არვიდას საბონისი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ

AutoSharing Option
ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი 24 მაისს თბილისს 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ევროპული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა, არაერთი ტიტულის მქონე ლიტველი ცენტრი ამჯამად ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ელჩი და ოფიციალური სახეა, რომელიც მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის პოპულარიზაციის პროპაგანდას ევროპის სხვადასახვა ქვეყნებში ეწევა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი მოწვევით, საბონისი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად ჩამოვიდა. 25 მაისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მოეწყო ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც ლიტვის ელჩმა და თავად არვიდას საბონისმა წარმოადგინეს.

სტუმრებმა, საქართველოში ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა, არვიდას საბონისმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.

იონას პასლაუსკასი:" მოგესალმებით, მიხარია რომ საქართველოში ამდენი მეგობარი გვყავს. საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა წარმატება გისურვოთ. კალათბურთი ლიტვაში თითქმის რელიგიის დონეზეა აყვანილი, ეს სპორტის სახეობა ლიტველებს ძალიან უყვართ. არვიდას საბონისი დიდი კალათბურთელი იყო და მას ლიტვაში ყველა აფასებს, გვიხარია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ბავშვთა აკადემია დააარსა."

არვიდას საბონისი:" მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. დიდი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და ეს უდავოდ სასიხარულო ამბავია. მინდა, რომ ლიტვაში წარმატება გისურვოთ. თქვენი ჯგუფის ფავორიტები რუსეთი და სლოვენია არიან, თუმცა მთლიანობაშიც საკმაოდ რთული ჯგუფია და საინტერესო შეხვედრებს ველი. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებს, ნომერ პირველი ფავორიტი, ცხადია ლიტვაა, სხვებსაც კარგი ნაკრებები ჰყავთ - ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია და საბერძნეთი ბოლომდე იბრძოლებენ."

ამის შემდეგ საბონისმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორი ფირმა "ტუტაა", რომელიც თქვენი კომპანიაა, საქართველოს ნაკრებსაც და ფირმა "ტუტასაც" ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი გექნებათ, რას ელით?

- ჩემმა ფირმამ სახელი შეიცვალა და ახლა ჰქვია "საბას-220", გარდა იმისა რომ სპორტულ ტანისამოსს ვუშვებთ, ვაწარმოებთ ჩვეულებრივ ტანისამოსს, რომლის მოხმარებაც შეუძლია ჩემსავით მაღალ ადამიანებს. იმედია, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი წარმატებული იქნება, დარწმუნებული ვარ მოთამაშეებს ამ ფორმაში დისკომფორტი არ შეექმნებათ.

"ჟალგირისის" და თბილისის "დინამოს" შეხვედრებს როგორ გაიხსენებთ?

- საინტერესო, დაძაბული მატჩები იყო. გადაჭედილი ტრიბუნების ქვეშ ვთამაშობდით, ახლა ის შეხვედრები კარგად მახსენდება.

ბესო ლიპარტელიანი:" დიდი მადლობა საბონისს, იმისთვის რომ გამონახა დრო და თბილისში ჩამოვიდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, ამდენად ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იქნება და ნაკრები მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ჯგუფიდან გავიდეს."

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული