გივი ბიჭიაშვილს 6 მარტს 70 წელი შეუსრულდა. შედარებით ასაკოვან გულშემატკივარს ემახსოვრება, თბილისის "ქარიშხალასა" და "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი როგორ გავიდოდა მოედნის კიდესთან, მიიღებდა ბურთს, აიწეოდა და... რა თქმა უნდა, ჩააგდებდა! ბედი არ გინდა? - კალათბურთში სამქულიანები სწორედ იმ წელს შემოიღეს, როდესაც ბატონმა გივიმ კარიერა დაასრულა. არადა, სამქულიანების ეპოქაში რომ ეთამაშა, რამდენით გაიზრდებოდა მისი მონაგარი?!
გუშინ, 6 მარტს, გივი ბიჭიაშვილი კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საღამოზე სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის ორდენით დააჯილდოვა.
იგი 7 წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა, საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა. მას მერე სუპერლიგის ტურს არ აცდენს და ყოველთვის საინტერესოდ მსჯელობს ქართულ კალათბურთზე. თუმცა, მოდით, ჯერ სროლის სიზუსტეზე ვთქვათ. ვის-ვის და, ბატონ გივის კარგად მოეხსენება, რა არის საჭირო კარგი სნაიპერობისთვის.
"სროლის სიზუსტე რამდენიმე ნიუანსზეა დამოკიდებული. თუ სროლის გრძნობა არ გაქვს, რთულია უმაღლესი შედეგების მიღწევა. თუმცა დაუღალავი შრომით ბევრი რამის გამოსწორებაც შეიძლება. ხოლო, თუ გრძნობაც გაქვს და თან არც შრომა გეზარება, ამას რა სჯობს!
კალათბურთს რომ ვთამაშობდი, ვარჯიშების დასრულების შემდეგაც ვრჩებოდი და სროლას ვხვეწდი. როდესაც მეტოქემ იცის, რომ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული მსროლელი ხარ, განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს შენ წინააღმდეგ. შენი ფუნქცია კი არ იცვლება - ბურთის ჩაგდება. სწორედ ამ დროს არის აუცილებელი, ვარჯიშებზე ბევრი ისეთი ნიუანსი დაამუშავო, მოწინააღმდეგისგან თავის დაღწევაში რომ დაგეხმარება".
გივი ბიჭიაშვილი საქართველოს ნაკრების მატჩებსაც რეგულარულად ადევნებს თვალს და NBA-საც. დავინტერესდით, რომელიმე თანამედროვე კალათბურთელში თუ ხედავს იმ სტილის მოთამაშეს, როგორიც თავად იყო.
"ამ საკითხზე ნამდვილად არ მიფიქრია. მომწონს მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც ნიჭითა და შრომისმოყვარეობით ევროპაში ძალიან ბევრს მიაღწია.
რაც შეეხება ამერიკას, საოცარია სტეფ კარი. ზოგჯერ მის წინაშე 210 სმ სიმაღლის კალათბურთელები დგანან, მაგრამ ისეთ დროს აიწევა და ესვრის, მეტოქე ერთ ადგილზე შეშდება; წამის მეასედში ისეთ მოძრაობებს ასრულებს, დამცველი ვერაფერს ასწრებს".
რას ნიშნავდა გივი ბიჭიაშვილისთვის სპორტის სასახლის სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში?
"გულშემატკივრის ფაქტორი ჩემზე ძალიან მოქმედებდა. ყოფილა შემთხვევები, ღამის 2-3 საათამდე ვერ დამიძინია მეორე დღის თამაშზე ფიქრით.
ამ შემთხვევაში ასაკს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად გამოცდილიც უნდა იყო, მაინც ბევრს ფიქრობ, მაინც მოქმედებს ნერვებზე. მეორე დღეს გამოდიხარ სპორტის სასახლის მოედანზე და გხვდება პირამდე გავსებული დარბაზი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ყოველთვის ერთი მიზანი მქონდა - გამეხარებინა ჩვენი ქომაგი. თუ ამას მოვახერხებდი, მეც გახარებული გავდიოდი დარბაზიდან. წარმოუდგენელი სიამოვნებაა, როდესაც თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი ტაშს გიკრავს.
ქართველი ქომაგი ყოველთვის სამართლიანია: შეიძლება წააგო, მაგრამ თუ ბრძოლას ხედავს, მაინც აპლოდისმენტებით გაცილებს, გვერდში გიდგას, გაგრძნობინებს - არა უშავს, შემდეგს მოვიგებთო. მინდა დღესაც მადლობა გადავუხადი გულშემატკივარს ჩვენ მიმართ გამოჩენილი სიყვარულისთვის.
სხვათა შორის, ამერიკიდან რომ ჩამოვედი და პირველად დავესწარი საქართველოს ნაკრების თამაშს, თვალწინ წარმომიდგა "დინამოს" გულშემტკივარი. ის ხმა გამახსენდა, ტრიბუნებიდან რომ ისმოდა. მაშინ ხომ საქართველოს ნაკრები სწორედ თბილისის "დინამო" იყო და ქომაგიც ისევე მხურვალედ გვგულშემატკივრობდა, როგორც დღეს ეროვნულ გუნდს".
მაყურებლის სიყვარულის გარდა, ბატონ გივის კიდევ არაერთი გასახსენებელი აქვს...
"შეიძლება ითქვას, 80 პროცენტით მიხეილ კეკელიძის გაზრდილი ვარ. ბევრი რამ მასწავლა. მისი ხელმძღვანელობით შემდეგში "ქარიშხალაში" ვთამაშობდი.
მაშინდელი ლენინგრადის, ამჟამინდელი პეტერბურგის "სპარტაკთან" მატჩში ბევრი არ მითამაშია, თუმცა მწვრთნელმა მატჩის დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე მოედანზე შემიყვანა. შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა და წინასწარ ცხადი იყო, რომ თამაშის ბედი შეიძლებოდა ერთ ტყორცნას გადაეწყვიტა. 40 წამით ადრე ბურთი ჩვენ დაგვრჩა, ანგარიში თანაბარი იყო. შეტევისთვის 30 წამი გვქონდა (მაშინ 24-ის ნაცვლად 30 იყო). ბურთი გავათამაშეთ და მეტოქემ განსაკუთრებული ყურადღება მათზე გადაიტანა, ვინც ბევრი ითამაშა. მე ახალი შესული ვიყავი და ნაკლები ყურადღება მომაქციეს. პარტნიორებმა თავისუფალ პოზიციაში რომ დამინახეს, პასი არ დამიგვიანეს.
დარბაზი სავსე იყო, მოგება საოცარ სიხარულს მიანიჭებდა ყველას... ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, თუმცა თამამად ვტყორცნე და... ის მატჩი 2 ქულის სხვაობით მოვიგეთ".
გივი ბიჭიაშვილს საკუთარი სარეკორდო მატჩიც ახსოვს. ეს იყო ცსკა-სთან, ვილნიუსის ტურში. არმიელებს მან 39 ქულა ჩაუგდო. მაშინ თბილისის "დინამო" დამარცხდა. თუმცა იუბილარი იმ მატჩებსაც იხსენებს, მოსკოვის არმიელებისთვის რომ უჯობნია.
"მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც კალათბურთით მომწამლეს, შთამაგონეს, ხელი შემიწყეს... პატარა რომ ვიყავი, ჩემთვის კალათბურთი გასართობი იყო, თუმცა, როდესაც ახალგაზრდულ ასაკში სსრ კავშირის პირველობაზე საქართველოს ღირსების დაცვა მომიწია, სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ გართობა აღარ იყო - ჩემს გუნდს სახელმწიფოებრივი დანიშნულება ჰქონდა, უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ხოლო თუ სპორტში დიდ შრომას, დიდ სიყვარულს ჩადებ, გარჯა დაგიფასდება.
რამდენიმე წელიწადში ჩვენი კალათბურთისადმი სიყვარული გულშემატკივრის ჩვენდამი სიყვარულში გადაიზარდა. შუალედში კი, ისევ და ისევ, დიდი შრომა... ასეა დღესაც.
მინდა ახალგაზრდა თაობამ ეს ყველაფერი კარგად გააცნობიეროს და ისევე გაგვახაროს, როგორც თავის დროზე ჩვენ ვახარებდით გულშემატკივარს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვულოცავ ბატონ გივის დაბადების დღეს,ვუსურვებ ჯანმრთელობას,დიდხანს სიცოცხლეს და მისი ოჯახის კარგად ყოფნას.
მე მახსოვს და თქვენი ბრწყინვალე, თავდადებილი თამაში. ძალიან გვახარებდი.
ნეტავ თქვენსავით ისროდნენ ეხლა ჩვენები სამქულიანებს და სხვა...
წარმატებები ბატონი გივი.