ვიქტორ სანიკიძე: ზუროსს ჩემი "თოფაზში" გადაყვანა სურდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ტედ კოლეჯის" ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს თურქეთში დავუკავშირდით და ვესაუბრეთ თურქეთზე, ნაკრებზე, მწვრთნელებსა და ლიტვასთან მატჩიც გავიხსენეთ.

ვრცელ ინტერვიუს სამშაბათს, "LELO WEEK"-ში იხილავთ, აქ რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.

ტედ კოლეჯი
- შარშანდელ სეზონში "ტედ კოლეჯს" საქმე ცუდად ჰქონდა. ბოლო 4 მატჩიდან ორი რომ წაეგოთ, მეორე ეშელონში დაქვეითდებოდნენ. სამში გაიმარჯვეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

მას მერე გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. მხოლოდ ერთი ლეგიონერი დარჩა, მასაც 2014-15 წლების სეზონის ბოლო რამდენიმე მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ახლად შეკრებილმა გუნდმა კი, წარმატებით რომ
ითამაშოს, უნდა შეთამაშდეს, რასაც დრო სჭირდება. "ტედ კოლეჯი" კი "ფენერბაჰჩე" არ არის, უმაღლესი კლასის კალათბურთელებით გავიდეს ფონს და ორი-სამი კაცის ცვლილება არ დაეტყოს.

გემახსოვრებათ, "ფენერის" თავკაცს, ჟელკო ობრადოვიჩს პირველ სეზონში ძალიან გაუჭირდა, ევროლიგის ფინალურ ოთხეულში ვერ გავიდა. შემდეგ კი გუნდი ათამაშდა და ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ტედ კოლეჯი" სეზონის დაწყების შემდეგ უკვე შეთამაშდა და მას მერე ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ.

თურქეთი
- უცნაური ლიგაა. ხშირია შემთხვევა, როცა ფავორიტებს თანაბრად ეთამაშებიან აუტსაიდერები. ლიდერებს შედარებით სუსტებთან განსაკუთრებით გასვლით შეხვედრებში უჭირთ და ვერავინ იტყვის, რომ თუნდაც "ფენერს" სტუმრად აუტსაიდერთან გამარჯვება გარანტირებული აქვს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ დაფინანსება ყველას მეტ-ნაკლებად კარგი აქვს და შემადგენლობასაც ძლიერი კალათბურთელებით კრებს.

იგორ კოკოშკოვი
- დეკემბერში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ქართველ საზოგადოებას დამშვიდობების წერილი გამოუგზავნა. მეორე დღეს დავწერე, ის, რასაც ვფიქრობდი.

იგორ კოკოშკოვს მადლობა გადავუხადე. მან ხომ ჩვენთან ერთად 2008 წლის შემდეგ ძალიან ბევრი იშრომა. მასთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ილიას ზუროსი
- მისი გუნდის წინააღმდეგ ერთხელ ვითამაშე. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთს რომ დავუპირისპირდით სწორედ ზუროსი წვრთნიდა. როგორც ყოველთვის, საბერძნეთი მაშინაც ძლიერი იყო.

სხვათა შორის, ზუროსი შარშან ჩემი გადაყვანითაც იყო დაინტერესებული. "უნიქსში" რომ ვირიცხებოდი და მწვრთნელი არ მათამაშებდა, ჩემმა მენეჯერმა მითხრა, თურქულ "თოფაზში" ილიას ზუროსი გეპატიჟებაო.

თუმცა ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა.

ჩერნოგორია
- საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე საინტერესო მეტოქეები ერგო: ჩერნოგორია, სლოვაკეთი და ალბანეთი. ჩემს გუნდში თამაშობს ჩერნოგორიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დრაგიჩევიჩი, რომელიც პეკოვიჩის მეგობარია. სწორედ მან მითხრა, რომ პეკოვიჩი არც 2016 წელს აპირებს სანაკრებო მატჩებისთვის ჩამოსვლას. ვუჩევიჩი ჩამოვაო.

გუნდის წამყვანი მოთამაშეა მანუჩარ მარკოიშვილის თანაგუნდელი ბიელიცაც. შემადგენლობაში ბევრი იქნება ჩერნოგორიის ჩემპიონი "ბუდუჩნოსტის" წარმომადგენელი.

ყველაზე სახიფათო კი ტაირის რაისი იქნება, ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც ნატურალიზებული სტატუსით ჩერნოგორიის ნაკრებში ითამაშებს. თავად განსაჯეთ: შარშან ევროთასი მოიგო და შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, 2014 წელს - "მაქაბისთან" ერთად ევროლიგაზე გაიმარჯვა და ფინალური ოთხეულის MVP-ის წოდება ერგო.

ევრობასკეტი 2015
- გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მხოლოდ ერთი თამაში მახსენდება - საქართველო-ლიტვა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ხორვატიაში, ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული შეხვედრები მხოლოდ შესარჩევისა იყო.

საფრანგეთში, მერვედფინალის წინ თანაგუნდელებსაც ვუთხარი - ლიტვისთვის საქართველო ასე საშიში არასოდეს ყოფილა-მეთქი. ეს მატჩისასაც გამოჩნდა, კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ბევრ კომპონენტში ვაჯობეთ და მოგებასაც ვიმსახურებდით, მაგრამ...

ეს იყო ყველაზე დასანანი მარცხი ჩემს კარიერაში.

ლილის დარბაზში საოცარი ატმოსფერო იყო. ერთ მხარეს უამრავი ლიტველი ქომაგი, მეორე მხარეს ჯგუფ-ჯგუფად მსხდომი ხმაურიანი ქართველები, შეხვედრას ბევრი ფრანგიც დაესწრო და არენა მთლიანად გაივსო. მანამდე ყველა მერვედფინალური შეხვედრა დამთავრებული იყო და მთელი საკალათბურთო საზოგადოება ჩვენს თამაშს ელოდა.

დამატებითი ემოცია შეგვძინა მატჩის წინ, ჩაბნელებულ დარბაზში საქართველოსა და ლიტვის დროშების გამოჩენამ. მეტოქის დროშის გასწვრივ ეწერა - მეოთხე ადგილი მსოფლიოს რეიტინგში...

ვგრძნობდით, რომ ლიტველების გარდა, ყველა ჩვენ გვქომაგობდა... ცოტა დაგვაკლდა. ძალიან ცოტა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭო ჩერნოგორია თუ ახერხებს ასეთი მაღალი დონის ნატურალიზებულის დათრევას ჩვენ რა ოხრობა გვჭირს.
sabonis
12:54 15-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული