პრიორიტეტი ბავშვთა კალათბურთია

AutoSharing Option
"დინამოს" დიღმის ბაზაზე 26 მარტს საკალათბურთო საზოგადოება შეიკრიბა. შეხვედრის მიზანზე ყოფილმა კალათბურთელმა გვანცა ომიაძემ ილაპარაკა:

- ერთი კვირის წინ ვახტანგ ნაცვლიშვილმა, გიგი ნაცვლიშვილმა, ალეკო დავითულიანმა, ვასილ გოგუამ, მიხეილ კეკელიძემ და ირაკლი ხოშტარიამ დააარსეს თბილისის კალათბურთის ფედერაცია. აქამდე ასეთი ორგანიზაცია არ არსებობდა და მისი შექმნა აუცილებელი იყო.

გეგმებსა და მიზნებზე თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა მოგვახსენა:

- ჩემი ცხოვრება კალათბურთთანაა გადაჯაჭვული და სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ ფედერაციის დაარსება. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბოლო წლებში მაღალ შედეგებს მიაღწია.

თუ
მაშინ, როცა ნაკრებში ვთამაშობდი, ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იყო, 2011 წლის შემდეგ სხვა ვექტორი დაისახა: ევრობასკეტზე თუნდაც იმ შედეგის გამეორება, რაც ჩვენმა გუნდმა 2011 წელს უჩვენა - მეორე ეტაპზე თამაში.

ნაკრების სახით გვაქვს კარგი მაგალითი, კარგი პლაცდარმი, რომელსაც შევსება სჭირდება. პირამიდა კი ფუძიდან შენდება და ამიტომ თბილისის კალათბურთის ფედერაციამ პრიორიტეტად ბავშვთა კალათბურთი აირჩია.

ვახტანგ ნაცვლიშვილმა იქვე დააკონკრეტა:

- ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ყველა სკოლა და ჩამოვაყალიბოთ ბავშვთა ლიგა, რომელში მონაწილეობისთვის გადასახადი არ დაწესდება და ყველა საორგანიზაციო საკითხისთვის საჭირო თანხებს თბილისის კალათბურთის ფედერაცია მოიძიებს.

აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ვიმსჯელე და მათთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ.

ჩვენ 16-ზე უმცროსი ასაკის ბავშვების ჩემპიონატების ორგანიზებას ვაპირებთ, რადგან 16 და უფრო მაღალი ასაკის შეჯიბრებებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უწევს ორგანიზებას.

* * *
შეხვედრას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების ფედერაციის წარმომადგენლებიც.

ახალშექმნილი ორგანიზაცია მათთანაც აქტიურად ითანამშრომლებს. ვატო ნაცვლიშვილმა ისიც თქვა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს კალათბურთი სამი-სამზე. ამ სახეობაში პირველი შეჯიბრების ჩატარება ზაფხულში იგეგმება.

- კალათბურთი ყოველდღიურად ვითარდება და აუცილებელია მუდმივად რიტმში ყოფნა.

მწვრთნელების უცხოეთში გასაგზავნად შესაძლოა თანხები ვერ გამოინახოს, მაგრამ ვაპირებთ უცხოეთიდან ისეთი სპეციალისტების ჩამოყვანას, რომლებსაც ბავშვთა კალათბურთის სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ, - დასძინა ნაცვლიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი მერაბ ჩიქობავა:

- თბილისის ფედერაცია სპორტის არაერთ სახეობას აქვს. ისინი ქალაქის მერიას დიდ დახმარებას უწევენ, რადგან, ვთქვათ, თბილისის კალათბურთის ფედერაცია უკეთ საზღვრავს, გამოყოფილი თანხის რა მიმართულებით დახარჯვა სჯობს, რა უფრო პრიორიტეტულია სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.

თავის მხრივ, თბილისის მერიამ, ქალაქის მასშტაბით, უამრავი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გააკეთა, რომელთა უმეტესობა კომპლექსურია, ფეხბურთის მოედნის გარდა, კალათბურთის ფარებიც აქვს. ეს სპორტის მასობრიობას უწყობს ხელს.

* * *
ყრილობაზე თბილისის კალათბურთის ფედერაციის საპატიო წევრებად აირჩიეს ლევან მოსეშვილი, ვაჟა გვანცელაძე, თამაზ ოქრუაშვილი და ჯამლეტ ხუხაშვილი.

- ფედერაციაში გაწევრიანება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. უკვე გაწევრიანდა შვიდი საკალათბურთო სკოლა, - დასძინა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული