გივი ბიჭიაშვილი: რუსი მსაჯები სპეციალურად სწავლობდნენ ჩვენებურ გინებას

AutoSharing Option
იმ დღეს საქართველოს სუპერლიგის მატჩს ვესწრებოდი სპორტის სასახლეში. ერთ-ერთ ქართველ კალათბურთელს ზედიზედ 3 სამქულიანი სროლა გაუცუდდა.

- ეჰ! - ამოიოხრა ჩემ გვერდით მჯდომმა ვეტერანმა კალათბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა, რომელიც, თავის დროზე, ქართული კალათბურთის ქომაგებს შორეული ზუსტი ტყორცნებით ხიბლავდა.

სწორედ ის წლები შევახსენე ბატონ გივის.

* * *
გივი ბიჭიაშვილის (დაიბადა 1947 წლის 6 მარტს) 20-წლიან კარიერას გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. თბილისის 77-ე საშუალო სკოლის მოსწავლე პატარაობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებში ტანით. მეშვიდე კლასში, როცა ის ფიზკულტურის მასწავლებლებმა - სერგო აკოფოვმა და გოგი
ღლონტმა კალათბურთის ანაბანას აზიარეს, 192 სანტიმეტრი სიმაღლისა იყო.

მალე რაიონულ და საქალაქო პირველობებში დაიგდო სახელი. სახელოვანმა მწვრთნელმა მიხეილ კეკელიძემ ბიჭიაშვილი თბილისის ნაკრების შემადგენლობაში მიიწვია. ამ გუნდმა 1965 წელს გომელში მოსწავლეთა საკავშირო პირველობა მოიგო. მომდევნო წელს მსგავს წარმატებას ყაზანშიც მიაღწია, ოღონდ, ამჯერად თბილისის "ნორჩი დინამოელის" შემადგენლობაში.

* * *
- ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ მართლა მქონდა ბედნიერება, შორიდან ნატყორცნი ბურთები ზუსტად მომეთავსებინა კალათში. სამწუხაროდ, მაშინ სამქულიანები არ იყო, თორემ ვილნიუსში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე, ცსკა-სთან 39 ქულა რომ მოვაგროვე, ეს მაჩვენებელი 50-ს ასცდებოდა.

თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. სავალალო კურიოზებიც მახსოვს - რიგის ვეფ-თან ზედიზედ 6 საჯარიმო ავაცილე. მაშინ თბილისის "ბურევესტნიკის" შემადგენლობაში გამოვდიოდი. საკავშირო ჩემპიონატის იმ ტურში კი მოსკოველ არმიელებს ახლო მანძილებიდან მიჯრით თერთმეტი ბურთი ჩავუგდე.

- სამქულიანები, მგონი, 1984 წლიდან შემოიღეს. თქვენ მაშინ ჯერ კიდევ მოედანზე იყავით...
- ჰო, მაგრამ იმ დროს უკვე ის გივი ბიჭიაშვილი აღარ ვიყავი (ეცინება)... წლებს თავისი მიაქვს. ამიტომაც იმ წელიწადს დავანებე თავი კალათბურთს.

- "დინამოში" პირველად როდის მიგიწვიეს?
- 1965 წელს, საკავშირო სპარტაკიადიდან დაბრუნებისთანავე, ბატონმა ოთარ ქორქიამ, რომელიც მაშინ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო, თავის გუნდში მიმიწვია.

მაშინ ამ გუნდში მოხვედრა ყველა ახალგაზრდა კალათბურთელის ოცნება იყო. უნდა გენახათ ჩემი სიხარული! აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ გურამ მინაშვილის, ვლადიმერ უგრეხელიძის, ლევან მოსეშვილის, ანზორ ლეჟავას, ზურაბ საკანდელიძის, ვალერი ალთაბაევის, ამირან სხიერელის, ალიკა კაზანჯიანის გვერდით მომიწევდა ვარჯიში და თამაში.

მართალი გითხრათ, ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ ბიჭებმა შემაგულიანეს და სიძნელეების გადალახვაში დამეხმარნენ.

- იმ წლებში თქვენ საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყავით...
- დიახ, 1965 წელს მე, ლევან ჩხიკვაძე, იური პულავსკი და მიხეილ ქორქია საკავშირო ნაკრებში მიგვიწვიეს და რამდენიმე საერთაშორისო ამხანაგური მატჩიც ვითამაშეთ. მომდევნო წელს კი მე და ლევანი ბულგარეთში გავემგზავრეთ სოფიის თასზე საასპარეზოდ.

საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზედიზედ სძლია კუბის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, იტალიის ნაკრებებს და მთავარი პრიზი მოიპოვა. არადა, ორი წლის შემდეგ კუბის იმ ნაკრებმა მექსიკის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ადგილი დაიკავა, იტალიელები კი სულაც ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

- "დინამოს" მაისურა პირველად როდის მოირგეთ?
- 1966 წელს. საკავშირო ჩემპიონატში დებიუტი ტალინის "კალევთან" მქონდა. ურიგოდ არ მითამაშია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, რადგან თავს შებოჭილად ვგრძნობდი.

- ოთხი წელიწადი თბილისის "ბურევესტნიკის" ღირსებასაც იცავდით...
- 1968 წელს, სხვადასხვა მიზეზით, გუნდიდან წავიდა ოთარ ქორქია. მის შემცვლელად ცოტა ხანს იმუშავეს მიხეილ კეკელიძემ და გიორგი ავალიშვილმა. მერე მთავარ მწვრთნელად ლევან ინწკირველი დანიშნეს. ეს ის პერიოდია, როცა უკვე სრული ამბიცია მქონდა, მოედანზე ვყოფილიყავი და მეთამაშა. ბატონმა ლევანმა კი, რატომღაც, ჯერ სათადარიგოთა სკამზე დამსვა, მერე 12 კაცშიც ვეღარ ვხვდებოდი.

მიზეზი რომ ვერ ამიხსნეს, 1968 წელს განაწყენებული თბილისის "ბურევესტნიკში" გადავედი, რომელიც მიხეილ კეკელიძის ხელმძღვანელობით საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა. იმ გუნდში თამაშობდნენ ილო ლეჟავა, სანდრო გლურჯიძე, სერგო კოვალენკო, რამაზ მანაგაძე, ლევან ჩხიკვაძე, ანზორ საკანდელიძე, იური პულავსკი, ჟორა ჯუღელი, გარიკ არუთინოვი...

ბედის მადლობელი ვარ, რომ ამ გუნდში მოვხვდი. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ნამდვილ კალათბურთელად "ბურევესტნიკში" ჩამოვყალიბდი.

- ყველაზე მეტად რომელმა მატჩმა დაგწყვიტათ გული?
- 1972 წელს "დინამოს" დაუბრუნდა ოთარ ქორქია, რომელმაც ჩემთან ერთად გუნდში მიიწვია ჩხიკვაძე, ძიძიგური და პულავსკი. მალევე დავიმკვიდრე ადგილი სასტარტო ხუთეულში. ჩვენმა გუნდმა, უკვე ლევან მოსეშვილის ხელმძღვანელობით 1976 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსგავს წარმატებას მიაღწია მომდევნო წლის საკავშირო ჩემპიონატში, 1977 და 1983 წლებში სოციალისტური ქვეყნების დინამიადები მოვიგეთ, 1973 წელს მეორე ადგილი დავიკავეთ.

ძალიან გვინდოდა ევროპის საკლუბო თასებზე გვეთამაშა. საამისოდ, საკავშირო ჩემპიონატის სამეულში უნდა მოვხვედრილიყავით. ერთხელ გვქონდა ასეთი შანსი - ძირითადი ტურნირის შემდეგ ქულებით მესამეზე ვიყავით, მაგრამ ბრინჯაოს მოსაპოვებლად, მე-4 ადგილზე მყოფ "სტროიტელთან" 2 მატჩი უნდა გვეთამაშა. კიევში 6 ქულით დავმარცხდით. ისეთი შემადგენლობა გვყავდა, შინ სრულფასოვანი რევანში უნდა აგვეღო, მაგრამ... მოხდა ისე, რომ საპასუხო შეხვედრა მხოლოდ 2 ქულით მოვიგეთ და საპრიზო სამეულს მიღმა აღმოვჩნდით.

Sportall.Ge
ფოტოზე: გივი ბიჭიაშვილი, ვალერი ალთაბაევი, ლევან ჩხიკვაძე და მწვრთნელი მიხეილ კეკელიძე
- მსმენია, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც იყავით მიწვეული, მაგრამ მის შემადგენლობაში არასდროს გითამაშიათ. რა მიზეზით?
- ხომ გაგიგონიათ, "რაც მოგივა, დავითაო..." ჭაბუკთა ნაკრებში შეკრებისას გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა წამასწრო, სიგარეტს რომ ვეწეოდი. რა მრჯიდა... სხვების აყოლამ კარიერა შემიფერხა. ვილნიუსში ცსკა-სთან "დინამოს" 39 ქულა რომ შევძინე, მაშინ მიმიწვიეს მთავარ ნაკრებში, მაგრამ მერე შეკრებაზე აღარ გამომიძახეს - ეტყობა, იმ მწვრთნელმა "ჩამიშვა". მაინც მიმაჩნია, რომ უნდა ეპატიებინათ ახალგაზრდული შეცდომა, მით უმეტეს - ჩემპიონატის თითქმის ყოველ მატჩში 20-25 ქულას ვაგროვებდი.

- ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- "დინამოს" ხშირად ჰქონდა პრობლემები მინსკის რტი-სა და ლენინგრადის "სპარტაკთან" პაექრობისას. ნევისპირელებს შესანიშინავი დაცვა ჰყავდათ. პირადად მე კი სისხლს მიშრობდა სერგეი იოვაიშა - გრძელხელება, სწრაფმა და მოქნილმა კალათბურთელმა ჩემი თამაშის სტილი და ყველა მანერა იცოდა.

- მსაჯებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- მგონი, 1976 წელი იყო. მოსკოვში "დინამოს" ვეთამაშებოდით. ერთ-ერთი შეტევისას მსაჯებმა ბურთი ჩამოგვართვეს - ხაზს ფეხი დააბიჯეო. შევეკამათე. ტექნიკური ჯარიმა მომცა. თავი ვერ შევიკავე და ქართულად შევაგინე. მან კი მაშინვე გასახდელისკენ მიმითითა. ვერაფრით მივხვდი, როგორ გაიგო ქართული გინება. მერე მითხრეს, რუსი მსაჯები თურმე სპეციალურად სწავლობდნენ ჩვენებურ გინებას, რომ მოედანზე არაფერი გამოჰპარვოდათ. მეტი კონფლიქტი მსაჯებთან არ მქონია.

- დღევანდელ ქართულ კალათბურთზე რას იტყვით?
- დიდი წარმატებაა, ჩვენი ბიჭები NBA-სა და ევროპის ძლიერ კლუბებში რომ თამაშობენ. საქართველოს ჩემპიონატებიც მაღალ დონეზე ტარდება. დიდი საქმე გააკეთეს იგორ კოკოშკოვმა და მისმა შეგირდებმა. ევროპის ბოლო ჩემპიონატისას ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას ტრავმები რომ არა, უფრო წინაც შეგვეძლო წასვლა.

დარწმუნებული ვარ, ეროვნული ნაკრების ახლანდელი წევრები ქართულ კალათბურთს უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანენ.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი ბააბუუა ეს !!!
makuna
14:34 24-10-2014
0

სიახლეები პოპულარული