შსს-ის ამერიკელი ახალწვეულები ”ქართულმა პიცამ” და ”ცომის ბურთმა” გადარია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის გახსნით მატჩში "შსს-აკადემიამ" ბათუმში პარასკევს ითამაშა. გუნდს ვერ დაეხმარნენ ახალწვეულები ჯასტინ ტაბსი და ენტონი მუდი, რომლებიც საქართველოში იმ ღამით ჩამოვიდნენ.

შაბათს თბილ ქუდებში გამოწყობილებმა სტუ-"სამედიცინოს" მატჩს ტრიბუნებიდან მიადევნეს თვალი. პარალელურად არც ჩვენთან საუბარი დაიზარეს.

- საქართველო რამდენადაც შორია იმდენად ლამაზია. ლევან მიქაბერიძე (შსს-ს საკალათბურთო გუნდის სპორტული დირექტორი) აქამდეც მეუბნებოდა, რომ საინტერესო ქვეყანაში მოვდიოდი. ასეცაა, - დაიწყო ჯასტინ ტაბსმა.

საქართველოში რა კერძები მოგეწონაო - ასეთი კითხვა ხშირად ისმის და მის დასმას არც ვაპირებდი, მაგრამ ჯასტინმა თავად გაიხსენა:

- თამამად ვიტყვი: თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ერთი კერძი ჩემი "ფავორიტი" საჭმელების სიას სათავეში ჩაუდგა. ესაა ქართული პიცა, ხაჭაპური. მომეწონა ცომის ბურთი ხორცით (თავად მიხვდებით, რაზეა საუბარი - ავტორი).

თანამემამულეს ენტონი მუდიმაც კვერი დაუკრა:

- ამერიკაში, NBA-ს განვითარების ლიგაში 7 მატჩი ჩავატარე. ზოგჯერ მქონდა კარგი შედეგიც, თუმცა სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილო გახლდით და ამიტომ ჩემს აგენტს საზღვარგარეთის ვარიანტზე მუშაობა ვთხოვე. როცა შსს-ს წინადადება გამაცნო, დავინტერესდი, ბევრი არ მიფიქრია, კონტრაქტი გავაფორმე.

მუდი მომავალზეც სერიოზულად ფიქრობს:

- ვეცდები საქართველოში შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. აქ კარგი თამაში წარმატებული ევროპული კარიერის საწყისად გამოვიყენო.

ტაბსი და მუდი პოზიციურადაც გავიცნოთ. ენტონი მუდი (1989 წელსაა დაბადებული) 182 სმ სიმაღლის გამთამაშებელია:

- კოლეჯების ლიგაში ქულებს უხვად ვაგროვებდი, თუმცა კალათბურთი არაერთი კომპონენტისგან შედგება და რაც საერთო წარმატებისთვის იქნება საჭირო, მეც იმას გავაკეთებ.

ჯასტინ ტაბსი (1987) შედარებით მაღალი, 190 სმ სიმაღლისაა და უფო ათლეტურიც. სწორედ ამიტომ, იგი უნივერსალური კალათბურთელია:

- უფრო ხშირად მსროლელის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა შემიძლია გამთამაშებლობაც და მსუბუქი ფორვარდობაც. შსს-ს მწვრთნელი სადაც მეტყვის მეც იქ დავდგები.

როგორც ჩანს, ტაბსი საქართველოში ჩამოსვლამდე იცნობდა მომავალ თანაგუნდელებს:

- როცა შსს-ში გადმოსვლა გადავწყვიტე, გუნდის შემადგენლობას გადავხედე. დამხვდნენ ტრეისი სმიტი და ლარი ბლერი. ლარი ამერიკაშიც კარგად თამაშობდა და აქაც გამორჩეული უნდა იყოს. ვიმედოვნებ, ახალ თანაგუნდელებს ჩვენც მალე შევეწყობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული