ზურაბ სამხარაძე წვრთნიდა, დღეს კი საქართველოს ნაკრების დამრტყმელ ძალას წარმოადგენს.
ბატონი ზურა, გარდა იმისა, რომ ბავშვებთან მუშაობით გამოირჩევა, კარგი ანალიტიკოსიცაა და ყოველთვის საინტერესოა მისი მოსაზრებების მოსმენა როგორც ბავშვთა კალათბურთზე, ასევე ეროვნულ ნაკრებსა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე.
რა მდგომარეობაა ბავშვთა კალათბურთში? რამდენად სწორად მიმდინარეობს მუშაობა და იკარგება თუ არა ტალანტი? გვაქვს
საიმისო რესურსი, რომ ფაჩულია-მარკოიშვილის თაობა კარიერას რომ დაასრულებს, ღირსეულად შეცვალონ ახალგაზრდებმა?
პასუხებს ამ პუბლიკაციის ბოლომდე ჩაკითხვის შემდეგ
რესურსი
მართალია, რესურსით რუსეთსა თუ ესპანეთს ვერ გავუტოლდებით, რადგან ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ქვეყნებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ნაკრებისთვის 12 გამორჩეული ნიჭის მოთამაშის პოვნა არ შეიძლება. საქართველოში საკალათბურთო რესურსი ყოველთვის უხვად იყო და დღესაც ასეა. საკითხავი ის არის, როგორ გამოვიყენებთ მას. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებს უნდა მიექცეს. როგორ შეიძლება, გურულებმა კალათბურთი არ ითამაშონ? სამეგრელოში, ქვემო ქართლში და კიდევ სხვა რეგიონებში უამრავი ნიჭიერი მოზარდის პოვნა შეიძლება, მაგრამ ისინი ჯერ კალათბურთით უნდა დააინტერესო, შემდეგ სწორი მიმართულებით აღზარდო.
სელექცია
როგორ ავარჩიოთ ბავშვები? არის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ, თუმცა არ შეიძლება ამა თუ იმ მოზარდზე ერთი შეხედვით მსჯელობა. გამოცდილი მწვრთნელისთვისაც კი რთულია წინასწარ განსაზღვრა, რამდენს მიაღწევს ესა თუ ის ბავშვი. შეიძლება წლობით იმუშაო, გჯეროდეს, რომ მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ყველა თვისება აქვს, მაგრამ ბოლოს აღმოაჩნდეს ერთი თვისება, რამაც ყველაფერი წყალში ჩაგიყაროს.
მაგალითად, არამდგრადი ხასიათი...
ხასიათი
ფიქრობთ, რომ გამოცდილმა მწვრთნელმა თავიდანვე უნდა განჭვრიტოს ხასიათის არამდგრადობა? ეს იოლი სულაც არ არის, რადგან 10-12 წლის ბავშვში ასეთ თვისებას რომ შეამჩნევთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასაკის მატებასთან ერთად არ დაბრძენდება. თუმცა, არის საპირისპირო მაგალითებიც.პატარებში დიდი პროლემაა შებოჭილობა. ყოველგვარი კომპლექსის მოხსნასა და ბავშვის გახსნაზე მწვრთნელმა თავიდანვე უნდა იმუშაოს. თუმცა ხასიათი იშვიათად იცვლება. თუ პატარაობაში არ ათამაშდა თავისუფლად, რთულია მოთამაშის ზრდასრულ ასაკში გახსნა.
აზროვნება
აზროვნებასა და ინტელექტზე ლაპარაკი განცალკევებულად არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ ეს იგივე ნიჭიერებაა. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები თავიდანვე თვალში გეცემათ. ვიქტორ სანიკიძის ასაკში მყავდა ერთი ფიზიკურად ღონიერი ბავშვი, რომელსაც უჭირდა დამახსოვრება, თამაშისას რამდენ ჯარიმას იღებდა. ვიქტორი კი პატარაობაში არა მხოლოდ საკუთარ ფოლებს იმახსოვრებდა, მეტოქეების ჯარიმებსაც ითვლიდა და თანაგუნდელებს უძახდა - ვინც მე მიჭერს, ამდენი ჯარიმა აქვს, ბურთი მომეცით, შევუტევ და გავაგდებო...
სისწრაფე
აზროვნების სისწრაფესთან ერთად კალათბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ სისწრაფეს. ეს თანდაყოლილი თვისებაა, ბევრი მუშაობით გაუმჯობესება შეიძლება, მაგრამ გაორმაგება - არა.რბენისას მნიშვნელოვანია რიტმის გრძნობა. თუ ეს გრძნობა ბავშვს საკმარისად აქვს, სისწრაფეც ექნება.
სიმაღლე
კალათბურთში რა როლს თამაშობს სიმაღლე, ყველას კარგად მოეხსენება. ვარაუდის დონეზე შეიძლება განისაზღვროს, რა სიმაღლისა გაიზრდება ესა თუ ის ბავშვი. ამისთვის უნდა იცნობდე მის გენეტიკას, მშობლებს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ფიქრობ, ბავშვი მაღალი გაიზრდება, საამისო გენები აქვს... თუმცა ასე არ მომხდარა. საპირისპირო შემთხვევებიც ხშირია. მაგალითად, სერგო ათუაშვილი პატარაობაში გამორჩეულად მაღალი არ იყო, თუმცა შემდეგ სწრაფად აიყარა ტანი და ახლა 224 სმ სიმაღლისაა.
ისე არავინ გაიგოს, თითქოს, კალათბურთს მხოლოდ ორ მეტრს გადაცილებულები თამაშობენ. გამთამაშებლისთვის სულაც არ მიმაჩნია აუცილებლად 196 სმ სიმაღლისა იყოს. რაც უფრო მაღალია კალათბურთელი, მით უფრო კარგავს სისწრაფეს. უკანახაზელი სხარტი და სწრაფი უნდა იყოს.
სპეციალიზაცია
ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა ადრეული სპეციალიზაცია. ესეც სიმაღლესთანაა დაკავშირებული. მწვრთნელები პატარა გუნდებშიც დიდი გუნდების მოდელს ნერგავენ: შედარებით მაღალ ბავშვს ცენტრის პოზიციაზე აყენებენ, სწრაფებს ბურთს ათამაშებინებენ. საშუალოებს ფლანგებზე ამწესებენ...ასე ხომ ბავშვი იშტამპება. შტამპი კი სპორტში კი არა, ცხოვრების ყველა სფეროში პროგრესის მტერია. ამერიკაშიც არ არიან კალათბურთელები დაყოფილი პოზიციების მიხედვით, თითოს რამდენიმე ამპლუაში შეუძლია თამაში და როგორ შეიძლება, ბავშვებს ვუთხრათ - შენ ცენტრი ხარ, შენ მძიმე ფორვარდიო.
შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა - თუ პატარა მძიმეა, ტანმაღალი, სწრაფად ვერ დარბის, ბურთს ვერ ატარებს, სხვა სად უნდა დადგეს, თუ არა ცენტრად? საქმეც ისაა, რომ არ უნდა დადგეს. გვაქვს გარანტია, რომ ის 205 სმ-ზე მაღალი გაიზრდება? ასე რომ არ მოხდეს, ის ბავშვი, ვისაც ცენტრობა უწევს, ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევს, თუ ძალიან მაღალი არ გაიზარდა, კალათბურთისთვის გამოუსადეგარი იქნება.
ან, 210 სმ სიმაღლისაც რომ გახდეს, ბურთის ტარება რომ ეცოდინება, უფრო მეტი ფასი არ ექნება?
ზაზა ფაჩულიას პატარაობაში ბურთს ხშირად ვათამაშებინებდი, დღეს იგი იმიტომ ფასობს, რომ მოედანზე ყველაფერი შეუძლია, პასი, ბურთის ტარება, პირველი შეტევის წამოწყება...
კომბინაცია
დააკვირდით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას, დააკვირდით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას - გუნდები რამდენსვლიან კომბინაციებს ახორციელებენ და ასრულებენ კი კომბინაციებს? ძალიან იშვიათად.ჩვენ კი ბავშვებს ვტვირთავთ კომბინაციებით. როცა მათ ბურთის ტარება არ იციან, სროლა არ იციან, როგორ შეიძლება, კომბინაციებზე ველაპარაკოთ?! ბავშვი ასეთ შემთხვევაში ჭადრაკის ფიგურას ემსგავსება, რომელსაც მწვრთნელი საითაც უნდა იქით გადადგამს.
ბავშვმა უნდა იაზროვნოს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
გეგმაზომიერად
ტრაგედიაა ცალხელა მოთამაშე. როდესაც კალათბურთელს მხოლოდ ერთი ხელი აქვს განვითარებული, ეს არასაკმარისი ყურადღების ბრალია. მწვრთნელმა არ უნდა დაუშვას, რომ მისი აღზრდილი მარცხენათი, ან თუ ცაციაა, მარჯვენათი ვერ თამაშობდეს.ეს კი ინდივიდუალური მუშაობით მიიღწევა. ინდივიდუალური და გეგმაზომიერი მუშაობით. ერთ მწვრთნელს ვარჯიშზე ვეწვიე და ვკითხე, ახლა რაზე მუშაობ-მეთქი? ვვარჯიშობო, მიპასუხა. არადა, ერთ ბავშვს ერთი კომპონენტი აქვს გამოსასწორებელი, მეორეს - მეორე და ა.შ. ყველა ვარჯიში მიზანმიმართული უნდა იყოს.
თუ შეჯიბრება ახლოვდება, სხვა ტიპის ვარჯიშია საჭირო, თუ შუა სეზონია - სხვა ტიპისა, თუმცა ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე გეგმაზომიერად ვარჯიში მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს.
დაცვა
ქართველებს დაცვაში თამაში არ გვიყვარს, იქ ხომ არ ჩანს, რამდენ ქულას ჩააგდებ! არადა, დაცვა წარმატების მთავარი საწინდარია. პრობლემას რომ ჩავუღრმავდეთ, დაცვის სისტემასთან მივალთ. ბავშვთა გუნდები ზონურ დაცვას თამაშობენ, რაც ხელს უშლის პატარის სწორად განვითარებას. ვერც თავად სწავლობს დაცვაში თამაშს და მეტოქესაც ხელს უშლის შეტევითი ინდივიდუალური თვისებების დახვეწაში.
15 წლამდე ბავშვებში აკრძალულია ზონაში თამაში. მე თუ მკითხავთ, სკოლის ასაკის მოზარდებში უნდა აიკრძალოს. მწვრთნელები ზონას მხოლოდ კონკრეტული თამაშის მოგებისთვის იყენებენ, მომავალზე ვინც ფიქრობს, ასე არ მოიქცევა.
ინფრასტრუქტურა
იყო პერიოდი, როცა დიდუბის მანეჟში პირობების არქონის გამო საწვრთნელი პროცესი არასათანადოდ მიმდინარეობდა. არადა, ამხელა კომპლექსის მოცდენა დიდი დანაკლისი იყო ქართული კალათბურთისთვის. იმხანად არც სხვა დარბაზებში იყო დალაგებული სიტუაცია და შედეგიც სახეზეა: ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 4 კალათბურთელი მიიღო. იმათ ვგულისხმობ, რომლებიც ძირითად ბირთვში ჩაეწერნენ.სადღეისოდ დარბაზების პრობლემა ნაკლებადაა, თუმცაღა კალათბურთით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს. ახლა საჭიროა სათანადო კვალიფიკაცია.
კვალიფიკაცია
რადენიმე წლით ფიზკულტურის ინსტიტუტის ფუნქციონირების შეჩერებამ დიდი დაღი დაასვა მწვრთნელების მომზადების საქმეს. მოთამაშეები კალათბურთს თავს ანებებენ და უმალ მწვრთნელებად იქცევიან. არადა, ეს ის სპეციალობაა, საფუძვლიანი შესწავლა რომ სჭირდება. საბედნიეროდ, ეს ინსტიტუტიც ამოქმედდა და მწვრთნელთა ლიცენზირების პროცესიც დაიწყო.საქართველოში უცხოელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ. ეს ერთი მხრივ ცუდი არ არის, მაგრამ ნამდვილად არ უნდა გვიყურონ ისე, თითქოს, ჯუნგლებში მოხვდნენ და ჩვენ არაფერი ვიცით. უცხოელები სხვადასხვა ასაკის ნაკრებების კალათბურთელებთან მუშაობენ. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, თუ მწვრთნელების მომზადებაზე იმუშავებდნენ.
მასობრიობა
ბოლოს მაინც მასობრიობასთან მივდივართ. ზემოთ უკვე დავწერე, რომ რაოდენობით ესპანეთს ვერ გავუტოლდებით. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაშიც დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია გადასახადი. თუ ოდესმე მოხერხდება ბავშვების კალათბურთში უფასოდ ვარჯიში, გაცილებით მაღალი შედეგები გვექნება. სულ თუ არ გაუქმდება, შემცირებაც დიდი შვება იქნება.
გადასახადი ბევრ მოზარდზე მოქმედებს უარყოფითად. ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი სწავლის საფასურის დროულად გადახდას ვერ ახერხებს, ბავშვი ვარჯიშებზე ვეღარ მოდის, ერიდება. მწვრთნელმა, რამდენიც უნდა მოინდომოს, ეს ყველაფერი მოზარდის ფსიქიკაზე მაინც უარყოფითად მოქმედებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"