ბესიკ ლიპარტელიანი: ფიბა-ევროპის პრეზიდენტს უნდობლობას ვუცხადებთ

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ ფიბამ ფიბა-ევროპისგან ევრობასკეტის ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარება მოითხოვა. ამას ეწინააღმდეგება ევროპის ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის საქართველო.

თუმცა ფიბა ქმედით ნაბიჯებზე გადავიდა, რისი პირველი მაგალითი ნარ ზანოლინისთვის კონტრაქტის შეწყვეტა გახლდათ. ეს ადამიანი ფიბა-ევროპის გენერალურ მდივნად მუშაობდა და პირველი მოწინააღმდეგე გახლდათ ევრობასკეტის ორის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვისა.

თავის მხრივ, საქართველოსა და კიდევ 27 ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ევროპის პრეზიდენტის ოლაფ რაფნსონის გადაყენებას ითხოვს. ასეთია სადღეისო სიტუაციის ზოგადი სურათი.

დეტალებზე სალაპარაკოდ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ვესტუმრეთ.

- ფიბა-ს მოთხოვნას,
ევროპის ჩემპიონატები ორის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართოს, ევროპის საკალათბურთო ფედერაციათა უმრავლესობა უარით შეხვდა. ამ საკითხზე კონსულტაციებს გავდიოდით ფიბა-ევროპის გენერალურ მდივან ნარ ზანოლინთან, რომელიც ასევე ეწინააღმდეგებოდა ფიბა-ს მოთხოვნას.

საკითხი 19 მაისს დანიშნულ კონგრესზე უნდა განგვეხილა, თუმცა მანამდე ერთი კვირით ადრე ნარ ზანოლინს კონტრაქტი შეუწყვიტეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

- ამის უფლება ჰქონდათ?
- საბოლოოდ ყველაფერი კანონის ფარგლებში გააკეთეს. თუმცა იმ ფედერაციებმა, რომლებიც ფიბა-ს მოთხოვნის წინააღმდეგნი ვიყავით, პრეზიდენტის, ოლაფ რაფნსონის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენეთ. მოვითხოვეთ რიგგარეშე ყრილობის ჩატარება და ფიბა-ევროპის პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

- რამდენ ხანში უნდა გაიმართოს ყრილობა?
- მოთხოვნიდან 60 დღეში. ამ საკითხზე ჩვენი მხარის იურისტები აქტიურად მუშაობენ და ცნობებსაც ყოველდღიურად გვაწვდიან.

- სულ რამდენი ფედერაცია ითხოვს რაფნსონის გადადგომას?
- 28. ზოგი თავს იკავებს, ზოგი საპირისპირო აზრზეა, თუმცა ერთ საკითხში მაინც ყველა თანხმდება - ევროპის ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს.

24 ლეგიონერი
ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, მანამდე კი საქართველოს ახლად დასრულებულ ჩემპიონატს შევეხოთ.

- საქართველოს ოცდაორივე პირველობა გინახავთ. როგორ ფიქრობთ, 22-ე ჩემპიონატი ყველას სჯობდა?
- 90-იანი წლების დასაწყისიდან საინტერესო პირველობები გვქონდა, თუმცა სიძლიერის მიხედვით ეს ჩემპიონატი ყველას აღემატებოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ 24 კარგი ლეგიონერი თამაშობდა.

"არმიას" სახით სუპერლიგაში სერიოზული ევროპული დონის გუნდი გვყავდა. არმიელებმა ევროჩელენჯის პირველ ეტაპზე ღირსეულად ითამაშეს და ჯგუფიდან გასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდათ. წარმოიდგინეთ, ქართველი ქომაგისთვის რაოდენ დიდი საჩუქარი იქნებოდა მეორე ჯგუფრ ეტაპზე თამაში...

"არმიას" სუპერლიგის ფინალში არანაკლები მეტოქე ჰყავდა - "ოლიმპმაც" ღირსეულად დაიკავა მეორე ადგილი. საყურადღებოა, რომ ეს გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე შეიკრიბა და იმდენი მოახერხა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო კოლექტივად ჩამოყალიბდა.

ვერც იმას ვიტყვით, რომ სხვა კლუბები აშკარა აუტსაიდერები იყვნენ. გავიხსენოთ თუნდაც არმიელთა მატჩები ქუთაისსა და რუსთავში, სადაც ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა. ხოლო "ქუთაისმა" "ოლიმპს" სეზონში სამი მატჩი მოუგო.

საერთოდ კი, იყო ხარვეზებიც, რომელიც გამოსასწორებელია და მომავალი სეზონისთვის ყველაფერს გავითვალისწინებთ.

- იყო გარკვეული პრეტენზიები მსაჯებთან მიმართებაში...
- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ წელს როცა რამის განხილვა იყო საჭირო, ფედერაციაში კლუბების ხელმძღვანელები მოდიოდნენ. არადა გასულ წლებში მთავარ მწვრთნელებს, ზოგჯერ ასისტენტებს აგზავნიდნენ. იმის თქმა მინდა, რომ ხელმძღვანელთა დამოკიდებულება შეიცვალა. ისინი თავად არიან ჩართულნი ყველა პროცესში. ეს მისასალმებელია.

- სეზონის დასაწყისში ზოგს გვეგონა, რომ ადგილობრივი მსაჯებით ჩემპიონატს ბოლომდე ვერ გაუმკლავდებოდით...
- პრობლემები ნამდვილად არის. სულ 6-7 მსაჯი გვყავს, რომელიც სუპერლიგიდან დაწყებული ბავშვთა მატჩებით დამთავრებული, არაერთ შეჯიბრებას უძღვება. მათ ყოველდღე უწევთ მუშაობა, ზოგჯერ დღეში ორ რთულ მატჩს სჯიან. საჭიროა გაცილებით მეტი არბიტრი, რაზეც ვმუშაობთ.

სუპერლიგაში იყო უამრავი დაძაბული შეხვედრა, ზოგმა პროტესტის წერილიც შემოიტანა, მაგრამ სათანადო განხილვის შედეგად დადასტურდა: შესაძლოა შეცდომები იყო, მაგრამ ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

- იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც აზრთა სხვადასახაობა გამოიწვია - გუნდებს დებულების მიხედვით საშუალება ჰქონდათ მოთამაშეები პლეი ოფის წინ დაემატებინათ...
- სეზონის ბოლოს კალათბურთელთა დამატების წინააღმდეგნი, პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით. აქამდე განაცხადის შევსების ვადა მარტს არ სცილდებოდა, თუმცა 2011-12 წლების სეზონის წინ თავად კლუბებმა დააყენეს საკითხი რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ განაცხადში კალათბურთელთა შეყვანისა.

დებულება გუნდების ინტერესების საფუძველზე დგება. ასევე მოვიქცევით მომავალი სეზონის წინ - ივნისში კლუბებს დავურიგებთ დებულების პროექტს, შემდეგ ერთად განვიხილავთ, შევჯერდებით და ისე დავამტკიცებთ.

- ხშირად თქმულა, რომ ყველა გუნდს ახალგაზრდულ ჩემპიონატებში უნდა ჰყავდეს ახალგაზრდული შემადგენლობები...
- მოვითხოვთ, რომ სუპერლიგის მონაწილეებს უმცროსი ასაკის მინიმუმ ერთ ჩემპიონატში მაინც ჰყავდეს გუნდი. სხვათა შორის, ასაკობრივი სისტემა გასულ სეზონში კარგად ააწყო "შსს აკადემიამ".

ვიმედოვნებთ, რომ გუნდების უმეტესობაში ამ მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდება. ბავშვთა პირველობები უკვე ნორმალურ დარბაზში იმართება და სათანადოდ შუქდება საიტებზე, რაც პატარების ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს.

საყურადღებოა, რომ ხუთ ასაკში ჩემპიონატი რეგულარული ხასიათისაა - შემოდგომიდან გაზაფხულის ბოლომდე გრძელდება, ხოლო ორ ასაკში (2000 და 2001) ფესტივალები იმართება.

* * *
კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს სანაკრებო თემაზეც ვკითხეთ, თუმცა გვითხრა: ვიცით, ყველას აინტერესებს რომელი ამერიკელი მიიღებს საქართველოს პასპორტს, როდის ჩამოვა მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი...

ამ და სხვა სანაკრებო საკითხებზე უახლოეს დროში უფრო კონკრეტულად გვეცოდინება და შემდეგ ამომწურავად ვილაპარაკოთო.

საქართველო და კიდევ 27 ქვეყანა ფიბა-ევროპის პრეზიდენტს უნდობლობას უჩხადებენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა არის ჩელენჯი, ფლეი-ოფი, თუ ფართო საზოგადოებისთვის წერ,ჩვენთვისაც გასაგები უნდა იყოს,თუ არა და...პატივი ვცეთ ქართულ ენას,განა შესატყვისი არ მოიძებნმება ამ ღმერთების ენაზე?
devi
00:16 03-06-2012
0
ევრო ცელენჯი-პლეი-ოფი სად იმყოფები ბატონო ვაჯა საქარტველოსი ტუ სადგაც ამერიკის კონტინენტზე და ტუ არ იცი გეტყვი რომ საქარტველოსი ქარტულად უნდა ილაპარაკო.
maxo
18:33 02-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული