ამის წაკითხვის შემდეგ გაჩნდებოდა ლოგიკური შეკითხვა: ვერის ბაღის დარბაზს ლიკვიდაცია ემუქრება?
სოცქსელიდან თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებსაიტზე გადავინაცვლეთ, სადაც გაცილებით ვრცლად და შედარებით გასაგებად იყო მიღებული დადგენილებები ახსნილი:
"...საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა
მათ შორის, თანხმობა მიეცა თბილისის მერიის მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის და მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის ლიკვიდაციას. ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ა(ა)იპ კალათბურთის განვთარების სპორტული ცენტრის შექმნის თაობაზეც.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია აკაკი წერეთლის გამზირზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში სახელმწიფო ორგანოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების მიზნით გადაცემა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული უძრავი ქონება შპს "ზაზა ფაჩულიას აკადემიას" სარგებლობის უფლებით, უზურფრუქტის ფორმით გადაეცა.
ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლესთან გაფორმებული უსასყიდლო უზურფრუქტის შეწყვეტა და ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა, რამაც საკრებულოს ზემოთ აღნიშნული განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების აუცილებლობა გამოიწვია".
გასაგებია, რომ ლიკვიდაცია დარბაზის განადგურებას არ გულისხმობს. როგორც აღმოჩნდა, საქმე შავად არაა - ვერის ბაღის დარბაზი სპორტის სამინისტროს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმეწლიანი უქმობის შემდეგ ახლად გარემონტებულ მიხეილ კეკელიძის სახელობის ვერის ბაღის დარბაზში თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მატჩები გაიმართა.
რამდენად დაიტვირთება ეს არენა და კონკრეტულად რა ღონისძიებები დაიგეგმება, ამ დღეებში მოგახსენებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"