სანიკიძე VS მარკოიშვილი - თურქეთში ქართველების დუელი გაიმართა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის მონაწილე 2 ქართველი ლეგიონერის გუნდები ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ.

ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯლერმა" მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკას" უმასპინძლა. ორივე ქართველმა საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა, გამარჯვება კი მარკოიშვილის გუნდს დარჩა - 84:71.

პირველი პერიოდის 17:22 წაგების შემდეგ მასპინძლებმა მეორე ათწუთეული 5 ქულით მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი იყო. სტამბოლელებმა მესამე მეოთხედში მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რაც მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ "დარუშაფაკამ" 13-ქულიანი გამარჯვება იზეიმა.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე მათგანი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვილმა
მოედანზე 24 წუთზე ოდნავ მეტი ხანი გაატარა და შეხვედრა 11 ქულით, 2 მოხსნით, 2 ჩაჭრით და 1 პასით დაასრულა. მანუჩარმა 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.

რაც შეეხება სანიკიძეს, ის მატჩის ერთადერთი მოთამაშე გამოდგა, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. სანიკიძემ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

საბოლოოდ სანიკიძის ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა, თუმცა ვიქტორს მატჩში უმეტესი - 5 დაკარგვა ჰქონდა. სანიკიძის გუნდში საუკეთესო შედეგი (18 ქულა) ჯეი ლუკასს ჰქონდა, ხოლო გამარჯვებულ დარუშაფაკელებს 17 ქულით სკოტ ვილბეკინმა ულიდერა.

12 მოგებითა და 7 მარცხით მარკოიშვილის გუნდი ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო "თედ კოლეჯლერს" პირიქით - 7 მოგების წილ 12 წაგება აქვს და 16-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული