მიხეილ ქორქიას გახსენება: შენი საუკეთესო თამაში იყოო

AutoSharing Option
- ოლიმპიური ჩემპიონის, მიხეილ ქორქიას დებიუტი საკავშირო ნაკრებში 45 წლის წინათ შედგა.

საინტერესოა, რომ სწორედ ამის შემდეგ ითამაშა პირველი შეხვედრა თბილისის "დინამოში".

დებიუტანტ ქორქიას კაუნასის "ჟალგირისის" წინააღმდეგ მოუწია მოედანზე გასვლა. თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და 18 ქულა ჩააგდო. მომდევნო დღეს იმავე ლიტველებთან 24 ქულა მიითვალა, - გაიხსენა 24 ოქტომბერს ჟურნალისტმა გოჩა კაჭარავამ ტოტალიზატორ "ლიდერბეთის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიება მიჰყავდათ ტელეკომპანია GMG-ის გენერალურ მენეჯერ ბიძინა ბარათაშვილსა და ვეტერან კალათბურთელ პაატა გურასპაულს. ბატონმა პაატამ
1972 წლის ოლიმპიადის ფინალის ამბავი მოიგონა:

- ამერიკასთან მატჩისას მიხეილ ქორქია და დუაით ჯონსი ჩხუბისთვის მოედნიდან გააძევეს.

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი მიყვებოდა, რომ იმ ეპიზოდის შემდეგ იგი მივიდა მთავარ მწვრთნელ კონდრაშინთან და მოუბოდიშა - გუნდი დავაღალატეო. მწვრთნელს დაუმშვიდებია: ეს იყო კარიერაში შენი საუკეთესო თამაშიო.

ჯონსი მაღალი დონის კალათბურთელი იყო და ოლიმპიადაზე უხვქულიანობითაც გამოირჩეოდა. მისი გამოკლება კი ძალიან დაეხმარა სსრკ-ის ნაკრებს ჩემპიონობის მოპოვებაში.

- მოგეხსენებათ, მიხეილ ქორქია საფეხბურთო "ტორპედოს" პრეზიდენტი იყო. სწორედ მაშინ მოიპოვა იმერულმა კლუბმა ზედიზედ სამჯერ ქვეყნის ჩემპიონობა.

ქუთაისში დიდი გუნდი რომ შენდებოდა, დავით ყიფიანს შეთავაზება მოსკოვის "დინამოდან" ჰქონდა, მაგრამ... ერთ დღესაც მითხრა: ქუთაისის "ტორპედოში" მივდივარ, მიხეილ ქორქიამ მთხოვა და უარს როგორ ვეტყვიო, - ეს ამბავი ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ გაიხსენა.

ბოლოს სიტყვა ლეგენდარული გვარის წარმომადგენელ ვეტერან კალათბურთელ ნოდარ ქორქიას ერგო:

- 1973 წელს მაშინდელ ლენინგრადში ჰოკეის მოედანზე ვთამაშობდით. მატჩის წინ მე და მიშა ქორქია ბარიერებთან ვიდექით, როცა ალექსანდრე გომელსკიმ გამოიარა და მიშას გამოელაპარაკა.

რაზე ისაუბრეს, ვერ გავიგონე, მაგრამ ბოლოს გომელსკიმ უთხრა - გაბრაზებით ნუ მელაპარაკები, მოვა დრო, ნაკრებში დავინიშნებიო. მიშამ უპასუხა - როცა ეგ დრო მოვა, მე უკვე დიდი, თეთრი წვერი მექნებაო.

მას მერე ერთი წელიწადიც არ გასულა, რომ ალექსანდრე გომელსკი საბჭოთა ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდში მაშინვე მიიწვია მიხეილ ქორქია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული