- საშობაოდ კლუბის ხელმძღვანელობამ ება-ს ლიგის გუნდის კალათბურთელები რამდენიმე დღით დაგვითხოვა. მეც საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე, ახალ წელს ახლობლებთან ერთად შევხვდი.
- ამ სეზონში მხოლოდ ება-ს ლიგაზე თამაშობ?
- დიახ. შარშან 18-წლამდელთა ჩემპიონატში ვთამაშობდი. ახლა, ასაკის მიხედვით, ახალგაზრდული გუნდი მიწევს.
- ამ შეჯიბრებაში თავიდან "გრან კანარიას" სასტარტო ხუთეულში იყავი, შემდეგ რამდენიმე მატჩი გამოტოვე...
- კუნთი გამეჭიმა და ამის გამო ერთი თვე გამიცდა, სათანადოდ ვერ ვვარჯიშობდი. თუმცა, გუნდს რომ დავუბრუნდი, ფორმის აღდგენა არ გამჭირვებია. ბოლო მატჩი ხუთეულში ვითამაშე, 24 წუთში 5 ქულა და 6 მოხსნა მქონდა.
- "გრან კანარია" ება-ს ლიგაზე რა დონის გუნდია?
- ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. მართალია, სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის არ არის, მაგრამ აქამდე ჩატარებული შეხვედრებიდან უიმედოდ არც ერთი არ წაუგია, ყველას მოგება შეგვეძლო. ბოლო წამებზე 2-3 ქულის სხვაობით არაერთი მატჩი დავთმეთ.
- რა არის ამის მიზეზი? ძალიან ახალგაზრდული გუნდი ხომ არ გყავთ?
- ასეა. ერთი კალათბურთელის გარდა, 21 წელზე უფროსი არავინაა. ება-ს ლიგაზე თამაშით გამოცდილებას ვაგროვებთ. ვფიქრობ, ნელ-ნელა შედეგიანობასაც გამოვასწორებთ.
- ის ერთი, ყველაზე უფროსი ვინ არის?
- 40 წლის ბერნი პერესია, რომელსაც აქამდე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი ჩაუტარებია. ძალიან ძლიერი კალათბურთელია, მისგან ბევრს ვსწავლობ. ახალგაზრდულ შემადგენლობაში ბერნისებრი გამოცდილი კალათბურთელი ძალიან საჭიროა.
- "გრან კანარიას" უმაღლესლიგურ გუნდთან ერთად ამხანაგური მატჩები ითამაშე, ოფიციალურში კი დებიუტს ველით...
- ესპანეთის ჩემპიონატი რომ დაიწყო, მწვრთნელმა მითხრა - ება-ს გუნდის პარალელურად ჩვენთანაც ივარჯიშე და როცა დაგვჭირდები, მაშინ გათამაშებთო. დღეში ორი ვარჯიში მომიწევდა, დილას პირველ გუნდთან, საღამოს დუბლებთან. რადგან საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის ვემზადები, სკოლაში დავდივარ, დილას "გრან კანარიას" ვარჯიშზე რეგულარულად სიარული გამიჭირდებოდა. ამიტომ გადაწყდა, რომ ამ სეზონში მხოლოდ ება-ს გუნდში ვიქნები.
- ესპანეთში უნივერსიტეტის გამოცდებისთვის სკოლის პარალელურად მასწავლებლებთან ინდივიდუალურად მომზადება ხომ არ არის საჭირო?
- არა, რა თქმა უნდა. სწავლება იმ დონისაა, დამატებით აღარაფერია საჭირო. მთავარია, მოინდომო და პროგრამას სათანადოდ მიჰყვე.
- ბოლოს, რამეს ხომ არ დაამატებდი?
- ყოველდღიურად ხმას ვაძლევ ზაზა ფაჩულიას, ძალიან მინდა NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში მოხვდეს. ერთობლივად შეგვიძლია ზაზას დიდი დახმარება გავუწიოთ. მინდა ყველას აქტიურობისკენ მოვუწოდო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
15 წუთში/ წარმატებები