როგორი იყო მე-13 რეგულარული სეზონი ზაზა ფაჩულიასთვის?

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ NBA-ში მე-13 რეგულარული სეზონი დაასრულა, რომელიც 32 წლის ვეტერანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა კარიერაში, თუ ყველაზე საუკეთესო არა.

მაინც, რით იყო გამორჩეული ეს სეზონი "დალასის" ქართველი ცენტრისთვის? პირველ რიგში იმით, რომ მისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა. "დალასმა" ზაზა "სათადარიგო ვარიანტად" ჩაიგდო ხელში, მას მერე, რაც პირველი ხარისხის ვარკსლავებს ვერ შეწვდა.

"მილუოკიმ" სანაცვლოდ ფაქტობრივად არაფერი მიიღო და ძალიანაც შეცდა. "მილუოკიმ" სეზონი ჩააგდო, მაშინ, როცა "დალასმა" საკმაოდ სუსტი შემადგენლობით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ითამაშებს.

ზაზამ დიდებულად დაიწყო
სეზონი და "ოლ სტარის" შესვენებამდე ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო, "ორმაგი დუბლების მანქანა". ჩვენებური კარიერაში პირველად სერიოზულად იყო "ყველა ვარსკვლავის" თამაშზე მოხვედრის კანდიდატი და ხმებით ცოტა დააკლდა იქ მოხვედრამდე.

ფაჩულიასთან ერთად "დალასის" დაცვა გაცილებით სოლიდური იყო, ქართველი არც შეტევაში მოიკოჭლებდა. "ოლ სტარის" შემდეგ "დალასის" თავკაცმა რიკ კარლაილმა აქცენტი დაბალ და სწრაფ შემადგენლობაზე გააკეთა, ზაზამ სასტარტოში ადგილი დაკარგა და დამატებულმა დევიდ ლიმაც წაართვა სათამაშო წუთები. სეზონის ბოლოს ჩვენებური მხოლოდ ეფემერულად გაიბრწყინებდა ხოლმე.

სტატისტიკა
2003 წლის დრაფზე "ორლანდოს" მიერ 42-ე ნომრად არჩეულმა ფაჩულიამ 13 რეგულარული სეზონი ითამაშა: 8 "ატლანტაში", 3 "მილუოკიში" (ორი პერიოდი), და თითო "ორლანდოსა" და "დალასში". სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი გახდება და ახალი კლუბი მოსაძებნი აქვს.

* კარიერაში ფაჩულიამ 891 მატჩი ითამაშა, აქედან 386 სასტარტოში. მის ანგარიშზე 6 348 ქულა, 5 319 მოხსნა და 1 101 პასია.

* ამ სეზონში მან "დალასის" 82 თამაშიდან 76-ში ითამაშა, 69-ჯერ ის სასტარტო ცენტრი იყო.

* სეზონში ზაზამ 650 ქულა ჩააგდო, ბურთი 718-ჯერ მოხსნა და 128 პასი გააკეთა.

* სეზონის საშუალო მაჩვენებელი ასეთია: 8,6 ქულა; 9,4 მოხსნა და 1,7 პასი.

* ეს შედეგი კარიერის საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესია: 7,1 ქულა; 6,0 მოხსნა და 1,2 პასი.

* მატჩში საშუალოდ 8,6 მოხსნა ზაზას კარიერაში მესამე შედეგია. საუკეთესო იყო 2006/07 სეზონი (ატლანტა) - 12,2 ქულა მატჩში.

* მატჩში საშუალოდ 9,4 მოხსნა მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 7,9 მოხსნა იყო. გაუმჯობესება თვალში საცემია.

* საშუალოდ 1,7 პასი მისი მეოთხე შედეგია კარიერაში. უკეთ ამ კომპონენტში ბოლო ორ სეზონში "მილუოკიში" თამაშობდა - 2,6 და 2,4 პასი საშუალოდ.

* ზაზას კარიერაში არ ჩაუგდია სამქულიანი. ამ სეზონში მან სამჯერ ესროლა შორეული დისტანციიდან.

* სეზონში ქულების რაოდენობით ზაზა 157-ეა ლიგაში. მოხსნებით - მე-14. პასებით - 141-ე.

* ზაზას საუკეთესო მაჩვენებელი მეტოქის ფართან მოხსნებია - ამით ის ლიგაში მე-6 ადგილზეა.

* ამ სეზონში ფაჩულია მოედანზე საშუალოდ 26,4 წუთი იყო. კარიერის საშუალო მაჩვენებელი 21,5 წუთია.

* სეზონის ყველა მონაცემის კომბინაციით ზაზა სიძლიერით 21-ე ცენტრია ლიგაში.

* ფაჩულიამ ამ სეზონში 26 ორმაგი დუბლი გააკეთა, რაც მისი რეკორდია. აქამდე საუკეთესო სეზონი 2005/06 (ატლანტა) იყო - 21 დუბლით.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლო წამზე გატანილი ეგ სამქულიანი მსაჯებმა არ ცატვალეს
0
ის არ ჩათვალეს, დრო ამოწურული იყოო
irakli Apkhaidze
20:59 14-04-2016
0

სიახლეები პოპულარული