ქართველი ევროპის სუპერთასზე!

AutoSharing Option
საქართველოში ქალთა კალათბურთს სათანადო ყურადღება არ ექცევა, არც ნაკრები გვყავს და არც კლუბები მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში. ამის მიუხედავად, ერთ საერთაშორისო მატჩს მაინც უნდა მივაპყროთ თქვენი ყურადღება: საბერძნეთში გაიმართა ევროპის სუპერთასი ქალთა შორის, რომელშიც ევროლიგის გამარჯვებულმა, მოსკოვის რეგიონის "სპარტამ" ათენის "ათინაიკოსი" დაამარცხა - 70:61.

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ცნობის უცხოური სპორტის გვერდში ჩადება უფრო გამართლებული იქნებოდაო, იტყვის მავანი. არა, ბატონო, ასეთ სერიოზულ მატჩს ქართველი არბიტრი ჰყავდა - მაკა კუპატაძე, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომისრისგან დადებითი შეფასება მიიღო.

პირდაპირ უნდა ვთქვათ
- ეს დიდი აღიარებაა. მაკა კუპატაძის პროგრესს ფიბა-ევროპის სამსაჯო კომიტეტიც ამჩნევს და წლეულს საკმაოდაც ტვირთავს. მაკა გუშინ ქალთა ევროლიგის მატჩის განსასჯელად ჩეხეთში გაემგზავრა, 27 ოქტომბერს "უსკ-პრაღასა" და ესპანეთის "ავენიდას" შეხვედრას მოემსახურება.

ქართველ არბიტრს სწორედ პრაღაში გამგზავრების წინ გავესაუბრეთ. ჯერ ევროპის სუპერთასზე ვკითხეთ.

- ამა თუ იმ მატჩზე მსაჯების დანიშვნის შესახებ ჩვენი საიტიდან ვიგებთ. ერთ დღესაც ამ ვებგვერდზე შევედი და ევროპის სუპერთასზე დანარჩენ ორ არბიტრთან ერთად ჩემი გვარიც ამოვიკითხე. ეს ჩემთვის სასისმოვნო სიურპრიზი იყო. ნამდვილად არ მოველოდი.

- შეხვედრა როგორ ჩაატარე?
- საინტერესო თამაში იყო. კმაყოფილი დავრჩი. ნამატჩევს კომისარმაც დადებითი შეფასება მომცა.

- როგორ ფიქრობ, რით დაიმსახურე ფიბა-ევროპისგან ასეთი ნდობა?
- ძნელი სათქმელია. აქამდე არაერთი მატჩი განმისჯია და ალბათ, ჩემი ხელმძღვანელები მაკვირდებოდნენ. ვფიქრობ, მეტი ყურადღება მას მერე მომაქციეს, რაც ქალთა 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ვიმსაჯე.

- გასულ სეზონშიც არაერთ საერთაშორისო მატჩ მოემსახურე...
- ასეა, მაგრამ წლეულს უფრო დავიტვირთები. ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ თურქეთში გასამგზავრებლად უნდა მოვემზადო, 3 ნოემბერს "ფენერბაჰჩე" ხორვატიის "გოსპიჩს" უმასპინძლებს. შემდეგ სად გამგზავნიან, ჯერ არ ვიცი, მალე შემატყობინებენ.

- საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატში კარგ გამოცდილებას იღებ. საინტერესოა, ქალი არბიტრები კაცების შეხვედრებს უცხოეთშიც თუ მსაჯობენ?
- ვაჟთა ევროლიგის მატჩებს ორი ქალი სჯის. ერთი ესპანელია, მეორე - სერბი. შესაბამისად, ისინი ესპანეთისა და სერბეთის ვაჟთა პირველობების შეხვედრებსაც ემსახურებიან.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული