დღეს, ჩვენი დროით გამთენიისას, ტეხასში დალასელებმა "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლეს და ქართველი ცენტრის დიდი თანამონაწილეობით, 103:93 დაამარცხეს.
2014-15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "მილუოკიმ" კონტრაქტი ახალგაზრდა ცენტრ გრეგ მონროს გაუფორმა, ზაზა ფაჩულია კი, რომელსაც კლუბთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, რამდენიმეგუნდიანი გაცვლის შედეგად "დალასში" გაუშვა.
ტეხასურ გუნდში ფაჩულიას საშუალოდ ორმაგი დუბლი აქვს. ის 13-წლიანი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, დღევანდელ
პირველი ტაიმის შემდეგ ფაჩულიას 13 ქულა ჰქონდა მოგროვებული და "დალასი" რომ 60:51 უგებდა "მილუოკის", უპირველესად, ქართველის დამსახურება იყო. მეორე ტაიმში ზაზა შედარებით მოკრძალებული იყო შეტევაში, თუმცა დაცვაში კარგად იმუშავა და ბოლო პერიოდში გადიდგულებულ მილუოკელებს, რომლებმაც ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მოგების საშუალება არ მისცა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36 წუთი გაატარა. ზაზამ 12-დან 6 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. დირკ ნოვიცკიმ 29 წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო დალასელთაგან ყველაზე მეტი, 22 ქულა ვესლი მეთიუზის ანგარიშზეა.
მილუოკელთა ცენტრმა გრეგ მონრომ მოედანზე 33 წუთი გაატარა და თავი 8 ქულას, 11 მოხსნას, 2 დაფარებას და 2 პასს მოუყარა. მონრომ ვერ შეაჩერა ქართველი ცენტრი, რომელმაც საბოლოოდ მასზე 9 ქულით მეტი მოაგროვა. მილუოკელთაგან საუკეთესო მოთამაშე 19 ქულის მომხვეჭი უკანახაზელი ჯარედ ბეილისი გახდა.
"დალას მავერიკსს" 18 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ჩვენი დროით 31 დეკემბრის გარიჟრაჟზე, შინ მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ "გოლდენ სტეიტთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით