ლიტვას ოქრო, საქართველოს იღბალი

AutoSharing Option
თბილისში ვიზიტის მეორე დღე ლიტვური კალათბურთის ლეგანდამ არვიდას საბონისმა ევრობასკეტის პრეზენტაციით გახსნა. ქართველთათვის ლიტვის ევრობასკეტის წარდგენის შემდეგ საბონისმა სპორტის სამინისტროს მიაშურა და მის ხელმძღვანელ ლადო ვარძელაშვილს შეხვდა. საქმიანი საუბრის შემდეგ ლიტვურმა დელეგაციამ დაათვალიერა ქართული სპორტის მუზეუმი და კულტურული ღონისძიებები მცხეთაში გასვლით განაგრძო...

საქართველოში ბევრმა იცის, ვინ არის არვიდას საბონისი, თუმცა შეიძლება არ იცოდეს, რომ ლეგენდარულ ლიტველ ცენტრს უთამაშია როგორც ნიკოლოზ დერიუგინის, ასევე მეორე ქართველი ნიკოლოზის, ცქიტიშვილის წინააღმდეგ. არადა, ცქიტო 1983 წელსაა დაბადებული, საბონისმა კი მსოფლიო ჩემპიონატი 1982 წელს მოიგო...

არვიდასი
NBA-ში 2003 წლამდე თამაშობდა, "პორტლენდის" ღირსებას იცავდა. გუნდი რომ დატოვა, მის ნაცვლად "პორტლენდის" ხელმძღვანელობამ ვლადიმერ სტეფანია აიყვანა. ვოვამაც სწორედ საბონისის 11-ნომრიანი მაისურა აირჩია.

ლიტველ გიგანტს სწორედ NBA-ელ ქართველებზე ვკითხეთ.

- სიმართლე გითხრათ, რაც ამერიკიდან წამოვედი, NBA-ს კალათბურთს დიდ ყურადღებას აღარ ვუთმობ. პლეი ოფის მატჩებსაც იშვიათად ვუყურებ. დაიწყება NBA-ს ფინალური სერია და აუცილებლად მივუჯდები ტელევიზორს. შესაბამისად, ვერც ზაზა ფაჩულიაზე ვილაპარაკებ ბევრს, თუმცა მისი რამდენიმე მატჩი ნანახი მაქვს, ვიცი რომ საქართველოს ნაკრების ლიდერია და ამერიკაშიც კარგად თამაშობს.

- NBA-ში ვლადიმერ სტეფანიას წინააღმდეგ გითამაშიათ.
- მისი გარჯა მახსოვს, მაგრამ უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ არ თამაშობდა...

- როგორ? ამპლუით ორივე ცენტრი იყავით...
- საქმე ისაა, რომ როცა მოედანზე ვიდექი, სტეფანია ჩემთან კონტაქტურ თამაშს ერიდებოდა, ბურთის ჩასაგდებად სამწამიანი ზონიდან გადიოდა.

- თქვენ ვისთან გიჭირდათ თამაში?
- რთული იყო ოლაჯოუნის წინააღმდეგ მოედანზე დგომა, ისევე როგორც შაკილ ონილის წინააღმდეგ. შაკი ფიზიკურად ძლიერია და მას პოზიციას ვერ დაათმობინებ.

- თანამედროვე მეფარეებზე რას იტყვით?
- ძლიერია დუაით ჰოვარდი, კარგადაც ხტება, სროლის სიზუსტეც არ დაეწუნება, მაგრამ ნაკლი მაინც აქვს: ფარიდან მოშორებით იგი სახიფათო არ არის - ბურთს არ ისვრის.

- ლიტვის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე NBA-ში მოთამაშე ზოგიერთი კალათბურთელი გამოაკლდება...
- დასანანია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ლინას კლეიზასა და იონას მაციულისს ტრავები აქვთ, ევრობასკეტამდე ისინი მოედანს ვერ დაუბრუნდებიან. თუმცა გვყავს მათი შემცვლელებიც. ასევე ტრავმა აქვს პოციუსს. მისი ევრობასკეტზე თამაშის შანსები 50/50-ზეა. ვიმედოვნებ, მისთვის და ლიტვის ნაკრებისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება.

- ლიტველებისთვის ევრობასკეტის კარგად დასრულება რას გულისხმობს?
- ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში ტარდება და გუნდისგან ოქროს მედლების მოპოვებას ველით. თუმცა, ისიც გვესმის, რომ საშინაო კედლები შესაძლოა ერთგვარ დაბრკოლებადაც იქცეს. ამიტომ, მთავარია კალათბურთელებმა ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლიონ. ასევე უნდა ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე მსოფლიოზე, რადგან მუნდიალზე აზიის და აფრიკის გუნდებიცაა...

- მიგაჩნიათ, რომ ევრობასკეტზე სუსტი გუნდები არ იქნება? გასათვალისწინებელია: მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე სწორედ ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ გაზარდეს.
- არც გამოკვეთილი ფავორიტია და არც - აუტსაიდერი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ 24-მდე გუნდების რაოდენობის გაზრდა კალათბურთის წინსვლის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია. ევრობასკეტზე მოხვედრის შემდეგ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა მეტად დაინტერესდება კალათბურთის განვითარებით, რაც მისასალმებელია. ჩვენთვის, ლიტველებისთვის გუნდების მომატებით სამუშაო კი გაიზარდა, მაგრამ მაინც დადებითად ვუყურებთ - ევრობასკეტზე 16 გუნდი რომ ყოფილიყო, ჩვენი ძველი მეგობრები (საქართველო, უკრაინა) და მეზობლები ლიტვაში ვერ ჩამოვიდოდნენ...

- ჩემპიონატის ფავორიტები კმაყოფილებით ნამდვილად არ შეხვედრიან გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდას.
- ისინი ამბობენ, აუტსაიდერებთან მატჩებში ტრავმის მიღების ალბათობააო... ჯერ ერთი, ტრავმები ყველა მატჩში შეიძლება მიიღო და მეორეც: უკვე ვთქვი, რომ ევრობასკეტზე მოხვედრილ გუნდთაგან ბევრი თანაბარი ძალის გუნდია - გამოკვეთილი აუტსაიდერი არ არის. ჩვენს ჩემპიონატზე სიახლეცაა: განაცხადში 12-ის ნაცვლად 14 კალათბურთელის შეყვანაა შესაძლებელი. ასე რომ, თუ ღირსეული შემცვლელი ეყოლება, ერთი მოთამაშის ტრავმა გუნდს არ უნდა დაეტყოს.

- საქართველოს ნაკრებსა და მის მეტოქეებზე რას ფიქრობთ?
- საინტერესო ჯგუფია. სერბეთთან, ლიტვასთან, ესპანეთთან და თურქეთთან ერთად თქვენი ჯგუფის ბინადარი სლოვენიაც ჩემპიონობის რეალურ პრეტენდენტად მიმაჩნია. საერთოდ კი თანაბარი ჯგუფია და მომდევნო ეტაპზე გასვლა ყველას შეუძლია. ცხადია, საქართველოს ნაკრებსაც. თუმცა, ჩემპიონატზე საჭიროა ცოტა სპორტული იღბალი და კარგი მომზადება... რაც შეეხება გულშემატკივრობას, ყველაზე მეტი ბილეთი ქართველებს გაქვთ და კლაიპედაში ისეთ ატმოსფეროში ითამაშებთ, როგორიც თბილისშია. კარგად მახსოვს, "ჟალგირისთან" ერთად საქართველოში რომ ჩამოვდიოდი, დარბაზი პირამდე ივსებოდა. ასეთ ვითარებაში თამაში და გამარჯვება ყოველთვის რთულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული