რიჩარდ სტოკსის შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციისა და მსაჯთა კავშირის მოწვევით საქართველოში ჩამოსული რიჩარდ სტოკსი 26 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამაზ თევზაძეს შეხვდა.

ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორთან ერთად, მინისტრის მოადგილეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი შეხვდნენ.

ევროპელმა სტუმარმა მინისტრის მოადგილეს თავისი ვიზიტის დეტალები გააცნო და იმ პროგრამაზე ესაუბრა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს.

რიჩარდ სტოკსი, ფიბა-ევროპის მსაჯთა და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორი:
"საქართველო სულ უფრო და უფრო მყარად მკვიდრდება ევროპულ საკალათბურთო ოჯახში.

გარდა იმისა, რომ თქვენი
ნაკრები უკვე სისტემატურად ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი მსაჯები აქტიურად მონაწილეობენ ფიბა-ევროპის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრების რიცხვიც იზრდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ჩემპიონატებში მსაჯთა და მწვრთნელთა დონის ამაღლება.

სემინარის პირველმა დღემ შედეგიანად ჩაიარა, წინ კიდევ 2 სამუშაო დღეა და მჯერა, რომ ქართველი მსაჯები, კომისრები, მსაჯ-მდივნები და მწვრთნელები სემინარებიდან მათი პროფესიული ზრდისთვის აუცილებელ ცოდნას მიიღებენ".

ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
"ფიბა-ევროპის სამსაჯო დეპარტამენტის დირექტორის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. სემინარის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა და ვფიქრობ, ასევე გაგრძელდება და მასზე დასწრებით ქართველი მსაჯ-კომისრები მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებენ.

რიჩარდ სტოკსი ხვალ სუპერლიგის თამაშებს დაესწრება, მოახდენს ჩვენი მსაჯ-კომისრების საქმიანობის ანალიზს. მოგვიანებით, როცა თბილისში ნანახსა და მიღებულ ინფორმაციას გააანალიზებს, ის გამოგვიგზავნის თავის დასკვნას და იმ მინუსებზე მიგვითითებს, რომელიც საქმიანობაში გვექნება; ჩვენ კი მათ გამოსწორებაზე გავაგრძელებთ მუშაობას".

თამაზ თევზაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე:
"ძალიან კარგია, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას განვითარების პროგრამაში მსაჯთა და მატჩების მომსახურე პერსონალის მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაც აქვს შეტანილი.

მსაჯების დონის ამაღლება ზოგადად სპორტული თამაშების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ფიბა-ევროპის ჩინოსნის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რაც ქართული კალათბურთის და სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს".

P.S. რიჩარდ სტოკსის სემინარები 26 მარტს, 17 საათზე სასტუმრო "რედისონში", მე-6 საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდება.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული