მარცხენა თვალი ფეხბურთს, მარჯვენა - კალათბურთს

AutoSharing Option
სადამდე წავიდა ტექნიკა, - თუ კარგად მახსოვს, ეს ფრაზა პირველად მაშინ გავიგონე, ვიდეო რომ შემოვიდა. იმდროინდელი ამბავი ერთმა სპორტსმენმა (არ დავაკონკრეტებ რა სახეობის წარმომადგენელია) მომითხრო: საზღვარგარეთული ტურნე წარუმატებლად ჩავატარეთ და მწვრთნელმა გვითხრა, სჯობს ამის შესახებ საქართველოში დაბრუნების შემდეგ არაფერი ვთქვათო.

იყო დრო, როცა უცხოური მატჩების მერე, ხშირად მოისმენდით ფრაზებს - მსაჯებმა "დაგვწვეს", ასე კარგად აქამდე არ გვითამაშია, მაგრამ მაინც წავაგეთ და ა.შ. ვიდეოს შემდეგ გამოიგონეს მობილური ტელეფონი, დაიხვეწა კომპიუტერი, გაჩნდა ინტერნეტი და ინფორმაციულმა ზღვამ შთანთქა წარუმატებლობის დაფარვის ყოველგვარი მცდელობა.

***
..."ტექნიკა იქამდე წავიდა", რომ ოთხშაბათს ღამით ერთდროულად ორ თამაშს ერთ ეკრანზე ვუყურე (ორი თვალი ტყუილად როდი მაქვს). ორივე რეპორტაჟი ერთი ქვეყნიდან იყო - სლოვენიიდან.

კომპიუტერის მონიტორის მარჯვენა მხარეს საქართველოსა და სლოვენიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს ვადევნებდი თვალს. ალბათ, გაგიკვირდებათ, კიდევ რა თამაში იყო ისე მნიშვნელოვანი, რომ თემურ ქეცბაიას გუნდის შეხვედრას გაუთანაბრდა. მოდით, ჯერ ვლადიმერ ბოისას მოვუსმინოთ:

- საქართველოსა და სლოვენიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ხილვა ძალიან მინდოდა. კოპერში გამართული შეხვედრის ბილეთიც მაჩუქეს. საქართველო ჩემი სამშობლოა და საფეხბურთო ნაკრებს ყოველთვის სიამოვნებით ვგულშემატკივრობ. ამავე დროს, სლოვენიაში ვცხოვრობ, აქაური პასპორტიც მაქვს და საფეხბურთო თუ საკალათბურთო ნაკრების წარმატებები მეც მახარებს. ძალიან მინდოდა, მატჩი საინტერესო გამომდგარიყო და ბევრი გოლი გასულიყო... უფრო მეტად კოპერში ჩასვლა მსურდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან "ოლიმპიას" ევროლიგაზე პრინციპული მატჩი ჰქონდა ესპანეთის "ვალენსიასთან".

როგორც მიხვდით, ჩემი კომპიუტერის ეკრანის მარცხნივ "ოლიმპია"-"ვალენსიას" შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელშიც ბოისამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, გიორგი შერმადინმა კი ესპანელთა ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა.

- მეც ძალიან მინდოდა ფეხბურთზე წასვლა და საქართველოს ნაკრების მხარდაჭერა, მაგრამ მისი და "ოლიმპიას" საევროლიგო მატჩები ერთმანეთს დაემთხვა. სექტემბერში საბერძნეთში ვიყავი, ფეხბურთელთა ნაკრებმა ათენში ითამაშა (იმ შეხვედრას დავესწარი), ახლა სლოვენიაში ვარ და ქეცბაიას გუნდი აქ ჩამოვიდა... თითქოს მე დამდევს... - იხუმრა შერმადინმა და ნაკრების მომდევნო მატჩის თარიღით დაინტერესდა. 26 მარტს თბილისში ხორვატია ჩამოდის-მეთქი. არა მგონია, გაზაფხულზე საქართველოში ვთამაშობდეო.


***
სლოვენია-საქართველო და "ოლიმპია"-"ვალენსია" ერთდროულად, ღამის 23:45 საათზე დაიწყო (თბილისის დროით). რადგან გვიანი იყო, მარცხენა თვალს ძილი მოერია - მონიტორზე მარჯვენა მხარეს მიმდინარე საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი მოსაწყენი იყო. მხოლოდ ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა: მეკარე ლორიამ პენალტი ლამაზ ნახტომში მოიგერია. არადა, მსაჯს რომ არ "დავეწვით", არც 11-მეტრიან დარტყმას ვიხილავდი და შეიძლება მართლა დამძინებოდა.

მაშინ, როცა კახა კალაძე მსაჯებს პენალტის დანიშვნის უსაფუძვლობას უმტკიცებდა, ეკრანის მარცხენა მხარეს მსაჯთან ერთმა ახალგაზრდამ მიირბინა და საქმეს კორექტულად გაურჩია - ეს შერმადინი იყო. "ოლიმპიას" ქართველი ცენტრი არბიტრისგან ჯარიმას ითხოვდა.

- სხვათა შორის, კამათისას ფოტოგრაფებმაც საინტერესო სურათი გადაიღეს. ერთ ეპიზოდში ჩასატენად ავხტი, მეტოქემ იმდენად უხეშად ჩამარტყა, რომ ბურთი ვერ ჩავაგდე. არბიტრმა არ დასტვინა. მომდევნო ეპიზოდშიც იგივე განმეორდა და მსაჯმა ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა, ჯარიმა დააფიქსირა. სწორედ მაშინ მივედი და ვუთხარი - მხოლოდ ახლა კი არა, ფოლი წინა ეპიზოდშიც უნდა დაგეფიქსირებინა-მეთქი.


***
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებსაც გაუჭირდა და "ოლიმპიასაც". ჩვენმა ფეხბურთელებმა ცეზარასგან (ჩემ მეზობელს ასე ვეძახით) თავურით გოლი მიიღეს, ხოლო მარცხნივ "ვალენსია" "ოლიმპიას" წამოეწია. ამასობაში მოედანზე გამოვიდა გიორგი შერმადინი და ორივე თვალით კალათბურთზე გადავერთე. ქართველმა ცენტრმა ერთი ორქულიანი ჩააგდო, ერთიც ჩატენა და "ოლიმპიას" 61-ე ქულა მოუტანა.

ამასობაში საფეხბურთო მატჩმა 60-წუთიანი ნიშნული გადალახა და საქართველოს ნაკრების ორი კარგი ჩატენვა ვიხილეთ: ჯერ სანდრო გურულმა შეარხია სლოვენიელთა "კალათის" ბადე, 30 წუთში კი იგივე ჯანო ანანიძემ გაიმეორა - 2:1.

შერმადინმა მკითხა, კოპერში როგორი ფეხბურთი იყოო. მოკლედ ვუპასუხე: ქართველებმა კარის ჩარჩოს მიმართულებით ორჯერ დაარტყეს და ორივე გაიტანეს-მეთქი.

- ორში ორი ტყორცნა გამოუყენებიათ. სროლა თუ წაუვიდათ, ეცადათ და მეტსაც გაიტანდნენ...


***
ეკრანის მარჯვენა მხარეს მიმდინარე საკალათბურთო მატჩი საფეხბურთოზე ოდნავ გვიან დასრულდა. კოპერში თემურ ქეცბაიას გამარჯვება ჯერ სლოვენიის ნაკრების მწვრთნელმა მიულოცა, შემდეგ საკუთარმა ფეხბურთელებმა. მილოცვა გიორგი შერმადინმაც მიიღო:

- გასახდელიდან რომ გამოვედი ერთი სლოვენიელი ჟურნალისტი მოვიდა და მჟავე სახით მითხრა - ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგესო. კარგია-მეთქი, ვუპასუხე.

კოპერისა და ლიუბლიანას მატჩებს კიდევ ერთი მსგავსება ჰქონდა: ერთ ეპიზოდში საფეხბურთო ტრანსლაცია შეფერხდა, რის გამოც ტელეწამყვანმა მოიბოდიშა. საკალათბურთო ინტერნეტ-ტრანსლაციაც არაერთხელ შეფერხდა, მაგრამ უცხოელ კომენტატორს ბოდიში "დაავიწყდა".

ინტერნეტის სისწრაფე რომ მოიმატებს, მერე უფრო ხმამაღლა ვიტყვით: "სადამდე წავიდა ტექნიკა". უკეთესი იქნებოდა, ასე გვეთქვა: "სადამდე წავიდა" საფეხბურთო ნაკრები.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული