კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ:
"ვითამ" თურქეთში ორი ტესტ-მატჩი ჩაატარა. ჩვენი კლუბის მოწინააღმდეგე იყო თურქეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, "იესილგირესუნი". ეს კლუბი სოლიდურად არის დაკომპლექტებული. "იესილგირესუნის" შემადგენლობაში არიან ამერიკელები (კრის ჯოუნსი, რეიმელ ბრედლი, დორონ პერკინსი, დევიდ ლოური, ტონი კროკერი), ნიგერიის ნაკრების ცენტრი ჯელილ აკინდელე, მაკედონიელი კრისტიან ნიკოლოვი, ლიტველი დეივიდას დულკისი. კლუბში რამდენიმე ძალიან კარგი თურქიც თამაშობს.
პირველი ტესტი უკეთ თურქულმა კლუბმა დაიწყო. რამდენიმე სამიანი ჩააგდო კროკერმა, "ვითა" გადიოდა აკლიმატიზაციას და პროცესში, რამდენიმე შეცდომა დაუშვა. პირველ მეოთხედს 20:26 ვაგებდით.
"ვითას" მწვრთნელებმა ყველა ათამაშეს. არ დაიტვირთა რალსტონ ტერნერი, რომელმაც ლიმიტირებული დრო (7 წუთი) მიიღო და ამ პერიოდში 1 სამიანი გამოიყენა. 19 ქულა დააგროვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა. ხუთიდან სამი ზუსტი სამიანი, 7/6 საჯარიმო, 3 მოხსნა - ბერიშვილმა ტესტი კარგი სტატისტიკით დაასრულა.
19 ქულას იღებს ჩვენი ფორვარდი დარიუს კარტერი. აკურატული სროლა თამაშიდან (12/6), 6 მოხსნა და კარტერზე თურქულმა კლუბმა ბევრი პერსონალური მიიღო.
ძალიან კარგად შევიდა თამაშში მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც არასრულ 27 წუთში 9 ქულას იღებს. ბოქოლიშვილი პაველ გოოგეს ფორმაციაში ერთ-ერთ სანდო მოთამაშედ რჩება. ახალი როლი, ახალი დატვირთვები - საქართველოს ნაკრების ყოფილი კანდიდატი მზად არის ამ გამოწვევებისთვის.
საბოლოოდ, "იესილგირესუნმა" 90:85 მოიგო. "ვითამ" 14/8 სამიანი გამოიყენა, 32 საჯარიმოდან - 21 და კარგი პროცენტით შეასრულა სროლები საშუალო მანძილიდან (32/20, 58%).
* * *
"ვითას" სასტარტო ხუთეული მეორე ტესტში - მერაბ ბოქოლიშვილი, პიერია ანრი, მიხეილ ბერიშვილი, ლევან შენგელია, კონსტანტინ ანიკეენკო.მეორე შეხვედრაში თითქმის იდეალური პროცენტით ისვრის თამაშიდან ანრი. 9/7 საშუალოდან, 4/3 -სამიანი და პარალელურად, რამდენიმე ეფექტური პასი.
პირველ ტაიმში თურქულ კლუბს აქვს ძალიან მაღალი პროცენტი თამაშიდან ზუსტ სროლებში და ერთ-ერთ ეპიზოდში "იესილგირესუნის" უპირატესობა 20 ქულამდე ავიდა.
"ვითამ" შეამცირა სხვაობა და მესამე მეოთხედის დასაწყისში მხოლოდ 7 ქულას ვაგებთ (48:55). ეს 10:0 გაქცევის შემდეგ მოხდა.
თურქულმა კლუბმა მოიგო ეს ტესტიც (88:76) და "ვითამ" მეორე თამაშიც 8 ზუსტი სამიანით დახურა.
პაველ გოოგე, "ვითას" მთავარი მწვრთნელი:
"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ვითას" გენერალურ დირექტორ ლევან მიქელაძეს. თურქეთში ლევანს დიდ პატივს სცემენ და მაქსიმალურად კარგი, კომფორტული პირობები შეგვიქმნეს. ეს შეკრება აუცილებელი იყო. თურქეთში ჩავედით, როგორც ნორმალური მოთამაშეების ჯგუფი და ჩამოვდივართ, როგორც ოჯახი.
თბილისში არ გვქონდა დრო დაცვაში თამაშზე რომ სრულყოფილად გვემუშავა. ოდნავ გვიან შემოგვიერთდნენ ამერიკელები და პროცესში, ყველაფრის ბოლომდე მიყვანას ვერ ვასწრებდით. "ვითა" დაიხვეწება. მსიამოვნებს ამ ჯგუფთან ერთად ყოფნა, ამ მოთამაშეებთან მუშაობა და ეს პროცესი გრძელდება.
ნიჭით, "ვითა" ამ თურქულ კლუბზე წინ არის. ბევრად წინ. წაგებული თამაშებიდან შედეგზე უფრო თამაშის ხარისხი და ჩემთვის საინტერესო რამდენიმე ნიუანსი მაინტერესებდა.
კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით, რომლებიც მაქსიმალურად ყურადღებით აკეთებდნენ ყველაფერს. ვაგრძელებთ მზადებას ვითიბი ლიგისთვის".
იესილგირესუნი-ვითა 90:85
26:20, 29:23, 12:16, 23:26
ვითა: კარტერი (19 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი), ბერიშვილი (19 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი), ანიკეენკო (9 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა), ანრი (9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი), ბოქოლიშვილი (9 ქულა, 3 მოხსნა), ლევან შენგელია (8 ქულა, 2 მოხსნა), წივწივაძე (4 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა), ტერნერი (3 ქულა), რევაზაშვილი (3 ქულა), ბითაძე (2 ქულა, 2 მოხსნა), ზაქრაძე, მაისურაძე.
იესილგირესუნი-ვითა 88:76
19:11, 27:20, 12:20, 30:25
ვითა: ანრი (26 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი), ტერნერი (15 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი), კარტერი (14 ქულა, 3 მოხსნა), ბოქოლიშვილი (7 ქულა, 1 პასი), ანიკეენკო (7 ქულა, 6 მოხსნა), ლევან შენგელია (2 ქულა, 3 მოხსნა), ბითაძე (2 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი), რევაზაშვილი (2 ქულა), ბერიშვილი (1 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი), მაისურაძე, ზაქრაძე, წივწივაძე.
* * *
თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ "ვითამ" კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად სუპერლიგის წარმომადგენელ "ოლიმპს" დაუპირისპირდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილ შედარებით ახალგაზრდულ "ოლიმპში" გასული სეზონის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა - დაემატნენ რეზო როგავა, რეზო დიდია და მილან ოლუიჩი. ეს სწორედ ის მილანია, რომელიც ერთი წლის უკან "დინამოს" ღირსებას იცავდა.
ოლიმპელებმა ვითელებს თანაბარი ბრძოლა გაუჩაღეს, მწვრთნელები არსებული რესურსის ბოლომდე გამოცდას ცდილობდნენ და გამოცადეს კიდეც, თუმცა მხოლოდ ერთი მატჩის მიხედვით საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
"ოლიმპს" ოქტომბრის შუაში საქართველოს ჩემპიონატი ელის, "ვითამ" კი 4 ოქტომბერს ვითიბი ლიგაზე პირველი შეხვედრა უნდა ჩაატაროს "კრასნი ოკტიაბრთან" (სპორტის სასახლეში).
მანამდე, გენერალური რეპეტიციაა - 26 და 27 სექტემბერს "ვითა" თურქულ "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს. ასეთი დონის გუნდთან ქართული კლუბის რეალური ძალა კარგად გამოჩნდება. თანაც, მანამდე ვითელებს კიდევ ორი ლეგიონერი დაემატებათ. რომელთა ვინაობასაც უახლოეს დღეებში შევიტყობთ.
თემას თითქოს გადავუხვიეთ - არაფერი გვითქვამს "ვითა"- "ოლიმპის" საფინალო ანგარიშზე. მეოთხე პერიოდში დამაჯერებელი თამაშის შედეგად გამარჯვება ვითელებს დარჩათ - 77:68. ორმაგი დუბლი შეასრულა ვითელმა ლეგიონერმა დარიუს კარტერმა (11 ქულა, 15 მოხსნა), მერაბ ბოქოლიშვილმა კი 9 ქულას 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიამატა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"