"ვითას" პრეზიდენტი: რაც ჩვენ გადავიტანეთ, ადამიანი ვერ გაუძლებდა

AutoSharing Option
წლეულს აღდგა საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი "ვითა". ჯერ მისი პირამიდის საძირკველი ჩანს, თუმცა ამბიციებს მოკრძალებულს ვერ ვუწოდებთ, უკვე ეთამაშა ევროპის წამყვან კლუბებს - "ხიმკისა" და ცსკა-ს.

მკითხველისთვის საინტერესოა გუნდის პერსპექტივები, რაზეც "ვითას" პრეზიდენტი თემურ დათიკაშვილი გვესაუბრება. მას თავდაპირველად, საწყისი ოთხი მატჩის ზოგადი შეფასება ვთხოვეთ.

- თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ოთხ თამაშს ვერ მოვიგებდით, რადგან საკუთარ ძალებს რეალურად ვაფასებთ. ისიც ვიცით, რომ საქმე გვქონდა ევროპული კალათბურთის ოთხ გრანდთან.

ავიღოთ თუნდაც ჩვენი მეტოქეების შედეგები ევროტურნირებზე: "ნიჟნი ნოვგოროდმა" ევროთასზე ისრაელის ჩემპიონ "ჰაპოელს" აჯობა 21
ქულის სხვაობით, ცსკა-მ ევროლიგაზე ასევე ისრაელის "მაქაბის" - 31-ქულიანი უპირატესობით, ხოლო "ხიმკიმ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა. აი, ასეთი დონის გუნდებთან ვითამაშეთ სეზონის სტარტზე.

ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია პროგრესი. საამისოდ მწვრთნელებიც ბევრს მუშაობენ, კალათბურთელებიც და ჩვენც, ხელმძღვანელებიც. ათი კაცი ვართ და მხოლოდ ჩვენ ვართ ამ გუნდის დამხმარეებიც და დამფინანსებლებიც. არავინ გვეხმარება და ჩვენც არავის არაფერს ვთხოვთ. მთავარია, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვვითარდებით.

- უახლოეს მომავალში შემადგენლობის გაძლიერებას თუ აპირებთ?
- მატჩების მიხედვითაც ჩანს, რომ გარკვეულ პოზიციებზე გაძლიერება ნამდვილად გვჭირდება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ერთი გამოცდილი ქართველისა და ერთი უცხოელი კალათბურთელის დამატებაზე. კანდიდატებიც შერჩეული გვყავს და უახლოეს ათ დღეში ერთ ლეგიონერს კონტრაქტსაც გავუფორმებთ. ვინ იქნება, დღეს ვერ გეტყვით.

- ქართველი ნიკოლოზ ცქიტიშვილია?
- დიახ. მისი დამატება ნამდვილად გვინდა და თუ ჩინეთში არ დარჩება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს გუნდში ჩაირიცხოს. ნიკას დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან დაგვეხმარება.

ვფიქრობ, ცქიტიშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში "ვითას" თამაშის სურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება. ვითიბი ლიგაზე ასპარეზობა მისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. დანარჩენს უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

- "ვითას" სუპერლიგაში ჩართვაზე ზაფხულში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა...
- აქ ყველაფერი მარტივად იყო: გვითხრეს, დებულების მიხედვით, უმაღლეს ლიგაში რომ გვეთამაშა, გასულ სეზონში "ა" ლიგაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა და ისე მოგვეპოვებინა უფლება. ჩვენც დავემორჩილეთ. იმედი მაქვს, დებულება არც აქამდე დარღვეულა და არც შემდეგში დაირღვევა. მას ყველა დაემორჩილება.

თუ ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონისთვის და ევროლიგის მერე ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მოასპარეზე "ვითასთვის" არ დაუშვეს გამონაკლისი, ასევე უნდა იყოს ყველასთვის. ჩვენ საკუთარ გზას ვიპოვით, წლეულს "ა" ლიგაში ვითამაშებთ და თუ სუპერლიგის საგზურს მოვიპოვებთ, 2016 წლიდან უმაღლეს ლიგაში გამოვალთ.

- "ა" ლიგაში ჩართვა უკვე იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "ვითა" ერთწლიანი გუნდი არ იქნება...
- კალათბურთში შემთხვევით არასოდეს ვყოფილვართ და ამჯერადაც ძალიან მყარად დავბრუნდით. ნურავინ იფიქრებს, რომ ორ ან სამ კვირაში დავიშლებით.

სხვათა შორის, არავის ეგონა, რომ ვითიბი ლიგაზე დაგვიშვებდნენ, ბევრი დაგვცინოდა კიდეც, მაგრამ თავადაც ვხედავთ, ვთამაშობთ. იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ ყოველ მატჩს უკეთესად ვატარებთ და იმედი მაქვს, პროგრესი სწრაფი ტემპით გაგრძელდება.

90-იან წლებში ქართველ გულშემატკივრებს დავპირდი, რომ "ვითა" ადრე თუ გვიან საქართველოში ჩამოიტანს რომელიმე ევროპულ თასს. ჩემი სიტყვა ისევ ძალაშია. ამაზე ვმუშაობთ. ცოტა დაგვაგვიანდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.

რაც ჩვენ გადავიტანეთ, ადამიანი ვერ გაუძლებდა. ჩვენ გავუძელით და ისევ დავბრუნდით. დარწმუნებულნი ვართ, ამას გავაკეთებთ კალათბურთის გულშემატკივრებთან ერთად, რომლებისაც ძალიან გვეიმედება. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ძალიან დიდი ხნით მოვედით. "ვითაში" ისევ იგივე სულია, რაც იყო - გამარჯვებისა და მებრძოლი სული.

- 18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატში "ვითა" გამოდის...
- "ვითა" ერთწლიანი პროექტი არ არის და არც მხოლოდ ერთი გუნდით შემოვიფარგლებით. უკვე შევქმენით 18-წლამდელთა და 20-წლამდელთა გუნდები. ჭაბუკები თბილისის ჩემპიონატში უკვე ჩაერთნენ და პირველი მატჩიც დამაჯერებლად მოიგეს. ამ ორ ასაკში საქართველოს ჩემპიონატშიც ვითამაშებთ. ჩაფიქრებული გვქონდა ახალგაზრდა ქართველების სუპერლიგაში გამოცდა, რაც ვერ მოხერხდა. ისინი "ა" ლიგაშიც დაიტვირთებიან და მეტი სათამაშო დრო ექნებათ.

თუ დააკვირდებით, "ვითას" მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგეც ცდილობს, შესაძლებლობების ფარგლებში ვითიბი ლიგაზე თავის გამოჩენის შანსი მისცეს ჩვენს ახალგაზრდებს.

- 90-იან წლებთან შედარებით საქართველოში წარმოების მხრივ სიტუაცია უკეთესია. თუ მუშაობთ სპონსორების მოზიდვის მიმართულებით?
- ცხოვრება სირთულეებითაა აღსავსე, არც მაშინ იყო ძლიერი გუნდის შექმნა იოლი და არც - ახლა. მადლობა ღმერთს, საქართველო ისეთი ქვეყანაა, თავისუფალი ბიზნესის წარმოება შეიძლება. ისევ ჩვენ დავიწყებთ ბიზნესს, რომ გუნდს დავეხმაროთ. უბრალოდ, ახლა გუნდის შექმნით ვართ დაკავებულნი და ამიტომ ბიზნესისთვის ჯერ არ გვცალია.

არ გვქონდა ილუზია, რომ ვინმე მოვიდოდა და ფინანსურად მხარში დაგვიდგებოდა, არც ახლა გვაქვს. მიზეზი მარტივია: საქართველოში სპონსორს ფულის ჩადება არ აინტერესებს, შესაბამისად, ამას ვერც ვერავის აიძულებ. როგორც ადრე ხდებოდა, "ვითა" საკუთარ თავს თავად მიხედავს. არავისთან არაფრის სათხოვნელად არ მივდივართ.

ერთს ვიტყვი: ისინი, რომლებიც არ გვეხმარებიან, პირიქით გვაქილიკებენ. წავიდნენ და უკეთესი გააკეთონ, უკეთეს ლიგაში ითამაშონ და ცსკა-ს მოუგონ. ჩვენც ძალიან გაგვიხარდება. ჩვენი პროექტი ხომ ჩემთვის და გუნდის ხელმძღვანელობის სხვა წევრებისთვის არ კეთდება, საერთაშორისო ლიგაში გამოსვლა ქართული კალათბურთის წინსვლისთვისაა აუცილებელი.

- მწვრთნელზეც გკითხავთ. რატომ გადაწყვიტეთ "ვითას" მთავარ მწვრთნელად პაველ გოოგეს დანიშვნა და რამდენად კმაყოფილნი ბრძანდებით?
- პაველ გოოგესთან იმ დროიდან ვმეგობრობ, "ბასკოს" მთავარ მწვრთნელად რომ მუშაობდა. შემდეგ იგი მოსკოვის ცსკა-ში წავიდა. დუშან ივკოვიჩთან კი შემთხვევითი ხალხი არ მიჰყავთ. ფაქტობრივად, გოოგეს შექმნილია პერმის "ურალ გრეიტი"... დიდი გამოცდილების კაცია და დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს გუნდსაც წინ წაიყვანს.

რამდენიმე წელი პერმში უკალათბურთოდ გაატარა, რაც მისი ადამიანური გადაწყვეტილება იყო - სურდა ოჯახისთვის დაეთმო დიდი დრო. დროებით იყო კალათბურთს ჩამოშორებული, თორემ სპორტის ამ სახეობიდან სხვაგან არ წასულა. როგორც კი გაიგო "ვითას" აღდგენის შესახებ, საკუთარი თავი მთავარ მწვრთნელად დაინახა. ცხადია, არც ჩვენ წარმოგვედგინა უკეთესი კანდიდატი. ორივე მხარის ხედვა დაემთხვა, გვსურდა გამოცდილი და წესიერი მწვრთნელი, პაველს დაველაპარაკეთ და კონტრაქტიც გავაფორმეთ.

სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და ნამდვილად არ გვაქვს უკმაყოფილების საფუძველი. გოოგე შესანიშნავად წარმართავს საქმეს.

- "ვითას" გამოსვლას უცხოელები როგორ აფასებენ?
- სეზონის დაწყებამდე არაერთ მეგობარს შევხვდი ვითიბი ლიგის წარმომადგენლებისგან: ესტონელებს, ჩეხებს... ისინი გვეუბნებოდნენ, რომ პირველი წელი ძალიან რთული იქნებოდა. ეს არ იყო მოულოდნელობა, შეჩვეულები ვიყავით. თუმცა უკან დახევას არ ვაპირებდით, რადგან კარგად გვესმის, რომ ჩვენი გუნდის ასეთი დონის ლიგაში ჩართვამ ქართულ კალათბურთს დიდი ბიძგი უნდა მისცეს.

გულშემატკივართა რაოდენობა მატჩიდან მატჩამდე მატულობს. მოდიან ბავშვები, ნახულობენ არა სამოყვარულო, არამედ ევროლიგის დონის კალათბურთს. სპორტის სასახლეში ითამაშა ნანდო დე კოლომ, კაილ ჰაინსმა, აარონ ჯექსონმა... ისინი ევროპის მასშტაბის ვარსკვლავები არიან. სწორედ მათზე დაკვირვებით უნდა გაიაზროს მოზარდმა, რა არის უმაღლესი დონის კალათბურთი. ცხადია, ჩვენთან სხვაობა არის, მაგრამ მალე სიძლიერით ჩვენც მათ გვერდით ვიქნებით. ეს შორეული პერსპექტივა არ არის.

- როცა იქმნება ძლიერი გუნდი, ლოგიკურად ჩნდება მისი სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში ჩართვის აუცილებლობა. თქვენ წლეულს მხოლოდ ვითიბი ლიგაზე ასპარეზობთ. მომავალ სეზონში თუ აპირებთ ევროჩელენჯზე გამოსვლას?
- იმ დონის გუნდი გვეყოლება, რომ გაისად ევროთასზე ვიასპარეზებთ, თანაც ღირსეულად. თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, გათვლილი გვაქვს ისეთი გუნდის შექმნა, ევროლიგაზე რომ იასპარეზებს. თუმცა ისიც გვესმის, რომ ერთ დღეში ევროლიგის დონის გუნდი ვერ აშენდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Warmatebebi vitas
irene
10:57 07-06-2016
0
....მეტი Dასაწერი რომ ვერაფერი Nახე კაცი რამხელა სითBოთI და სიყვარულიტ Iმედით და კალატბურტის სიუვარულიტ საუბრობს და Eს ღვარძლიანი რეებს პოსტავს ნახე რა, ეზოს გუნდი ათამაშE შენს ......
Shuri dedaa borotebisa
00:51 03-11-2015
0

სიახლეები პოპულარული