ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 1 ივლისს რიგაში, უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 4 ივლისს თბილისში, ევროპის ჩემპიონატისთვის აშენებულ არენა „თბილისში“ ესპანეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ესპანეთთან ერთად უკვე განაღდებული აქვს ჯგუფის სამეულში მოხვედრა და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე თამაში, თუმცა აღნიშნულ მატჩებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან უკრაინასთან და ესპანეთთან დარიცხული ქულები საქართველოს მეორე ჯგუფურ ეტაპზე მიჰყვება.

საქართველოს ნაკრებში თავდაპირველად 22 კალთბურთელი იყო გამოძახებული. ნაკრები 17 ივნისიდან სპორტის სასახლეში ვარჯიშობდა. ტრავმების გამო გაფართოებულ შემადგენლობას
მალევე გამოაკლდნენ დებიუტანტები – ოთარ ბულიავა და გუგა ნაცვლიშვილი, ხოლო გიორგი ტურძილაძემ ნაკრები პირადი მოტივით დატოვა. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შეკრება ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა და დავით კაკუშაძემ დატოვეს.

ნაკრებს პერიოდულად შემოუერთდნენ გიორი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი. ხვალ ნაკრებში თად მაკფადენს, ხოლო ზეგ – თორნიკე შენგელიას ელიან. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც მწვრთნელების მონახაზშია და ნაკრებს მომავალ 2 მატჩში ვერ დაეხმარება, სანდრო მამუკელაშვილია, რომელსაც თავის კლუბ „მილუოკი ბაქსთან“ ნბა-ს საზაფხულო ლიგაში თამაშის ვალდებულება აქვს.

მსოფლიოს საკვალიფიკაციო მატჩებს დამატებით ის დატვირთვაც გააჩნია, რომ მომავალი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი გეგმის ნაწილად განიხილება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ აღნიშნული გეგმა მწვრთნელთა შტაბთან შეთანხმებით, სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციებთან მოლაპარაკებების შემდეგ შეადგინა.

მის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი საწვრთნელ შეკრებებს გაივლის როგორც თბილისში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში – სლოვენიაში, უნგრეთში, საბერძნეთში. საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ პერიოდში 4 ოფიციალურ და 7 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც, 1 სექტემბერს, თბილისში ევრობასკეტ 2022 დაიწყება.

ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩებსა და გეგმებთან დაკავშირებით 24 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, კალათბურთერთელი გიორგი შერმადინი, ნაკრების გენერალური მენეჯერი, პაატა ლობჟანიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა დაესწრნენ. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ და კალათბურთელმა დეტალურად ისაუბრეს მომავალ მატჩებზე, ჩვენი ნაკრების პერსპექტივებზე და ამომწურავად უპასუხეს გულშემატკივართა კითხვებს.

Sportall.Ge

პაატა ლობჟანიძე (ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი):
– ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხი მატჩი გვაქვს. ამ შეხვედრებს ვერავითარ შემთხვევაში განვიხილავდით მოსამზადებელ ეტაპად, რადგან ჩვენს ნაკრებს აქვს კარგი შანსი პირველად ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ვლადიმერ ბოისა (ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):
“7 ამხანაგური მატჩი გველის. 5 მატჩი იქნება ღია, ხოლო 2 შეხვედრა დახურული. Nike-მ სპეციალურად დაამზადა ჩვენთვის მაისურები, რომლის პრეზენტაციაც ევრობასკეტის წინ შედგება.”

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები)
“რამდენიმე დღეა, ვვარჯიშობთ, ხვალ უკვე ყველა ადგილზე იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია უკრაინასთან და ესპანეთთან. იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანმრთელი იქნება, რის შემდეგაც უნდა ვიფიქროთ 24 და 27 აგვისტოს შეხვედრებზე.”

“ესპანეთის ნაკრებში დიდი ცვლილებები არ არის. მაშინ თორნიკე არ გვყავდა ესპანეთთან, ახლა თოკოც და გოგაც გვყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ესპანელები ახლა ძალიან ნერვიულობენ. იმედი მაქვს, რომ ქომაგი დარბაზს გაავსებს და ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ.”

“მონტენეგრო ძალიან მაგარი გუნდია. ზოგადად, ბევრი კარგი მატჩი გველის. ფრან გერა და სასტრე არიან კალათბურთელები, რომლებთანაც ვთამაშობ. მათ საქართველო ძალიან აინტერესებთ. ვუთხარი, რომ სასტუმროში ყოველდღე ხაჭაპური ექნებათ და გაუხარდათ.”

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
“უპირველეს ყოვლისა, მადლობა, რომ აქ ხართ. გვიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ. ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ, რომ ქართველი ქომაგის წინაშე ღირსეულად წარვსდგეთ. დიდი მადლობა ფედერაციას, რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატი ღირსეულად ჩატარდეს.”

“მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დავიწყეთ. მალე ჩამოვლენ თად მაკფადენი და თორნიკე შენგელია. გოგა ბითაძე 27 ივნისამდე სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ჩაატარებს. ტურძელაძემ შეკრება თავისი ნებით დატოვა. ამერიკაში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელებმა ბოლომდე მოინდომეს, პერსპექტიული ბიჭები არიან და მათით კმაყოფილი ვარ.”

“ცხადია, აკროპოლისის თასის მოგება კარგია, მაგრამ მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ. აკროპოლისის თასი კარგია მოსამზადებლად, მაგრამ ყველაზე მთავარი ოფიციალური შეხვედრებია.”

“ტაქტიკაზე მატჩამდე ვერ ვისაუბრებ, ყველას შეუძლია მატჩზე დაკვირვება. მე ვენდობი ჩემს მოთამაშეებს. ჩვენ გვყავს გოგა, რატი და ისინი დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდნენ. მადლობა უკრაინელთა მწვრთნელს კარგი სიტყვებისთვის, უკრაინა ძლიერი გუნდია და ჩვენც პატივს ვცემთ.”

“მართალია, გოგა ბითაძეს გუნდთან დიდი დრო არ გაუტარებია, მაგრამ შემდეგ მატჩებში დაგვეხმარება და უკრაინასთანაც ითამაშებს. ჩვენი მიზანი ისაა, რომ ახალგაზრდა კალათბურთელები მაქსიმალურად ჩავრთოთ გუნდში. NBA-ს წესების მიხედვით, არის გარკვეული დღეები, როცა გოგას ვარჯიში და თამაში არ შეუძლია. ხალხი ფიქრობს, რომ ყველაფერი მარტივადაა, ფედერაცია მართლა ბევრს მუშაობდა გოგას საკითხზე და ყველაფერი მოგვარდა.”

“მონტენეგრო ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი კალათბურთელებით. ახალი ამერიკელი ჰყავთ. ევრობასკეტზე სუსტი გუნდი არ არსებობს. არცერთი გუნდი აუტსაიდერი არაა, ყველა გუნდთან მოსაგებად უნდა იბრძოლო.”

“7 წელია ნაკრებში ვარ და 37 წელია – კალათბურთში. ძალიან ბევრი მოთამაშე გამოვცადე. ლუკა ბულაშვილის შემთხვევაში არის ის პასუხი, რომ ამჟამად ლუკა არ აკმაყოფილებს ნაკრების მოთხოვნებს. ის არაერთხელ იყო გამოძახებული და ამხანაგური მატჩებიც ითამაშა, მაგრამ ამჯერად არაა მზად და არ გამოვიძახეთ.”

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
კალათბურთის ფედერაციაში დაეძინათ თუ რას აკეთებენ? რატომ არ დებენ გასაყიდად საქართველო-ესპანეთის თამაშის ბილეთებს?!
qomagi
14:35 28-06-2022
0
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
tngh
16:24 25-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული