალათბურთელების ხელფასებიც იზრდება. მიხარია, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ უკვე 13 წელიწადია! ამით ძალიან ვამაყობ.

რაც შეეხება თქვენს კითხვას - ჯერ ზაფხულზე არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ "დალასისთვის" წარმატების მოტანაზე ვფიქრობ. ზაფხულამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით, კალათბურთელმა უფრო თავის თამაშზე უნდა იფიქროს, ვიდრე კონტრაქტის ფინანსურ მახასიათებლებზე.

როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაინტერესებდა როგორც მომავალი, ისე ხელფასის ოდენობა. ახლა კი მინდა რაც შეიძლება მეტი გამარჯვება. მინდა პლეი ოფში ძლიერ მეტოქეებს ვუგებდე. ფული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამეები ცხოვრებაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა ესეთი მონდომებით გააგრძელე თამაში და დაგიფასებენ შენი ფანები. ჯიგარი ხარ :)
giorgi....
04:16 19-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული