ევროლეგენდა ევრობასკეტს წარმოგვიდგენს

AutoSharing Option
ისრაელი, სლოვენია, თურქეთი, ესპანეთი... ამ ქვეყნების შემდეგ ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი საქართველოს ეწვია. იგი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ელჩია და ევრობასკეტის დაწყებამდე შეჯიბრების მონაწილე ყველა ქვეყანაში მოაწყობს პრეზენტაციას.

საბონისი გუშინ სტამბოლი-თბილისის ავიარეისით 16:25 საათზე ჩამოფრინდა. მას დახვდნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, სპორტის დეპარტამენის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი და საბონისის მეგობარი, ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ დერიუგინი.

- მოგეხსენებათ, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატს ჩემი სამშობლო, ლიტვა უმასპინძლებს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, თანაც პირველად და იმედი მაქვს ღირსეულადაც გამოვა. აქ იმიტომაც ვარ,
რომ თქვენს ქვეყანას ევრობასკეტი წარვუდგინო. საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ და ახლაც სიამოვნებით ჩამოვედი, - განაცხადა არვიდას საბონისმა.

ნიკოლოზ დერიუგინი საბჭოთა კავშირის ნაკრებში საბასის თანაგუნდელი იყო, ხოლო "დინამო"-"ჟალგირისის" მატჩებისას ისინი ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ.

- საბჭოთა ჩემპიონატში არაერთი მაღალი დონის ცენტრი იყო, თუმცა ბევრს ვუმკლავდებოდი. არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაში კი ჭირდა - იგი მაღალიც იყო, მოქნილიც და ჭკვიანიც... სსრკ-ს ნაკრებში მის გვერდით არაერთი მატჩი ჩამიტარებია, მასთანაც და სხვა ბალტიისპირელებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, - გაიხსენა ჩვენმა მსოფლიო ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა.

სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სამყურაშვილმა აღნიშნა:
- დღეს თბილისში მნიშვნელოვანი სტუმარი ჩამოვიდა - ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი, არვიდას საბონისი. მისი ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის თბილი ურთიერთობებისა, რაც სპორტზეც სათანადოდ აისახება.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტის ელჩის ჩამოსვლა ორი თვით ადრე დაიგეგმა, საბონისი ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ქვეყანაში იყო და საქართველოში ჩამოსვლაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

დღეს, 25 მაისს საბონისი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას. დღესვე ლიტველი "თბილისი მერიოტში" ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ პრეზენტაციას მოაწყობს. მისი ვიზიტი 26 მაისს კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება და 27-ში დასრულდება.


დოსიე
არვიდას საბონისი

დაიბადა 1964 წლის 19 დეკემბერს კაუნასში.
პოზიცია: ცენტრი, 221 სმ.
კარიერა 1981 წელს კაუნასის "ალგირისში" დაიწყო.

საკლუბო კარიერა

კაუნასის "ჟალგირისი" (ლიტვა) (1981-1989 წლები)
"ვალიადოლიდი" (ესპანეთი) (1989-1992 წლები)
მადრიდის "რეალი" (ესპანეთი) (1992 -1995 წლები)
"პორტლენდი" (აშშ) (1995-2001, 2002-2003 წლები)
კაუნასის "ჟალგირისი" (ლიტვა) (2003-2005 წლები)

ტიტულები

ინდივიდუალური პრიზები

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1985)
2 გზის ევროპის წლის საუკეთესო კალათბურთელი (1985, 1997)
2 გზის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1994, 1995)
ევროლიგის ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშე (1995)
ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე (2004)
ევროლიგის

Top-16-ის საუკეთესო მოთამაშე (2004)


სანაკრებო პრიზები
ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (1988)
ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ლიტვის ნაკრებთან ერთად (1992, 1996 წლებში)
მსოფლიო ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1982)
ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად (1995)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული