სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი "ოლ სტარი" გაიმართა

AutoSharing Option
როცა სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" ჩატარების შესახებ გავიგე, დავფიქრდი - ნუთუ, ფოიეში არის სათანადო ტერიტორია სტანდარტული მოედნის მოსაწყობად? ან მაყურებლებისთვის საკმარისი იქნებოდა აივნები, რომლებიც ფოიეს გადაჰყურებს? საკითხავი იყო ისიც, რამდენად მოსახერხებელი იყო ქომაგისთვის 2 საათზე მეტი დროით ფეხზე დგომა...

ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ მივიღებდით, ვიდრე "ოლ სტარი" არ ჩატარდებოდა. კარგად ჩატარდა, ისე, რომ ყველა დაეტია, არავის დაუჩივლია, დგომით დავიღალეო... იცით, რატომ? იმიტომ, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა ცდა არ დააკლეს, რაც შეიძლება მეტი შოუს ელემენტი შეეტანათ ვარსკვლავთა მატჩში. მართალია,
NBA-ს "ოლ სტარს" ვერ სჯობდა, მაგრამ სანახაობა ნამდვილად იყო.

ვიხილეთ სამქულიანები, ეფექტური "ალეი უპები", ფარული პასები. შუა თამაშისას თბილისელთა გუნდის მწვრთნელმა, ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა კოტე ტუღუშმა მოედანზე შესვლა მოისურვა. იგი ვერც მსაჯებმა შეაკავეს და თავის გუნდში ძველ პოზიციაზე დადგა. ეს რომ დაინახა, ევროლიგაზე ჭიპმოჭრილმა ვლადიმერ ბოისამ თავისი ძმის, ანატოლის გუნდს გაუწოდა დახმარების ხელი, სამოქალაქო ტანისამოსი გაიძრო და ნაცრისფერი "ოლ სტრის" ფორმით მოედანზე შეიჭრა.

შეხვედრა ბოლო წუთებამდე თანაბარი გამოდგა და არავინ იცის, ვინ მოიგებდა, რეგიონის გუნდს ვეტერანები რომ არ დახმარებოდნენ. ბოლო ხუთ წუთში მათ რეგიონელები 133 ქულამდე ასწიეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

თბილისი მოლი. 31 იანვარი
რეგიონი-თბილისი 133:122
43:37, 40:38, 23:32, 27:15
რეგიონი: მიქელაძე (8ქ, 7პ), იანგი (16ქ, 3პ), ა. ბოისა (8ქ, 4პ), გ. ბარბაქაძე (31ქ, 3პ), დვალიშვილი (14ქ), ვ. ბოისა (2ქ), ფაშაევი (8ქ, 4პ), ცეკვავა (2ქ), შვანგირაძე (14ქ), ჭოჭუა (4ქ), ჯგერენაია (13ქ), ჩლაიძე (2ქ), ქორქია (3ქ), ბიჭიაშვილი, სანაძე, შენგელია (6ქ), გურასპაული (6ქ, 3პ).
თბილისი: ცინცაძე (11ქ, 5პ), გოგოძე (18ქ, 3პ), ბ. ლეჟავა (10ქ), კ. ტომარაძე (5ქ, 5მ), ბაქრაძე (20ქ, 8მ), ტუღუში, აბულაძე (3ქ), შარაბიძე (6ქ), წივწივაძე (4პ), ჩიკვილაძე (13ქ, 5მ), ბოქოლიშვილი (32ქ), ლონდარიძე (4ქ, 5მ), ორმოცაძე.
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი

შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად 32 ქულის ჩამგდები, "მგზავრები-არმიის" წევრი მერაბ ბოქოლიშვილი დასახელდა:
- ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო "ოლ სტარი" გამოვიდა. ვფიქრობ, მაყურებელმაც ისიამოვნა. რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას, ნამდვილად არ ველოდი. ამ მატჩში რამე პრიზისთვის არავინ გადის, მთავარია, სანახაობრივი და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ, - განაცხადა მერაბ ბოქოლიშვილმა.

პაატა გურასპაული (ვეტერანი კალათბურთელი):
- წლევანდელი ღონისძიება არ ჰგავდა წინა "ოლ სტარებს", ბევრად უკეთესი იყო. მივესალმები იმ ახალ ელემენტებს და სიურპრიზებს, რომლებიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დაგეგმა. ეს იყო საკალათბურთო დღესასწაული და მოხარული ვარ, რომ მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. ვეტერანმა კალათბურთელებმაც დიდი სიამოვნება მივიღეთ და ამ შოუს გალამაზებაში თუკი პატარა წვლილი შევიტანეთ, ბედნიერები ვართ.

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):
- ძალიან საინტერესო შოუ გამოვიდა. "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობა მაქვს მიღებული სლოვენიაში, დავსწრებივარ ლატვიურ და იტალიურ "ოლ სტარებს". ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზება იყო. მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიყავი.

კოტე ტუღუში (თბილისის გუნდის მწვრთნელი):
- ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ მომეცა საშუალება, ამ ღონისძიების მონაწილე ვყოფილიყავი. ბევრი ხალხი მოვიდა და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან ისიამოვნეს. ახალგაზრდა თაობა კი, რომელმაც ეს შოუ იხილა, ვფიქრობ, აუცილებლად დაინტერესდება კალათბურთით. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს კალათბურთის პოპულარიზაციას და შემდგომში მის განვითარებას.

ჩატენვები
ჩატენვების კონკურსის ფინალში ერთმანეთს ქუთაისელი გიგი ბარბაქაძე და ბათუმელი ბი ჯეი იანგი დაუპირისპირდნენ. მეტოქეზე მეტი ქულა იანგმა მოიპოვა და საპატიო პრიზიც დაიმსახურა.

ბი ჯეი იანგი:
- ჩატენვების კონკურსში გამარჯვება იოლი არ იყო, რადგან სერიოზული მოწინააღმდეგეები მყავდა და საინტერესო კონკურსი გამოვიდა. შევეცადე, ამ ყველაფრისგან, უბრალოდ, დიდი სიამოვნება მიმეღო და მიხარია, რომ გავიმარჯვე.

"ოლ სტარი" და კოკოშკოვი
ვარსკვლავთა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკიდან თბილისში ჩამოფრინდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი:

- "თბილისი მოლში" ძალიან საინტერესო სივრცეა. ვფიქრობდი, რატომ არ ტარდებოდა მატჩი დარბაზში, თუმცა დღეს დავრწმუნდი, რომ ასეთი სანახაობრივი შოუსთვის ნამდვილად კარგი ადგილია. "ოლ სტარი" გასართობი მატჩია, რომლითაც სიამოვნებას ერთნაირად იღებენ მონაწილეები და მაყურებლები. დარწმუნებული ვარ, ყველამ ისიამოვნა, მათ, ვინც შეხვედრას ტელევიზიის საშუალებით უყურებდა და განსაკუთრებით, იმ მაყურებელმა, რომელიც "ოლ სტარს" დაესწრო. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო ბიჭებთან ერთად ყოფნა და მათი თამაშის ყურება.

სამქულიანები
ყოველ "ოლ სტარს" თან ახლავს სამქულიანების კონკურსი, რომლის ფინალში გავიდნენ გრიგოლ შვანგირაძე (შარშანდელი გამარჯვებული), გიგი ბარბაქაძე და აკაკი ლომოური. გადამწყვეტ "სამთაბრძოლაში" გაიმარჯვა ლომოურმა:

- სანახაობრივი შოუ გამოვიდა. რაც შეეხება 3-ქულიანების კონკურსს, ღირსეული კონკურენტები მყავდა, თუმცა დღეს მე უფრო იღბლიანი აღმოვჩნდი. მიხარია, რომ გავიმარჯვე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული