ასეთთა შორისაა თამაზ ოქრუაშვილი, რომლის ხელში საქართველოს ნაკრების არაერთ თაობას გამოუვლია. იგი ეროვნული გუნდის დღევანდელ ბირთვსაც ავარჯიშებდა - 1986 წელს დაბადებულთა ნაკრები (მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, ლაშა გამყრელიძე...) ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ათამაშა.
გადავწყვიტეთ, ბატონ თამაზთან ერთად თვალი გადავავლოთ ქართული კალათბურთის დღევანდელობას ანი-დან
ანი
- ბავშვთა კალათბურთში დიდი პრობლემებია. საქართველოს დარ პატარა ქვეყანაში წარმატეტებზე თუ ვფიქრობთ, კალათბურთი საყოველთაო სპორტად უნდა ვაქციოთ, რათა ნებისმიერ მწვრთნელს საუკეთესოთა არჩევის საშუალება ჰქონდეს. სკოლებში შემოიღეს კალათბურთის გაკვეთილები, თუმცა ვარჯიშებს არ დავსწრებივარ და არ ვიცი, როგორ მიმდინარეობს მეცადინეობები. თუ ეს სისტემა სრულყოფილად გაიმართა, დადებით შედეგს გამოიღებს.
რაგბი
- მხოლოდ კალათბურთის ფედერაცია საქმეს ვერ გასწვდება, საჭიროა შეიქმნას კალათბურთის განვითარების პროგრამა, რათა ნიჭიერი სპორტსმენები არ დაიკარგონ. სადღეისოდ სექციები ფასიანია და ამის გამო ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს კალათბურთზე სიარულს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რაგბის წარმატებებმა ბევრი ბავშვი სპორტის ამ სახეობისკენ მიატრიალა - მორაგბეთა ნაკრებმა ერთხელ მოუგო რუსეთს, მეორედ, მესამედ და მშობელმა რაგბიში პერსპექტივა დაინახა. პატარებში ფეხბურთის პოპულარობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
სელექცია
- საქართველოს 16 წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა ამ სეზონში 18-მდე გაიზარდა. 18 კი არა, ათჯერ 18 გუნდი უნდა თამაშობდეს. სელექციის გარეშე სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარება წარმოუდგენელია.
მწვრთნელი
- ბევრი რამ დამოკიდებულია მწვრთნელებზეც, რომლებსაც პროგრესისთვის მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, რაც დღევანდელ პირობებში რთული მისაღწევია. საიდან ექნება მოტივაცია, როცა ფინანსური დაინტერესება მინიმალურია. არადა, ნებისმიერი მწვრთნელი კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა ფიქრობდეს. ამას პირველ რიგში საკუთარ თავზე ინდივიდუალური მუშაობით უნდა მიაღწიოს.
16-წლამდელთა ნაკრები
- თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლა ტრაგედია ნამდვილად არ არის. საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას ყოველთვის ეტყობა თაობათა ცვლილება. არის ციკლი, როცა ერთბაშად რამდენიმე კარგი მაღალი კალათბურთელი ჩნდება. ზოგჯერ პირიქითაა. უნდა გამოვყო 1976 წელს დაბადებულთა თაობა, რომელშიც ბევრი ნიჭიერი ტანმაღალი კალათბურთელი გამოჩნდა - ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვლადიმერ სტეფანია, დავით ბერძენიშვილი... ასევე კარგი თაობაა 1986-წლიანებისა - მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, ლაშა გამყრელიძე.
გარდა იმისა, რომ 1995-წლიანთა თაობაში ტანმაღალი კალათბურთელების დეფიციტია, არ უნდა დავივიწყოთ: კადეტთა ნაკრები საერთაშორისო სარბიელზე პირველად გავიდა. ეს ბიჭები კიდევ მოუმატებენ და მერწმუნეთ, B დივიზიონის ბევრ ძლიერ ნაკრებს დაამარცხებენ. კარგია, რომ მაღალი დონის გუნდებთან ითამაშეს. ეს მათ სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ. არ შეიძლება ამა თუ იმ ნაკრებს ერთბაშად ვარსკვლავების მოწყვეტა მოვთხოვოთ.
ჩინეთი
- როცა სელექციაზე ვლაპარაკობთ, ჩინეთის მაგალითი უნდა მოვიხმოთ. ამ ქვეყნის კადეტებმა თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ყველა მეტოქე დაამარცხეს. მასპინძლებსაც აჯობეს. ეს მაშინ, როცა თურქეთშიც საკალათბურთო ბუმია. როგორც ჩანს, ჩინელები სელექციაზე სერიოზულად მუშაობენ, 16-წლამდელთა ნაკრებში უკვე 216 და 208 სმ სიმაღლის კალათბურთელები ჰყავთ. მეტიც - 216 სმ-ის მოთამაშე პლეიმეიქერის ფუნქციებს ასრულებს. საქართველოსგან განსხვავებით, თაობათა შორის ჩავარდნები ჩინელებს არასოდეს დაეტყობათ.
გამოსავალი
- სადღეისოდ ნელ-ნელა უმჯობესდება უმაღლესი ლიგის კლუბების მდგომარეობა. ჩემი აზრით გამოსავალი სწორედ მათშია: თითოეული გუნდი სათანადო შევსებით უნდა დაინტერესდეს, რისთვისაც აუცილებელია ახალგაზრდული და ბავშვთა გუნდების შექმნა. შედეგად კალათბურთით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობაც მოიმატებს... პატარებისთვის სპორტი ზეიმი უნდა იყოს - ხშირად იმართებოდეს ფესტივალები.
...გაგრძელებას ხვალ შემოგთავაზებთ: თამაზ ოქრუაშვილი სუპერლიგასა და საქართველოს ჩემპიონატზე მოგვითხრობს.
.