ევროპული კალათბურთის გიგანტი, ლიტველი არვიდას საბონისი დიდ სპორტში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, "ლელოს" კორესპონდენტ ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოობიექტივის არეში რომ მოექცა. მას შემდეგ ბალტიისპირელის მეტოქეებთან პაექრობა და შეუდარებელი ფარქვეშა გარღვევები არაერთხელ აღუბეჭდავს ფირზე.
ანდრიკას მახვილ თვალს, ცხადია, არც ქართული კალათბურთის ბრწყინვალე წარმომადგენლის, ნიჭითა და ოსტატობით გამორჩეული ნიკოლოზ დერიუგინის ტალანტი გამორჩენია.
გუშინ არვიდას საბონისი და ნიკოლოზ დერიუგინი თბილისში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ არა სპორტულ სარბიელზე - კალათბურთელთა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ელჩი საქართველოს დედაქალაქს სამდღიანი საქმიანი ვიზიტით ეწვია. ალექსანდრე კოტორაშვილმა გოლიათ
ლეგენდებს ჭაბუკური წლების გასახსენებლად უნიკალური ფოტოები აჩუქა და ამ შეხვედრის აღსანიშნავად მათთან სამახსოვრო სურათიც გადაიღო, რომელსაც დღეს ვთავაზობთ "ლელოს" მკითხველებს.