პროგრამაში მონაწილე კალათბურთის მწვრთნელებს შესაბამისი ლიცენზიები დაურიგდათ.
- მწვრთნელთა ლიცენზირების პირველ ეტაპზე სემინარები ჩაუტარდათ 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებს, - გვითხრა მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ავალიშვილმა, - თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების პარალელურად მწვრთნელებს შესაბამისმა სპეციალისტებმა წაუკითხეს ლექციები მოზარდი კალათბურთელების სწორი კვებისა და სამედიცინო კუთხით. ბოლოს დაურიგდათ ფიბას მიერ გამოცემული სპეციალური სახელმძღვანელოს ქართული ვერსია.
პირველ ეტაპზე გამოცდები სამ ქალაქში ჩატარდა - თბილისში, ბათუმსა და
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ლიცენზიების მისაღებად თავი აღმოსავლეთ საქართველოს იმ მწვრთნელებმა მოიყარეს, რომლებმაც გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა წარმატებით ჩააბარეს. აღმოსავლეთში მათი რაოდენობა 118-ია და ისინი შემდეგ ქალაქებს წარმოადგენენ: ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყალო, თეთრიწყარო, ახალციხე, გორი, ხაშური, მარნეული, რუსთავი და თბილისი.
მწვრთნელებმა გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სემინარები. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროცესს წარუძღვნენ კალათბურთის ცნობილი ქართველი სპეციალისტები: ანტონ კაზანჯიანი, ზურა ტომარაძე, გელა წულაძე, დავით უსტიაშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი. ლიცენზიების მიღების მსურველებმა ასევე მოისმინეს სემინარები სპორტულ მედიცინასა და ფიზ-მომზადებაში.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპის შედეგად ლიცენზია მთლიანობაში საქართველოს ცხრა რეგიონის 161-მა მწვრთნელმა მიიღო. დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლებს ლიცენზიები ქუთაისსა და ბათუმში გადაეცემათ.
ლიცენზიებთან ერთად მწვრთნელებს დაურიგდათ მიმდინარე წლის აპრილის თვეში თბილისში გამართული ესპანური გუნდის, "ბასკონიას" სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამწვრთნელო სემინარების ვიდეო-ვერსია.
- ლიცენზირების მეორე ეტაპი იანვარში დაიწყება. რადგან მწვრთნელები გუნდებში თამაშებით არიან დაკავებულნი, ოპტიმალურ ვარიანტად სწორედ იანვარი შევარჩიეთ. ამჯერად ლიცენზირებას გაივლიან ის სპეციალისტები, რომლებიც 15-18 წლის ასაკის მოზარდებთან მუშაობენ. საქმეში ჩაერთვებიან სერბი და ხორვატი სპეციალისტებიც. ისიც არ იქნება ახალი, თუ ვიტყვი, რომ უფროს ასაკში გამოცდები შედარებით გართულდება, - დასძინა ნოდარ ავალიშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"