მასპინძელთა ღირსებას იცავდნენ ოლიმპიური თამაშების
ზურაბ გრძელიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონი, საბერძნეთისა და თურქეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი... მედეა მხეიძე, და სხვები. დიახ, სტუმრების წინააღმდეგ მასპინძლებმა ორი მანდილოსანიც გამოიყვანეს - მედეა მხეიძე და ლიკა ქაჯაია, რომლებმაც ეფექტური პასებით არაერთხელ მოსტაცეს ტრიბუნებს მქუხარე ტაში.
მატჩი ქართველ ვეტერანთა იერიშებით დაიწყო და პირველსავე წუთზე თორთლაძემ ზუსტი სამქულიანი ტყორცნით ანგარიში გახსნა.
პოსტსაბჭოური სივრცის წარმომადგენლებმა ზედიზედ სამი შედეგიანი შეტევა განახორციელეს და დაწინაურდნენ.
პირველ ტაიმში მაინც თანაბარი ბრძოლა იყო და სტუმრებმა მხოლოდ ქულით მოახერხეს წინ გასვლა - 29:28.
შესვენების შემდეგ მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ, რითაც ისარგებლა მეტოქემ, რომელსაც უფრო გრძელი სკამი აღმოაჩნდა და პაექრობაც თავის სასარგებლოდ დაასრულა - 66:35. მატჩის საუკეთესო მოთამაშეები ნიკოლოზ დერიუგინი და ანდრეი პერეგუდოვი ფასიანი საჩუქრებით - მობილური ტელეფონებით დააჯილდოვეს.
მატჩის შემდეგ სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის 2013-14 წლების სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ სტუდენტური ლიგის პრეზიდენტი ანდრეი პერეგუდოვი, აღმასრულებელი დირექტორი ვიქტორ კრავჩენკო, საქართველოს საკალათბურთო კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ახვლედიანი, სტანისლავ ერიომინი და ნიკოლოზ დერიუგინი.
ანდრეი პერეგუდოვი: "ჩვენმა სტუდენტურმა ლიგამ შარშან აიღო სტარტი, მაგრამ არსად ისეთ საინტერესო გახსნას არ შევსწრებივარ, როგორიც დღეს თბილისში ვნახეთ. თვით ვეტერანთა მატჩზეც კი დარბაზის სამი მეოთხედი შეივსო.
დღესაც კარგად მახსოვს საკავშირო ჩემპიონატებისას აგუგუნებული ტრიბუნები. სტუდენტური ლიგის წლევანდელი სეზონის გასახსნელად შემთხვევით არ აგვირჩევია თბილისი! საქართველოს ისტორიული წარსული საკალათბურთო ტრადიციებითაც გამორჩეულია.
ჩვენი ლიგა პოსტსაბჭოური პირველობა არ არის - ეს არის შეჯიბრება, რომელშიც, მაგალითად, წლეულს იასპარეზებენ ბალკანელები, 3 ინგლისური, ერთი ჩინური გუნდიც.
როცა სკოლის კალათბურთის შემდეგ ძალაუნებურად ისმის კითხვა - სად უნდა ითამაშონ იმ კალათბურთელებმა, რომლებიც პროფესიულ კლუბებში ვერ ითამაშებენ? სწორედ საკალათბურთო ლიგა შეასრულებს საშუალედო რგოლის ფუნქციას. აქ დაწინაურებულ სპორტსმენებს კი დიდი კალათბურთისკენაც გაეხსნებათ გზა".
ვიქტორ კრავჩენკო: "სტუდენტური ლიგა უბრალო შეჯიბრება არ არის. აქ გუნდი არა მარტო უმაღლესი სასწავლებლის, არამედ თავისი ქვეყნის სპორტულ ღირსებასაც იცავს, ამიტომაც არის ასეთი მოზღვავება: შარშანდელ გათამაშებაში თუ 5 ქვეყნის 24 გუნდი მონაწილეობდა, წლეულს მედლებისთვის 12 ქვეყნის 39 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი.
რაც შეეხება თბილისის სპორტის სასახლეს, მეც კარგად მახსოვს - მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში არაერთხელ მითამაშია აქ.
ქართველებს ერთი მოთამაშით ყოველთვის მეტი ჰყავდათ და ის "ზედმეტი" კალათბურთელი სწორედ მაყურებელი იყო.
აქ კარგად იციან კალათბურთის ფასი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი ჩემპიონატი, რომლის ახალ სეზონსაც თბილისში ვიწყებთ, ხელს შეუწყობს როგორც კალათბურთის განვითარებას, ისე სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების დაახლოებას".
სტანისლავ ერიომინი: "დიდი ხნის შესვენების შემდეგ ისევ თბილისში ვარ - სტუმართმოყვარე ხალხში. მეც თვალწინ მიდგას სპორტის სასახლის აგუგუნებული დარბაზი, სადაც თამაში ნებისმიერი კალათბურთელისთვის ნამდვილ გამოცდა იყო. აქ ხომ ქართული კალათბურთის ვარსკვლავებს - ზურაბ საკანდელიძეს, მიხეილ ქორქიას, ნიკოლოზ დერიუგინსა და სხვებს აქტიურად უჭერდნენ მხარს მაყურებლები. ამიტომაც გვიძნელდებოდა მასპინძლების წინააღმდეგ თამაში.
მოედანზე ხომ უშეღავათო ბრძოლა გვქონდა, სარბიელს მიღმა კი ვმეგობრობდით და ეს გრძნობა დღემდე მოგვყვება, რაშიც, ალბათ, კოლია დერიუგინი დამეთანხმება.
ცოტა რამ დღევანდელ კალათბურთზეც მინდა ვთქვა: ამჟამინდელი ორთაბრძოლები უფრო სწრაფი გახდა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ სილამაზით უწინდელს მაინც ჩამოუვარდება.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში მაშინ 4-5 ქვეყნის ნაკრები თუ დომინირებდა, დღეს თამაში ყველამ ისწავლა, დონეები, ფაქტობრივად, გაწონასწორდა და კონკურენციამაც იმატა. ამდენად, ნებისმიერი ტურნირის მოგება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ჩვენს დროს იყო".
ნიკოლოზ დერიუგინი: "ბედნიერი ვარ - დღეს თბილისში ნამდვილი საკალათბურთო ზეიმი იყო. სტუმარ-მასპინძლებმა მატჩამდე შემახსენეს - ცსკას-თან 59-ქულიანი რეკორდის მოხსნას თუ აპირებო.
ადამიანი თავს კი გრძნობ ახალგაზრდულად, გინდა, ის გააკეთო, რასაც ჭაბუკობისას აკეთებდი, მაგრამ უწინდებურად ძალა რომ არ მოგდევს? გული ხელში მეჭირა... ყველაფრის მიუხედავად, ძველ მეგობრებთან შეხვედრამ და ახალგაზრდობის გახსენებამ ყველაფერი გადაფარა.
რაც შეეხება საერთაშორისო სტუდენტურ ლიგას, იქ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ჩაებმება.
სულ ორი კვირაა, რაც ვვარჯიშობთ და გამოცდილ კოლექტივებთან პაექრობა გაგვიჭირდება, მაგრამ უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი კალათბურთელები თავიანთ ოსტატობას საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაშიც დაამტკიცებენ".
მიხეილ ახვლედიანი: "დიდი მადლობა საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის მესვეურებს, რომლებმაც თავიანთი პირველობის მე-2 სეზონის გახსნა თბილისში დაგეგმეს. ეს ჩვენთვის დიდი პატივია.
მას შემდეგ, რაც ლიგაში ასპარეზობა გადავწყვიტეთ, მაშინვე საშინაო სტუდენტური ლიგის გამართვის იდეაც გაჩნდა. შიდა ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 20-მა გუნდმა გამოთქვა, რასაც ნამდვილად არ ველოდით.
მათთვის, ვინც პროფესიულ კლუბებში ვერ ხვდება, სტუდენტური ლიგა დიდი იმპულსი იქნება საერთაშორისო სარბიელზე გასასვლელად. დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტური კალათბურთი ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას".
საქართველო-პოსტსაბჭოეთი 53:66
საქართველო: სანიკიძე (2ქ), თორთლაძე (6ქ), კოხრეიძე (4ქ), დერიუგინი (12ქ), გოგობერიშვილი (3ქ), ნაცვლიშვილი (9ქ), ღლონტი (12ქ), მხეიძე, ჩიხლაძე, ქაჯაია, იშხნელი.
პოსტსაბჭოეთი: მიგლინიექსი (4ქ), მარუსიჩი (6ქ), ნოსოვი (2ქ), ფილიპოვი (6ქ), გონჩაროვი (3ქ), შეინინი (2ქ), კაიმოვი (10ქ), ნიკოლაევი (2ქ), ენდენი (7ქ), დომანი (12ქ), პერეგუდოვი (10ქ), ნოზნავცი (2ქ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"