პაველ გოოგე: მინდა, "ვითას" მატჩების შემდეგ ქომაგმა ამაყად დატოვოს დარბაზი

AutoSharing Option
ვიცით, რომ "ვითა" ვითიბი ლიგაზე ითამაშებს, 3 ოქტომბერს შეჯიბრების სადებიუტო მატჩს გამართავს, ხოლო 8 ოქტომბერს მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებს...

არ ვიცით, ვინ ითამაშებს "ვითაში", როგორი სტრატეგიით გამოვა და რა მიზნებს დაისახავს ლიგაში... სიტუაციაში გუნდის მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე გაგვარკვევს.

იგი ბათუმის "ბასკოში" 2001-02 წლების სეზონში მუშაობდა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

- საქართველოდან უამრავი კარგი მოგონება გამყვა. ახლა, მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ. ყველაზე უკეთ კი თბილი ურთიერთობები მახსენდება გუნდის ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელთა შტაბთან, კალათბურთელებთან... ჩემი ქართველი ნაცნობები ახლაც მირეკავენ, დაბრუნებას მილოცავენ. ძალიან ბევრს
ნიშნავს ადამიანისთვის ახალ სამუშაო ადგილას ასეთი სითბოთი რომ გხვდებიან.

კიდევ ვრწმუნდები, რომ ქართველებს სტუმართმოყვარე ხალხის იმიჯი დამსახურებულად აქვთ.

- 2002 წელს საქართველოდან მოსკოვის ცსკა-ში გადახვედით. 2003-ში ამ გუნდში გიორგი ცინცაძე მოხვდა. ეს თქვენი დამსახურებაც იქნებოდა...
- ცსკა-ში ჩემი მიმართულება ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიებაც იყო. ვაკვირდებოდი პერსპექტიულ მოთამაშეებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინისა და საქართველოს ბაზარზეც. როცა ჩვენმა სკაუტმა ცსკა-ს კემპისთვის სია შეადგინა, იქ გიორგი ცინცაძის გვარის ჩაწერა ვთხოვე. ქართველმა კალათბურთელმა მთავარი მწვრთნელის, დუშან ივკოვიჩის მოწონება დაიმსახურა და გუნდშიც ჩაირიცხა.

- ცსკა-ს შემდეგ იყო პაუზა სამწვრთნელო კარიერაში. რატომ გადაწყვიტეთ კალათბურთს დროებით ჩამოშორებოდით?
- ოჯახში დაბრუნება გადავწყვიტე, რომელთან ერთადაც პერმში გადავედი. მანამდე 20 წელი მწვრთნელად ვმუშაობდი და იყო დრო ოჯახისთვის მეტი დრო დამეთმო. ეს 2004 წელს მოხდა. მაშინ უფროსი შვილი 14 წლისა იყო, შუათანა 6 წლის, უმცროსი კი - 2 წლისა. მათ მეტი დრო სჭირდებოდათ. ამიტომ დავბრუნდი პერმში, სადაც ჩემი ბიზნესიც მქონდა. სწორედ იმ პერიოდში დავამთავრე ეკონომიკის უმაღლესი სკოლა პროექტების მართვის მენეჯერის სპეციალობით.

- როდის გადაწყვიტეთ ისევ კალათბურთს დაბრუნებოდით?
- 2013 წლის დეკემბერში. მაშინ რამდენიმე კლუბიდან მივიღე წინადადება, თუმცა იმდენად საინტერესო არ იყო, რომ თანხმობა მეთქვა.

- "ვითას" ხელმძღვანელობის შეთავაზება რამდენად საინტერესო იყო?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ახალი, ამბიციური პროექტია. მეორეც, ვითიბი ლიგა საქართველოში ჩამოვიდა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთისთვის. გვაქვს სურვილი, შევქმნათ კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც ხარისხიან კალათბურთს უჩვენებს და ძლიერ მეტოქეებთან მატჩების შემდეგ ქართველი ქომაგი ამაყად დატოვებს სპორტის სასახლეს.

ნამდვილად გამიხარდა, ვითიბი ლიგაში "ვითას" ჩართვის შესახებ რომ შევიტყვე. ხოლო ქართული კლუბის ხელმძღვანელობისგან წინადადება რომ მიიღე, არც მე დამიმალავს დიდი ინტერესი. შევხვდი კლუბის ხელმძღვანელებს, თემურ დათიკაშვილს, გიორგი მარკოიშვილს, კახა შენგელიას, ლევან მიქელაძეს და დავრწმუნდი, რომ შორსმიმავალი გეგმები აქვთ.

- ჯერჯერობით გუნდში ერთადერთი კალათბურთელია, ლევან შენგელია. ვიდრე შემადგენლობას შეკრებდეთ, იქნებ გვითხრათ, როგორი წარმოგიდგენიათ "ვითა" მომავალ სეზონში?
- ამას უშუალოდ მატჩებისას ნახავთ. 3 ოქტომბერს ვოლგოგრადელებს მივიღებთ, 8 ოქტომბერს კი ცსკა-ს. მანამდე წინასასეზონო მატჩები გვექნება, მაგრამ როგორც წესი, ამხანაგური შეხვედრები არ იძლევა გუნდზე სრული წარმოდგენის შექმნის საშუალებას.

- გექნებათ მონახაზი, ვინ ითამაშებს "ვითაში" და როდისთვის დაკომპლექტდება გუნდი სრულად.
- სადღეისოდ კალათბურთელთა სამ ჯგუფად დაყოფა შეიძლება. პირველი - ქართველი მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ვერ მოხვდნენ. მეორე - ნაკრების წევრები. მესამე - ლეგიონერები. ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად კემპი მოვაწყეთ, რომელშიც ბევრი კარგი კალათბურთელი მონაწილეობდა. ცხადია, მათგანაც ავიყვანთ რამდენიმეს.

14-16 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რაც საუკეთესო საშუალება იქნება ნაკრების წევრების საქმეში ნახვისა. 17 აგვისტოსთვის უკვე გვექნება მონახაზი, ეროვნული გუნდიდან ვინ ითამაშებს "ვითაში". თუმცა, ისიც იცით, ნაკრების წევრებს შეკრებაზე დააგვიანდებათ, მათ მეტად საპასუხისმგებლო შეჯიბრება ელით - ევრობასკეტი, რომელიც 20 სექტემბერს დასრულდება.

მესამე ჯგუფის კალათბურთელებით გუნდი 24 აგვისტომდე შეივსება. ვიცი, მათი ვინაობა დაგაინტერესებთ, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით, მუშაობა მიმდინარეობს.

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება ვითიბი ლიგაზე.
- მასში ევროლიგის სამი და ევროთასის ხუთი გუნდი მონაწილეობს, რაც ხაზს უსვამს ვითიბი ლიგის სიძლიერეს. ასე რომ, ქართველ მაყურებელს მაღალი დონის კალათბურთის ხილვის საშუალება მიეცემა. გუნდები ათლეტურ კალათბურთს თამაშობენ, ტემპიც მაღალია და ლეგიონერთა რაოდენობაც. ნებისმიერ გუნდს თითოეული მატჩის მოგებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება სჭირდება.

- კლუბის ხელმძღვანელობა რა მიზნებს გისახავთ ვითიბი ლიგაზე?
- მიზნებზე უფროსებს უნდა ჰკითხოთ. მწვრთნელის ამოცანა გუნდის სათანადოდ მომზადება და მაქსიმალური შედეგის ჩვენებაა.

დიდ პატივს ვცემ "ვითას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ყველას როდი შეუძლია ისეთი თამამი და ვაჟკაცური გადაწყვეტილების მიღება: არ ჰყავდა გუნდი, სამაგიეროდ იყო დიდი სურვილი, რისკიც, თუმცა ქართველებმა გადადგეს ნაბიჯი - შეიტანეს განაცხადი ვითიბი ლიგაზე. ლიგის ხელმძღვანელთა ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილეს და საქართველოში დიდი კალათბურთი ჩამოიტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული